არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 25.05.2026
საქმის ნომერი
ბს-112(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-112(კს-26) 25 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. კ-ემ 2023 წლის 10 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის №... (21.07.2023) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (29.10.2023) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ემ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევის მოტივით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი გორის 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს; გ. კ-ე მიუთითებს, რომ პირველ ინსტანციაში მისი წარმომადგენელი იყო თ. დ-ი; თუმცა, ზემოაღნიშნული პირი არ არის ადვოკატი, შესაბამისად არ ჰქონდა უფლებამოსილება გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული გარემოება და სასამართლო გადაწყვეტილება თ. დ-ისთვის არ უნდა გაეგზავნა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2025 წლის 4 ნოემბერს; გ. კ-ე მიუთითებს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ დაიქირავა ადვოკატი და გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით გ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება გაეგზავნა გ. კ-ის წარმომადგენელს თ. დ-ს (მინდობილობა გაცემულია 29.07.2023 წელს განუსაზღვრელი ვადით ს.ფ.19) და ჩაბარდა 2025 წლის 17 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ჩაბარების დასტურით (ს.ფ. 351). ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი, გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იქნა 2025 წლის 11 ნოემბერს ფოსტის მეშვეობით.

საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ თ. დ-ს გ. კ-ისგან მინდობილობით მინიჭებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ასევე, სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარების უფლებამოსილება. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით (ს.ფ. 19).

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების მიმღებ პირს - თ. დ-ს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება არ გააჩნდა, ვიანიდან ის არ იყო ადვოკატი. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, გ. კ-ე სადავოდ ხდის გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების თ. დ-ისათვის, როგორც არაუფლებამოსილი სუბიექტისთვის, გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ გაგზავნის მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარება არის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემადგენელი ნაწილი, საქმის განხილვის დასკვნითი სტადია და წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში, საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს აღნიშნული განხილვის ყველა სტადიაზე, მათ შორის საბოლოო გადაწყვეტილების ჩაბარებისას. კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია მხარე წარმოადგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, არ არის უფლებამოსილი ჩაიბაროს საქმის განხილვის დასრულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რაც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. ანალოგიურ ჩანაწერს შეიცავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, მითითებული ნორმის დანაწესი წარმომადგენელს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, უკრძალავს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში უფლებამოსილების განხორციელებას, რაც არ მოიაზრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დაუშვებლობას.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყის მომენტს უკავშირებს მხარისათვის (ასევე ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებისათვის) ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებას, რაც ნორმაში ალტერნატიული სახითაა წარმოდგენილი. ამასთან, წარმომადგენელს, როგორც სამართალწარმოების უშუალოდ მონაწილეს, აკისრებს ვალდებულებას გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ სახის ვალდებულება გამომდინარეობს თავად მინდობილობის სამართლებრივი ბუნებიდან, რაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებად განიხილება. მითითებული ნორმის მიხედვით კი დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი, არ გამოირიცხება მათი ერთ დოკუმენტში - მინდობილობაში მოქცევა (სუსგ 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 7.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17)).

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით (დავალების ხელშეკრულებით), გ. კ-ემ თ. დ-ს განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა ყველა სახის დოკუმენტების მიღების უფლებამოსილება. ამდენად ცალსახაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის წარმომადგენლის უფლებამოსილება ითვალისწინებდა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებასაც.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა თ. დ-ისთვის, როგორც პროცესში მონაწილე პირისთვის გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად და შესაბამისად, კანონშესაბამისად დაუკავშირა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა თ. დ-ისთვის, როგორც უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს, რა გარემოებებიც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.

სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ანალოგიურს ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (იხ. სუსგ.ბს-747(კს-25) 10.02.2026წელი). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 70-ე, 74-ე, 369-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა