დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 08.06.2026
საქმის ნომერი
ბს-865(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-865 (კ-25) 8 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი.ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - ირ.ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ბ-იმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... პირობითი საკადასტრო კოდით მონიშნულ 1813 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე ი.ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განჩინებით სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება ირ.ბ-ი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი.ბ-ის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით ი.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი.ბ-ის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ი.ბ-ი 1989 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა დ.ნ-თან და ცხოვრობდნენ სოფელ ...ში, მამამთილის - ი.ნ-ის კომლში (ი.ნ-თან (გარდაიცვალა 2004 წელს), დედამთილთან - ა.ნ-თან (გარდაიცვალა 1999 წელს) და მეუღლესთან - დ.ნ-თან (გარდაიცვალა 2007 წელს) ერთად). 1993 წლის 28 სექტემბერს ი.ნ-ის კომლი გაიყო, რის შედეგადაც პირველი ოჯახის უფროსად დარჩა ი.ნ-ი, მეუღლე ა.ხ-თან, შვილთან - დ.ნ-სა და რძალ - ი.ბ-თან ერთად, რომელსაც ერგო საცხოვრებელი სახლი მთლიანად, ხოლო მეორე ოჯახის უფროსად გავიდა ვ.ნ-ი, რომელსაც ერგო საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი დროებით სარგებლობაში. სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ.ნ-ი. გვერდზე ფანქრით წერია - ი. ცოლი (სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის). 1996 წლის 2 მარტის გაყრილობის განაჩენით ი.ნ-ის კომლი გაიყო ორ წილად, რის შედეგადაც პირველი ოჯახის უფროსად დარჩა ი.ნ-ი თავის ცოლთან, მეორე ოჯახის უფროსად გავიდა დ.ნ-ი თავისი მეუღლით (ი.ბ-ი), რომელსაც ერგო საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი დროებით სარგებლობაში. გორის არქივის 2022 წლის 5 იანვრის №27/655 და 2024 წლის 1 აპრილის №27/13285 წერილებით დადგენილია, რომ საკომლო წიგნის ფურცელზე მითითებულია: ბ-ი.ი დაეწერა საცხოვრებელი ბინა 147,30 საერთო ფართით: 73,11 საცხოვრებელი და 74,20 კვ.მ დამხმარე სათავსო. 7.11.2005წ. აღნიშნულ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, ასევე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით, საკომლო წიგნიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები და საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია იძლეოდა ი.ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილება №27/655 და №27/13285 საარქივო ცნობები (რომლებშიც მითითებულია, საკომლო წიგნის ფურცელზე ბ-ი.ი შესახებ, რომელსაც დაეწერა საცხოვრებელი ბინა 147,30 საერთო ფართით 73,11 საცხოვრებელი და 74,20 კვ.მ დამხმარე სათავსო. 7.11.2005წ, მაშინ როდესაც ი.ნ-ი გარდაიცვალა 2004 წელს) და სხვა სამართლებრივი აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს 1993 წლის გაყრილობის განაჩენი. ამ უკანასკნელ დოკუმენტში ასევე მითითებულია საკომლო წიგნის ფურცელზე ბ-ი.ი შესახებ, რომელსაც დაეწერა საცხოვრებელი ბინა 147,30 საერთო ფართით: 73,11 საცხოვრებელი და 74,20 კვ.მ დამხმარე სათავსო 7.11.2005წ., მაშინ როდესაც ი.ნ-ი გარდაიცვალა 2004 წელს. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ი.ბ-ზე ჩანაწერი არსებობს 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც დასტურდება ჯერ ი.ნ-ის კომლში რეგისტრაციით 1993 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით (რაც გაყრილობის განაჩენითაც ჩანს), შემდეგ დ.ნ-ის კომლში რეგისტრაციით 1996 წლის 2 მარტის მდგომარეობით და ასევე საარქივო ცნობებით №27/655 და №27/13285.

სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნებოდა კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. აღნიშნული ჩანაწერი მოქმედებდა 2019 წლის 1 აგვისტომდე. ვინაიდან ი.ბ-ის კომლის წევრები 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით უკვე გარდაცვლილები იყვნენ და მათი ქონება საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული, კომლის ბოლო წევრს წარმოადგენს ი.ბ-ი. შესაბამისად, კომლის ქონების ნაწილი, რაც დ.ნ-ის კომლს ეკუთვნოდა (გაყრილობის განაჩენით მთლიანი საცხოვრებელი სახლიდან ერთი ოთახი) და შემდეგ მთლიანი საცხოვრებელი სახლი, 2005 წლის 7 ნოემბრის სანოტარო აქტით უნდა დარეგისტრირდეს ი.ბ-იზე.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 167-ე მუხლების დებულებები, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაზე, კერძოდ, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. კონკრეტულ შემთხვევაში, საადგილმამულო წიგნში არსებული ჩანაწერი (საარქივო ცნობები №27/655 და №27/13285) ი.ბ-ის შესახებ, იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ი.ნ-ის კომლთან დაკავშირებით, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2024 წლის 1 აპრილის №27/13235 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1983-1985 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა.ნ-ი (მეუღლე) და დ.ნ-ი (შვილი). კომლს 1983 წელს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 140 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 1984 წელს - 1959-1982 წლებში აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 1985 წელს - 1959-1982 წლებში აგებული 10 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1983-1985 წლებში - 0,22 ჰა მიწის ფართობი (ტ.1, ს.ფ. 86-87); ბ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13235 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა.ნ-ი (მეუღლე), დ.ნ-ი (შვილი) და ვ.ნ-ი (გადახაზულია, გაყრილობის განაჩენით გადატანილია ცალკე კომლად 1991 წლიდან). კომლს 1986-1990 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლებში - 0,22 ჰა მიწის ფართობი (ტ.1, ს.ფ. 86-87); გ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13235 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში (პირადი ანგარიშის № ...) კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი (გადახაზულია, გარდაიცვალა 2004 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა.ნ-ი (მეუღლე, გადახაზულია, გარდაიცვალა 1999 წელს), დ.ნ-ი (შვილი, გადახაზულია, გადატანილია ცალკე კომლად 1996 წელს, განკარგულება №13). კომლს 1996-1999 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. მიწის ფართობი არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ. 86-87); დ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13235 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 2001-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ი.ნ-ი. გადახაზულია, გარდაიცვალა (წელი არ ფიქსირდება). კომლს 2001-2004 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. მიწის ფართობი არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ. 86-87); ე) 2024 წლის 1 აპრილის №27/13235 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 2001 წლის მიწის განაწილების სიებში ი.ნ-იზე, გრაფაში ,,მიწის პასპორტით ფლობს’’ წერია: 0,36 ჰა მიწის ფართობი. გრაფაში ,,გაწერის წიგნით ფლობს’’ წერია: 0,77 ჰა - პირველი კატეგორია. სოფელ ...ის 1998-2002 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა პირადი ანგარიშის ბარათების საარქივო დოკუმენტებში ი.ნ-ის სახელზე ირიცხება 0,77 ჰა მიწის ფართობი. (ს.ფ. 86-87); ვ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13235 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს 1991-1998 წლების გაყრილობის განაჩენების საარქივო დოკუმენტით დასტურდება, რომ 1993 წლის 28 სექტემბერს სოფელ ...ში შედგა გაყრილობის განაჩენი ი.ნ-სა და ვ.ნ-ის შორის. ...ის თემის საკრებულოს 1991-1998 წლების გაყრილობის განაჩენების საარქივო დოკუმენტით დასტურდება, რომ 1996 წლის 2 მარტს სოფელ ... ში შედგა გაყრილობის განაჩენი ი.ნ-სა და დ.ნ-ის შორის (ტ.1, ს.ფ. 86-87);

2. დ.ნ-ის კომლთან დაკავშირებით, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2024 წლის 1 აპრილის №27/13285 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1983-1985 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა.ნ-ი (მეუღლე) და დ.ნ-ი (შვილი). კომლს 1983 წელს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 140 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 1984 წელს - 1959-1982 წლებში აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 1985 წელს - 1959-1982 წლებში აგებული 10 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1983-1985 წლებში - 0,22 ჰა მიწის ფართობი (ტ.1, ს.ფ. 66-67); ბ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13285 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა.ნ-ი (მეუღლე), დ.ნ-ი (შვილი) და ვ.ნ-ი (გადახაზულია, გაყრილობის განაჩენით გადატანილია ცალკე კომლად 1991 წლიდან). კომლს 1986-1990 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლებში - 0,22 ჰა მიწის ფართობი (ტ.1, ს.ფ. 86-87); გ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13285 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში (პირადი ანგარიშის №...) კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი (გადახაზულია, გარდაიცვალა 2004 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა.ნ-ი (მეუღლე, გადახაზულია, გარდაიცვალა 1999 წელს), დ.ნ-ი (შვილი, გადახაზულია, გადატანილია ცალკე კომლად 1996 წელს, განკარგულება №13). კომლს 1996-1999 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. მიწის ფართობი არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ. 66-67); დ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13285 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ.ნ-ი. გვერდზე ფანქრით წერია - ი. ცოლი (სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის). კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება (ტ.1, ს. ფ. 66-67); ე) 2024 წლის 1 აპრილის №27/13285 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 2001-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია დ.ნ-ი. გადახაზულია, გარდაიცვალა 2007 წლის 26 ნოემბერს. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ცოლი - ი.ბ-ი, ოჯახის უფროსი. კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება. საკომლო წიგნის ფურცელზე წერია: ბ-ი.ი დაეწერა საცხოვრებელი ბინა 147,30 საერთო ფართით: 73,11 საცხოვრებელი და 74,20 მ2 დამხმარე სათავსო. 7.11.2005 წ. (ტ.1, ს.ფ. 66-67); ვ) 2024 წლის 1 აპრილის №27/13285 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს 1991-1998 წლების გაყრილობის განაჩენების საარქივო დოკუმენტით დასტურდება, რომ 1993 წლის 28 სექტემბერს სოფელ ...ში შედგა გაყრილობის განაჩენი ი.ნ-სა და ვ.ნ-ის შორის. ...ის თემის საკრებულოს 1991-1998 წლების გაყრილობის განაჩენების საარქივო დოკუმენტით დასტურდება, რომ 1996 წლის 2 მარტს სოფელ ...ში შედგა გაყრილობის განაჩენი ი.ნ-სა და დ.ნ-ის შორის (ტ.1, ს.ფ. 66-67, 68-85); ზ) 2024 წლის 01 აპრილის №27/13285 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 2001 წლის მიწის განაწილების სიებში დათო ნარიკაევზე გრაფაში ,,მიწის პასპორტით ფლობს’’ წერია - 1,17 ჰა მიწის ფართობი, გრაფაში ,,გაწერის წიგნით ფლობს’’ წერია - 0,40 ჰა. გრაფაში ,,ზედმეტობა’’ წერია - 0,77 ჰა მიწის ფართობი. მეორე კატეგორია. სოფელ ...ის 1998-2002 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა პირადი ანგარიშის ბარათების საარქივო დოკუმენტში დ.ნ-ის სახელზე ირიცხება 0,40 ჰა მიწის ფართობი (გადამხდელთა პირადი ანგარიშის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია) (ს.ფ.18);

3. ვ.ნ-ის კომლთან დაკავშირებით, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2024 წლის 2 აპრილის №27/13454 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 1983-1985 წლების საკომლო წიგნებში ვ.ნ-ის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ. 52-53); ბ) 2022 წლის 18 იანვრის №27/3628 საარქივო ცნობის თანახმად, ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა.ნ-ი (მეუღლე), დ.ნ-ი (შვილი) და ნ.ვ-ი, გადახაზულია ცალკე კომლი 1991 წლიდან. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1959 წელს აგებული 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლებში - 0,22 ჰა მიწის ფართობი (ტ.1, ს.ფ. 191-192); გ) 2022 წლის 18 იანვრის №27/3628 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ვ.ნ-ი. კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი’’ წერია - ცხოვრობს №... (ს.ფ. 191-192); დ) 2022 წლის 18 იანვრის №27/3628 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 2001-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ვ.ნ-ი. კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, გრაფაში ,,საცხოვრებელი სახლი’’ 2004 წელს წერია - ცხოვრობს №13 (ს.ფ. 191-192); ე) სოფელ ...ის 2001-2007 წლების საკომლო წიგნებში პირადი ანგარიშის №13 არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ. 52-53); ვ) 2024 წლის 2 აპრილის №27/13454 საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ის 2001 წლის მიწის განაწილების სიებში ვ.ნ-ზე გრაფაში ,,მიწის პასპორტით ფლობს’’ წერია - 0,88 ჰა მიწის ფართობი, გრაფაში ,,გაწერის წიგნით ფლობს’’ წერია - 0,77 ჰა. გრაფაში ,,ზედმეტობა’’ წერია - 0,11 ჰა მიწის ფართობი. პირველი კატეგორია. სოფელ ...ის 1998-2002 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნში ვ. (მამის სახელი არ ფიქსირდება) ნარიკაევის სახელზე ირიცხება 0,57 ჰა მიწის ფართობი, 2002 წელს - 0,77 ჰა მიწის ფართობი (გადამხდელთა პირადი ანგარიშის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია) (ტ.1, ს.ფ. 52-53);

4. 1993 წლის 28 სექტემბრის გაყრილობის განაჩენის მიხედვით, ი.ნ-ის კომლი გაიყო, რის შედეგადაც პირველი ოჯახის უფროსად დარჩა ი.ნ-ი, მეუღლე ა.ხ-თან, შვილთან - დ.ნ-სა და რძალ ი.ბ-თან ერთად, რომელსაც ერგო საცხოვრებელი სახლი მთლიანად, ხოლო მეორე ოჯახის უფროსად გავიდა ვ.ნ-ი, რომელსაც ერგო საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი დროებით სარგებლობაში (ტ. 1, ს.ფ. 82-83); 5. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 835 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით (ე. წ. ყვითელი ფენით), 2003 წლის 10 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია ი.ნ-ის სახელზე, საკადასტრო კოდით №..., უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის საგადასახადო სია №... (ტ.1, ს.ფ. 27-28); 6. ,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №357 დადგენილებით ძალადაკარგულია 2016 წლის 31 ივლისიდან) საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2012 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა ვ.ნ-ის საკუთრების უფლება - №... საკადასტრო კოდით (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე) (ტ.1, ს.ფ. 25, 245-246, 137-138); 7. ვ.ნ-მა 2021 წლის 29 დეკემბერს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სპორადული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე მდებარე გორი, ..., .... სარეგისტრაციო სამსახურის 2022 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საარქივო ცნობის თანახმად, დაინტერესებული პირი გამოეყო ცალკე კომლად ი.ნ-ის კომლს და აღარ ირიცხება მის კომლში. თუმცა გაურკვეველია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს თუ არა განაყარი კომლების თანასაკუთრებას. ამასთან რეგისტრირებული მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთი რეგისტრირებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე, ე.წ. სისტემური რეგისტრაციით, №... საკადასტრო კოდით ი.ნ-ის სახელზე. სარეგისტრაციო სამსახურის 2022 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 186-210); 8. ვ.ნ-ი გარდაიცვალა 2023 წლის 9 ივნისს, რომლის სამკვიდროც მიიღო მისმა დისშვილმა - ირ.ბ-მა (ტ.1, ს.ფ. 164, 175-177); 9. ი.ბ-იმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს 2023 წლის 29 ნოემბერს მიმართა №... სარეგისტრაციო განცხადებით და მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში 1 813 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება №... საკადასტრო კოდით აღრიცხულია ვ.ნ-ის, ხოლო სისტემური რეგისტრაციით (ე. წ. ყვითელი ფენით), №... საკადასტრო კოდით - ი.ნ-ის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 125-136); 10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ი.ბ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან ფიქსირდებოდა ზედდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის № 231 დადგენილების ფარგლებში (ვ.ნ-ის) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან და აღნიშნულ კოდზე მიმდინარეობდა ... სარეგისტრაციო განაცხადით ცვლილების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 137-138); 11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ი.ბ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ბლოკში ყვითელი ფენების მონაცემები არის სწორი. წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს ყვითელ ფენასთან გადაფარვის ანგარიშში უფიქსირდება ი.ნ-ი ს/კ... (100%). შესაბამისად მიწის ნაკვეთზე დგინდება აღნიშნული პირის უფლება. გამომდინარე აქედან, წარმოსადგენია კორექტირებული აზომვითი ნახაზი, ან ი.ნ-ის განცხადება სარეგისტრაციო წარმოებაში ჩართვის თაობაზე, წარმომადგენლობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დასაზუსტებელია მოთხოვნა (მაგ. ხომ არ დადებულა ფორმადაუცველი გარიგება. ამ შემთხვევაში წარმოსადგენი იქნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ბლოკში მდებარე 3 მიწის ნაკვეთის მესაკუთრის დადასტურება, ან, ახლად დადებული გარიგება, გამყიდველის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ყველა კომლის წევრის დადასტურება გარიგების დადების შესახებ.) ასევე, განმცხადებლის მიერ დასაზუსტებელია მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე, ე.წ. სისტემური რეგისტრაციით, ნ.დ-ის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ნივთ(ებ)ის: ... – ...; ... – ...; ... – ... სააღრიცხვო ბარათის კუთვნილებასთან დაკავშირებით, ხოლო დადასტურების შემთხვევაში უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი რომელიმე მათგანს (ს.ფ. 142-143); 12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილებით ი.ბ-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია (ს.ფ. 144-145); 13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2024 წლის 16 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ უძრავ ნივთზე დგინდება ი.ნ-ის უფლება, რაც დასტურდება მიწის (უძრავი ქონების) სისტემური სააღრიცხვო ბარათით (თარიღი: 10.10.2003 წ.). ი.ნ-ის ოჯახის ორ კომლად გაყოფის შემდგომ (28.09.1993 წ.), საკომლო წიგნის ჩანაწერებში ფიქსირდება ი.ნ-ის კომლის წევრის დ.ნ-ის ცალკე კომლად გამოყოფის ჩანაწერი, ხოლო 2001-2005 წლებში კომლის ერთადერთ წევრად დაფიქსირდა ი.ნ-ი (გარდაცვალების თარიღი: 09.01.2004 წ.). ამდენად, დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარ(მო)დგენილი ი.ნ-ის დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ № ... (16.01.2024წ.) გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (ტ.1, ს.ფ. 219-221); 14. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 4 დეკემბრის №... განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის № 231 დადგენილების ფარგლებში (ვ.ნ-ის) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. იმავე ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე 2023 წლის 7 დეკემბერს განცხადება წარადგინა ვ.ნ-ის მემკვიდრემ - ირ.ბ-მა (ტ. 1, ს.ფ. 159-164); 15. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება №... განცხადებაზე, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია (ტ. 1, ს.ფ. 184-185).

საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (პირველი მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-7 - მე-8 პუნქტების თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი.ბ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით (ე. წ. ყვითელი ფენით), 2003 წლის 10 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია ი.ნ-ის სახელზე, საკადასტრო კოდით №.... ასევე დადგენილია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით ი.ნ-ის კომლში: 1983-1985 წლებში ირიცხებიან ა.ნ-ი (მეუღლე) და დ.ნ-ი (შვილი); 1986-1995 წლებში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა.ნ-ი (მეუღლე), დ.ნ-ი (შვილი) და ვ.ნ-ი (გადახაზულია, გაყრილობის განაჩენით გადატანილია ცალკე კომლად 1991 წლიდან); 1996-2000 წლების საკომლო წიგნში (პირადი ანგარიშის №...) კომლის უფროსად ჩაწერილია ი.ნ-ი (გადახაზულია, გარდაიცვალა 2004 წელს), ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა.ნ-ი (მეუღლე, გადახაზულია, გარდაიცვალა 1999 წელს) და დ.ნ-ი (შვილი, გადახაზულია, გადატანილია ცალკე კომლად 1996 წელს, განკარგულება №13); 2001-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ი.ნ-ი. გადახაზულია, გარდაიცვალა (წელი არ ფიქსირდება).

ასევე დადგენილია, რომ ...ის თემის საკრებულოს 1991-1998 წლების გაყრილობის განაჩენების საარქივო დოკუმენტის თანახმად, 1996 წლის 2 მარტს სოფელ ...ში შედგა გაყრილობის განაჩენი ი.ნ-სა და დ.ნ-ის შორის. სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია დ.ნ-ი. გვერდზე ფანქრით წერია - ი. ცოლი (სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის); 2001-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია დ.ნ-ი. გადახაზულია, გარდაიცვალა 2007 წლის 26 ნოემბერს. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ცოლი - ი.ბ-ი, ოჯახის უფროსი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას ან ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საკომლო ჩანაწერებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი 2019 წლის 1 აგვისტომდე გარდაიცვალა, კომლის ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს კომლის ბოლო გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ი.ბ-ის საკუთრების უფლება არ დგინდება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ი.ნ-ის კომლში ი.ბ-ის აღრიცხვის ფაქტი. ი.ბ-ის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირებულია მხოლოდ დ.ნ-ის 1996-2000 და 2001-2007 წლების საკომლო ჩანაწერებში, მას შემდეგ, რაც დ.ნ-ი გამოეყო ი.ნ-ის კომლს და ჩამოყალიბდა ცალკე კომლად.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ი.ბ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ბლოკში ყვითელი ფენების მონაცემები არის სწორი. წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს ყვითელ ფენასთან გადაფარვის ანგარიშში უფიქსირდება ი.ნ-ი ს/კ... (100%). შესაბამისად მიწის ნაკვეთზე დგინდება აღნიშნული პირის უფლება. გამომდინარე აქედან, წარმოსადგენია კორექტირებული აზომვითი ნახაზი ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლო წარმოების ფარგლებში არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული დოკუმენტი. რაც შეეხება კასატორის მითითებას 1993 წლის 28 სექტემბრის გაყრილობის განაჩენზე, რომლის თანახმად, ი.ნ-ის ოჯახი გაიყო ორ ოჯახად და პირველი ოჯახის უფროსად დარჩა ი.ნ-ი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ა.ხ-ი, შვილი - დ.ნ-ი და რძალი - ი.ბ-ი, ხოლო მეორე ოჯახის უფროსად გავიდა ვ.ნ-ი - პალატა აღნიშნავს, რომ გაყრილობის განაჩენში მითითებული ინფორმაცია საკომლო წიგნიდან ამონაწერში ასახული არ არის, შესაბამისად, მხოლოდ მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ი.ნ-ის საკომლო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინება საქმეზე ბს-930(კ-21)).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ი.ბ-ის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის დავალდებულების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა