არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 23.04.2026
საქმის ნომერი
ბს-65(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-65(კს-26) 23 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე)- შპს „ ...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 16 ნოემბერს შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: 1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის N47338 ბრძანების, 2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის N094-279 საგადასახადო მოთხოვნის; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 9 სექტემბრის N10704/2/2020 გადაწყვეტილების 107,272 ლარის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შპს "...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის N47338 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის N094-279 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 9 სექტემბრის N10704/2/2020 გადაწყვეტილება (შპს ,,...-სათვის დღგ-ის ჩათვლის გაუქმების ნაწილში); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს "...-მა", რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აპელანტ შპს „...-ს“ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი; აპელანტ შპს „...-ს“ მიეცა ვადა 10 (ათი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 952,52 (ცხრაასორმოცდათორმეტი ლარი და 52 თეთრი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარმოსადგენად; სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟი 952,52 (ცხრაასორმოცდათორმეტი ლარი და 52 თეთრი) ლარის ოდენობით ჩარიცხული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე,რომლის რეკვიზიტებია: ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №: 200122900, სახაზინო კოდი: 3 0077 3150; სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინებით დადგენილ ვადაში; განჩინებით დადგენილი საპროცესო მოქმედების ვადის ათვლა დაიწყებოდა ამ განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილით სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების შინაარსის სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღიდან; მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება მხარეს ჩაბარდა 2025 წლის 17 იანვარს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 18 იანვარს და ამოიწურა 2025 წლის 27 იანვარს 24 საათზე. იმის გათვალისწინებით, რომ შპს “ ...-ის” დირექტორმა 2025 წლის 3 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოშ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა იყო დარღვეული, რაც ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...-მა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებულად ჩათვლა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისთვის შპს “...-ს” სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2024წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს “...-ს” მიეცა 10 დღიანი ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და მასვე დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 952 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტისთვის არ განუსაზღვრავს კონკრეტულად რა ვადაში უნდა წარედგინა სასამართლოსთვის ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლოს 18.11.2024 წლის განჩინებაში მითითებული 10 დღიანი ვადა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ჰქონდა დადგენილი. შესაბამისად, მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხელმძღვანელა რაიმე ვადით. კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია თუ სახელმწიფო ბაჟი გადაუხდელია. არსებითი არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2024წ. განჩინება აპელანტს ჩაბარდა 17.01.2025წ., აპელანტმა თანხა გადაიხადა იმავე დღეს, რითაც დავის გაგრძელების ინტერესი გამოხატა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია აპელანტს დაუდგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის ვადა, თუმცა ამ ვადის დარღვევა ვერ ჩაითვლება ხარვეზის შეუვსებლობად და სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული რეალურად წარმოადგენს არა ხარვეზის შევსების ვადას, არამედ სასამართლოს ინფორმირების ვადას.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს “...-მა” მოცემულ დავაზე, წარმომადგენელი - ზ.ძ-ი იურიდიული მომსახურების 2025 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებით აიყვანა. საქმეშივეა დაცული შპს “...-ს” მიერ ზ.ძ-ის სახელზე 6.05.2025წ. გაცემული მინდობილობა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ იურიდიული პირი - შპს "..." სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.11.2024წ. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის დროისთვის, იურისტის გარეშე იყო დარჩენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით შპს „...-ს“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინების თანახმად, 1. აპელანტ შპს „...-ს“ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი; 2.აპელანტ შპს „...-ს“ მიეცა ვადა 10 (ათი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 952,52 (ცხრაასორმოცდათორმეტი ლარი და 52 თეთრი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარმოდგენა; 3. სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟი 952,52 (ცხრაასორმოცდათორმეტი ლარი და 52 თეთრი) ლარის ოდენობით ჩარიცხული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე,რომლის რეკვიზიტებია: ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №: 200122900, სახაზინო კოდი: 3 0077 3150; 4. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინებით დადგენილ ვადაში; 5. განჩინებით დადგენილი საპროცესო მოქმედების ვადის ათვლა დაიწყებოდა ამ განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილით სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების შინაარსის სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღიდან; 6. მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 73.8 მუხლის დანაწესის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება შპს „...-ის“ წარმომადგენელს - გ.თ-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., ოფისი .... ზემოაღნიშნული გზავნილი ა.რ-ას ჩაბარდა 2025 წლის 17 იანვარს, რაც დადასტურებულია ამ უკანასნელის ხელმოწერით. ნიშანდობლივია, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 18.11.2024წ. განჩინების ჩაბარების ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეს სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია როგორც საპროცესო უფლებები, ასევე საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - გამოასწოროს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, უნდა რეალიზდეს კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსკ 59.4 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლო განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მან ხარვეზი გამოასწორა, ვინაიდან განჩინების ჩაბარების დღესვე გადაიხადა მოთხოვნილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, ვინაიდან ხარვეზის შესახებ სასამართლო განჩინებით დადგენილი არ იყო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენის კონკრეტულ ვადა, ამ საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ეწინაააღმდეგება კანონს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.11.2024წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე აპელანტ - შპს “...-ს” დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ გადასახდელი იყო სახელმწიფო ბაჟი, რისთვისაც მხარეს მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში; მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფცია გულისხმობს, რომ პირი იცნობს მოქმედ კანონმდებლობას. კანონის არცოდნა არ არის კანონის გამოუყენებლობის საფუძველი (სსკ-ის 3.2 მუხ.). აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფუნქცია არ გააჩნია, რის გამოც მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი გამოსწორებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სრულად შეასრულებს სასამართლოს მითითებას. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ნათლად განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უნდა წარედგინა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხარვეზის შესავსებად საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია, რამეთუ არც ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც რაიმე სახის შუამდგომლობა წარუდგენია სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ შპს “...-ს” მიერ 30.10.2024წ. ადვოკატ - გ.თ-ეზე გაცემულ მინდობილობაზე, რომლის თანახმად, წარმომადგენელს კონკრეტული ვადის განსაზღვრის გარეშე მიენიჭა უფლება წარმოედგინა იურიდიული პირის ინტერესები სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (ტ.2., ს.ფ 224). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც მხარე არ მიუთითებს, რომ გ.თ-ეს აპელანტის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება სამართალწარმოების რომელიმე სტადიაზე გაუქმებული ან შეჩერებული ჰქონდა. ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ შპს “...-ს” მიერ ახალ წარმომადგენელთან იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, იგი კვალიფიციური იურიდიული დახმარების გარეშე იყო დარჩენილი. ნიშანდობლივია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის შპს “...-ს” არ მიუმართავს და არ მოუთხოვია საპროცესო ვადის გაგრძელება იმაზე მითითებით, რომ წარმომადგენლის დანიშვნამდე ესაჭიროებოდა გარკვეული დრო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები. კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ობიექტური გარემოების გამო ხარვეზის შევსების შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას მასზედ, რომ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის ვალდებულება მას არ გააჩნდა, რამეთუ ცალსახაა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებით მხარეს კუმულაციურად მოეთხოვა, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინებით ხარვეზის დადგენის მიზანს წარმოადგენდა განსაზღვრულ ვადაში ქვითარის დედნის წარდგენით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დადასტურება.

ბაჟის განსაზღვრულ ვადაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხზე სასამართლო პრაქტიკის არსებობას ადასტურებს სუსგ 25.03.2010წ. Nბს-1571-1500(კს-09); 12.12.2011წ. Nბს-1686-1642(კ-10); 19.05.2010წ. Nბ-863-8(ა-10) და სხვ. განჩინებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, მარტოოდენ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ მიიჩნევა საკმარისად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს "...-ს" კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი N... საგადახდო დავალება ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტს. ვინაიდან შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, შპს „...-ს“ (ს/ნ...) სააპელაციო საჩივარზე 17.01.2025წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 952.52 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 374-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. შპს „...-ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 17.01.2025წ. N... გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 952.52 შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა