დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.06.2026
საქმის ნომერი
ბს-958(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-958(კ-25) 15 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...-მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...-ის“ 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების (კონტროლი, რევიზია) 2020 წლის 6 ნოემბრის №ს/კ-1216-84 აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი „შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის №02/609 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „...-ის“ 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების (კონტროლი, რევიზია) 2020 წლის 6 ნოემბრის №ს/კ-1216-84 აქტი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის №02/609 გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში შპს „...-ში“ დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების შედეგად, 2020 წლის 06 ნოემბერს შეადგინა №ს/კ-1216-84 შემოწმების (კონტროლი, რევიზია) აქტი. მოცემულ პერიოდში შემთხვევათა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3491 და სახელმწიფოს მხრიდან მიმწოდებელს ჩაერიცხა 5 013 886,63 ლარი. მიმწოდებელთან შემოწმება დაიწყო 2020 წლის 16 ივლისს დამთავრდა 2020 წლის 17 აგვისტოს, ხოლო მასალების დამუშავება და აქტის გაფორმება - 2020 წლის 06 ნოემბერს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროგრამის განმახორციელებლის მიერ გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) მომსახურების (მ.შ., კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით.

„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (პროგრამის განმახორციელებელი) 2015 წლის 15 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებით (მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის“ მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტაციონარული სამედიცინო მომსახურებაა სამედიცინო მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, ქარხნული წარმოების ენტერალური კვება, სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს დაზღვეულის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას და რომელიც არ წარმოადგენს დღის სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 04 აპრილის №01-71/ო ბრძანებით დამტკიცებულია „პარაენტერალური კვება ინტენსიურ თერაპიაში (რეანიმაცია)“ - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლი) - თანდართული დანართის შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტის (პროტოკოლი) 8.2 პუნქტის თანახმად, პაციენტებმა, ვისთანაც არ არის შესაძლებელი ნორმალური (ორალური) კვებით უზრუნველყოფა უახლოესი სამი დღის განმავლობაში, უნდა მიიღონ ენტერალური კვება (ეკ) კლინიკაში შემოსვლიდან პირველ 24-48 საათში. სასურველი ნუტრიციული მიზნების მისაღწევად საკვების რაოდენობის ზრდა უნდა დავიწყოთ მომდევნო 48-72 საათში (რეკომენდაციის ხარისხი E), ენერგეტიკულ-კვებითი მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილებული უნდა იყოს კვების დაწყებიდან 7-10 დღეში (რეკომენდაციის ხარისხი C). პაციენტებისათვის, ვისთვისაც ენტერალური კვება უკუნაჩვენებია ან თუ ისინი ვერ იტანენ ენტერალურ კვებას, განხილული უნდა იყოს პარენტერალური კვების (პკ) დაწყება, ხოლო 8.5 პუნქტის თანახმად, ყველა პაციენტთან, ვინც ენტერალური კვების დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ, ვერ იღებს საჭირო რაოდენობის კალორიებს, უნდა განვიხილოთ პკ-ის დამატების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამედიცინო მომსახურება, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად ასევე მოიცავს პაციენტის კვებას და მისი ანაზღაურება ხდება სახელმწიფოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით (ცნობა 06.08.2020 წლის) ირკვევა, რომ სტაციონარული სამედიცინო (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) მომსახურების დროს მიმდინარეობს პაციენტების ენტერალური კვება, თუმცა მათი მხრიდან ენტერალური კვების პროდუქტების (მ.შ. ქარხნული წარმოების) შეძენისა და ხარჯვის ფაქტები სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით არ დასტურდება. აღნიშნული დარღვევა გამოიკვეთა 58 შემთხვევაში, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით - 44188,97 ლარი (დანართი №1, 2(ორი) ფურცელი).

კასატორის განმარტებით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანების №9 დანართის მე-2 მუხლის თანახმად, „რადიოლოგია“ არის მედიცინის დარგი, რომელიც აერთიანებს სხივური და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეთოდებს და სწავლობს მის შესაძლებლობებს ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების გამოვლენაში, მათი ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიებზე. მე-3 მუხლის თანახმად, ზოგადი ცოდნა: ა) რადიოლოგიური სამსახურის ორგანიზაციის ზოგადი საკითხები და მათი მოქმედების განმსაზღვრელი დოკუმენტები; ბ) მაიონებელი გამოსხივების, ულტრაბგერის და მაგნიტური ველის საფუძველზე მომუშავე დიაგნოსტიკური და თერაპიული აპარატურის ფიზიკურ – ტექნიკური მახასიათებლები; გ) მაიონებელი გამოსხივების ბიოლოგიური ზემოქმედება, დოზიმტერიის საფუძვლები, პაციენტისა და პერსონალის დაცვა რადიაციის მავნე ზემოქმედებისაგან; დ) გამოსხივების ფორმირების კანონზომიერებები, დაავადებების სხივური სემიოტიკა, სხივური დიაგნოსტიკური მეთოდების შესაძლებლობანი (რენ ტგენოდიაგნოსტიკა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა, კომპიუტერულ- ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა, მაგნიტურ–რეზონანსული დიაგნოსტიკა და სხვა). რადიოლოგიაში გამოყენებული აპარატურის ფიზიკურ ტექნიკური საფუძვლები, გამოსახულების ფორმირების პრინციპები, გამოსხივების ფიზიკა, ელექტრონიკა, ინფორმაციის საფუძვლები, გამოთვლითი სისტემები რადიოლოგიაში; ე) ორგანოებისა და სისტემების გამოკვლევის მეთოდიკა, მათი შესაძლებლობანი და გამოყენების თანმიმდევრობა, გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და კლინიკური შეფასება.

ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №317 დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად, (პაციენტის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა) მკურნალი ექიმი დასაბუთებული კლინიკური მონაცემების საფუძველზე უნიშნავს პაციენტს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. პროცედურის დანიშვნისას ექიმი აცნობიერებს მოსალოდნელი დოზის სიდიდეს, ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქციას და სტოქასტური ეფექტის აღმოცენების რისკს. პროცედურის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსალოდნელი დოზის სიდიდე, ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქცია და სტოქასტური ეფექტის აღმოცენების რისკი (პუნქტი 2); პაციენტს უნდა მიეწოდოს ნებისმიერი ფორმით ინფორმაცია მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკის და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ, დასხივების მოსალოდნელ, ასევე მიღებული დოზისა და შესაძლო შედეგების შესახებ. რენტგენოლოგიური პროცედურების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტს, ხოლო მისი მცირეწლოვნობის ან მის მიერ გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილ წარმომადგენელს (პუნქტი 3); ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს რენტგენოლოგიური პროცედურის შემდეგ პაციენტის მიერ მიღებული დოზების რეგისტრაციას (პუნქტი 8); პაციენტთა დოზების რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი ცხრილის/ფორმის შევსებით ავადმყოფობის ისტორიებსა და ამბულატორიულ რუკებში (პუნქტი 9); სამედიცინო დაწესებულება რენტგენოლოგიური პროცედურების შედეგად მიღებულ დოზას აფიქსირებს პაციენტის დოზების აღრიცხვის ბარათში, რომელსაც პაციენტი წარადგენს საჭიროებისამებრ ნებისმიერ სამკურნალო დაწესებულებაში (ცხრილი 2) (პუნქტი 10); პაციენტის დაუსაბუთებელი განმეორებითი დასხივების აღკვეთის მიზნით, სამედიცინო მომსახურების ყველა ეტაპზე, გათვალისწინებულ უნდა იქნას ადრე ჩატარებული რენტგენოლოგიური გამოკვლევების შედეგები. პაციენტის გაგზავნისას რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე, საკონსულტაციოდ ან სტაციონარულ მკურნალობაზე, ერთი სტაციონარიდან მეორეში, რენტგენოლოგიური გამოკვლევების შედეგები (აღწერა, სურათები) უნდა გადაეცეს პაციენტის დოზების აღრიცხვის ბარათთან ერთად (პუნქტი 11).

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მიმწოდებლების მიერ ჩატარებულია რენტგენოლოგიური კვლევები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში პაციენტების სამედიცინო ბარათებში არ არის ინდივიდუალური ეფექტური დოზის მნიშვნელობის რეგისტრაცია გაკეთებული. აღნიშნული დარღვევა გამოიკვეთა 34 შემთხვევაში, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით 9991,32 ლარი (დანართი №2, 1(ერთი) ფურცელი).

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თითოეული პაციენტის მიმართ ჩატარებული ნებისმიერი სახის გამოკვლევა თუ მანიპულაცია, სრულად უნდა იყოს ასახული პაციენტების სამედიცინო ბარათებში. სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მიმწოდებლების მიერ ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევების პაციენტების სამედიცინო ბარათებში ინდივიდუალური ეფექტური დოზის არ ასახვის თაობაზე. ხოლო, რაც შეეხება წარმოდგენილ აღრიცხვის ბარათებს ყველა სადავო შემთხვევაზე, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია შემოწმების დროს კლინიკას არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „...-ის“ სასარჩელო განცხადება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია შპს „...-ის“ 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების (კონტროლი, რევიზია) 2020 წლის 6 ნოემბრის №ს/კ-1216-84 აქტისა და „შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის №02/609 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, შპს „...-ში“, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმება დაიწყო 2020 წლის 16 ივლისს და დამთავრდა 2020 წლის 17 აგვისტოს. მოცემულ პერიოდში შემთხვევათა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3401 და სახელმწიფოს მხრიდან მიმწოდებელს ჩაერიცხა 5 013 886.63 ლარი. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე მათ მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით (ცნობა 06.08.20წ.) ირკვევა, რომ სტაციონარული სამედიცინო (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) მომსახურების დროს მიმდინარეობდა პაციენტების ენტერალური კვება, თუმცა მათი მხრიდან ენტერალური კვების პროდუქტების (მ.შ. ქარხნული წარმოების) შეძენის და ხარჯვის ფაქტები სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით არ დასტურდება. პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით - 44188.97 ლარი. ასევე, წარდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ სამედიცინო შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ჩატარებულია რენტგენოლოგიური კვლევები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში პაციენტების სამედიცინო ბარათებში არ არის ინდივიდუალური ეფექტური დოზის მნიშვნელობის რეგისტრაცია გაკეთებული. პროგრამის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმა შემთხვევის ღირებულების შესაბამისად პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ის ოდენობით - 9991.82 ლარი. შპს „...-ს“ ჯამში საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრა 54180.79 ლარის გადახდის ვალდებულება (ს.ფ. 15-21); ბ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 6 ნოემბრის №ს/კ-1216-84 შემოწმების (კონტროლი, რევიზია) აქტი შპს ,,...-ის“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის №02/609 გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 25-30).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) 151 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციასთან; გ) გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების პროგრამის მოსარგებლის მიერ ანაზღაურების საფუძვლიანობის შემოწმებას.

დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიმწოდებელს ჯარიმა დაეკისრა ორი დარღვევის არსებობის საფუძვლით: 1. სტაციონარული სამედიცინო (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) მომსახურების დროს მიმდინარეობდა პაციენტების ენტერალური კვება, თუმცა მათი მხრიდან ენტერალური კვების პროდუქტების (მ.შ. ქარხნული წარმოების) შეძენის და ხარჯვის ფაქტები სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციით არ დასტურდება; 2. მიმწოდებლის მიერ ჩატარებულია რენტგენოლოგიური კვლევები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში პაციენტების სამედიცინო ბარათებში არ არის ინდივიდუალური ეფექტური დოზის მნიშვნელობის რეგისტრაცია გაკეთებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად; პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო, გარკვეულიყო სტაციონარული სამედიცინო (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) მომსახურება რამდენად ითვალისწინებდა ენტერალური კვებით უზრუნველყოფას მიმწოდებლის (ანუ მოსარჩელის) მხრიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროგრამის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა მედიკამენტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას, მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. ამავე პროგრამის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დადგენილების №1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში პაციენტებს გაეწევათ, როგორც I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ასევე II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა და არცერთი მათგანი არ მოიცავს ენტერალურ კვებას. მითითებული ნორმით II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დროს გათვალისწინებულია მხოლოდ პარენტერალური კვება (რომელიც არსებითად განსხვავდება ენტერალური კვებისაგან), კერძოდ, II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, მათ შორის, გულისხმობს ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და პარენტერალურ კვებას. ამდენად, პაციენტის ენტერალური კვებით უზრუნველყოფა პაციენტის ოჯახის მიერ ვერ განიხილება პროგრამით გათვალისწინებულ მკურნალობაში თანხის გადახდად და პროგრამის პირობების დარღვევად (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება (საქმე №ბს-828(კ-21)).

რაც შეეხება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 6 ნოემბრის №ს/კ-1216-84 შემოწმების (კონტროლი, რევიზია) აქტში დარღვევად მითითებულ საკითხს, რომ მიმწოდებლის მიერ ჩატარებულია რენტგენოლოგიური კვლევები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში პაციენტების სამედიცინო ბარათებში არ არის ინდივიდუალური ეფექტური დოზის მნიშვნელობის რეგისტრაცია გაკეთებული, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად (ს.ფ. 106-140), მოსარჩელეს გააჩნია სადავოდ გამხდარ 34-ვე შემთხვევაზე რენტგენოგრაფიული დასხივების დოზური დატვირთვის შესახებ სააღრიცხვო ბარათები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან პროგრამის მიმწოდებელს შედგენილი აქვს რენტგენოგრაფიული დასხივების დოზური დატვირთვის შესახებ სააღრიცხვო ბარათები, ,,შემოწმების აქტის“ დასკვნა მოსარჩელისათვის ბრალად შერაცხული დარღვევის არსებობის შესახებ უსაფუძვლოა. ის გარემოება, რომ ეს ბარათები არ იქნა წარდგენილი უშუალოდ შემოწმების განხორციელების დროს და წარდგენილია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე, არ ცვლიდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა ისინი გადაწყვეტილების გამოტანისას. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც 2020 წლის 6 ნოემბრის №ს/კ-1216-84 შემოწმების (კონტროლი, რევიზია) აქტი ამ ნაწილშიც ეწინააღმდეგება კანონს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი შპს ,,...-ის“ 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების (კონტროლი, რევიზია) 2020 წლის 6 ნოემბრის №ს/კ-1216-84 აქტი და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 26 იანვრის №02/609 გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.08.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნითა და 31.10.2025წ. №08092 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2709,03 (300+2409,03) ლარის 70 პროცენტი - 1896,32 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა