განსჯადობა

ადმინისტრაციული 23.04.2026
საქმის ნომერი
ბს-329(გ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-329(გ-26) 23 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე – ვ. ს-ე

მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 24 იანვარს ვ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ 3.11.2025წ. მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ავტომანქანა „...-ის, გამოშვების წელი - ..., ფერი - ..., საიდენტიფიკაციო №..., სარეგისტრაციო მოწმობა ..., შესაძენად აღებული და 2012 წლის 18 ოქტომბრიდან 2021 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გადახდილი 24 188.43 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე N2/1635/22, ვ. ს-ეის სარჩელის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსჯადობის წესის დაუცველობა იწვევს მხარეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შელახვას. განსახილველ შემთხვევაში, დავა გამომდინარეობს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ფაქტიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურებისკენ იყო მიმართული, ხოლო მოპასუხედ დასახელებული იყო ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, დავა განხილულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განმხილველი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების დაცვით.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი დავის კერძო-სამართლებრივად მიჩნევა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელე თავის საჯარო-სამართლებრივ მოთხოვნას კერძო-სამართლებრივი ნორმებით ასაბუთებს, აღნიშნული არ ცვლის დავის შინაარსსა და განსჯადობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ ვ. ს-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადასცემოდა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ვ. ს-ეის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი მიკუთვნების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე. კოლეგიამ განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელის საფუძვლებზე, რომლის თანახმადაც, 4.08.2020წ. სს “თ...სა” და ვ. ს-ეს შორის დაიდო №... საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სესხად მიიღო 21 000 აშშ დოლარი, 2013 წლის 10 აგვისტომდე ვადით, წლიური 20%-ის სარგებელით. კრედიტი გამოიყო ავტომანქანა ...-ის შესაძენად. 2010 წლის 4 აგვისტოს ვ. ს-ემ შპს „კ...დან" შეიძინა ავტომანქანა ..., ... წლის გამოშვება, ვინ კოდი №....

2011 წლის 14 სექტემბერს ვ. ს-ე დაკავებულ და მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განაჩენით (საქმე №1/1046-12), მსჯავრდებულ იქნა, ვ. ს-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, მასვე დაეკისრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მის საკუთრებაში არსებული ყველა ავტომანქანა, გარდა ...-ისა დაუბრუნდა მოსარჩელეს, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც დანაშაულებრივი გზით შეძენილი, გადაეცა სახელმწიფოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით (საქმე №1ბ/487-12), დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ვ. ს-ეს 20-წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით 5 წლის ვადით, ჯარიმა განესაზღვრა 3000 ლარით, ხოლო ავტომანქანა ..., სახელმწიფო №..., როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, რომლის შესაძენადაც აღებული საბანკო კრედიტი არ იყო დაფარული, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

2021 წლის 28 მარტს, ვ. ს-ე იძულებული გახდა სს „თ...თან“ გაეფორმებინა შეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და კრედიტის გადახდის ვადა გაიზარდა 2019 წლის 10 მარტამდე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით ვ. ს-ეის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ ავტომანქანა ...-ის შესაძენად გადახდილი თანხის დაკისრება, ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა “სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ავტომანქანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 თებერვლის N343 ბრძანების კანონიერებას და მოთხოვნას აფუძნებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებზე (უსაფუძვლო გამდიდრება).

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ მიუთითებდა მოპასუხედ დასახელებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაზე, რომელმაც ზიანი გამოიწვია. ამასთან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის კანონიერება არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სასამართლოს შეფასების საგანს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, მოსარჩელე ვ. ს-ეის მიერ მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მატერიალურ ნორმებზე და დავის საგანს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის ანაზღაურება წარმოადგენს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი კერძოსამართლებრივია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ს-ეის სარჩელი მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა კოლეგიას შორის დავა საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით არის წარმოშობილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებითია შეფასდეს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის პროცესში. ამ კუთხით საგულისხმოა, რომ დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმეში მონაწილეობა არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი კრიტერიუმი იმისათვის, რათა დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნოს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის არსებითია, თავად სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა დავის განხილვის პროცესში გამოსაყენებელ ნორმათა მდებარეობა ერთიან საკანონმდებლო სისტემაში, არამედ იმ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, რომლიდანაც წარმოშობილ იქნა სადავო სამართალურთიერთობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლის სისტემა ეფუძნება ერთიანობის პრინციპს, ხოლო მისი კატეგორიებად დაყოფა არის ფორმალური და მას პრაქტიკული მნიშვნელობა შესაძლოა მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი გაგებით მიენიჭოს. უფრო კონკრეტულად, განსახილველ დავათა გადანაწილებას, მათ სხვადასხვა წესით განსახილველ საქმეებად კლასიფიცირებას ამართლებს უშუალოდ სამართალწარმოების თავისებურება, კერძოდ, საქმის სპეფიციკა, მისი შინაარსი მოითხოვს სხვადასხვა პროცესუალური მექანიზმების დანერგვასა და ქმედით მოქმედებას სამართალწარმოებაში. თუმცა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლის სფეროთა კლასიფიცირება და აღნიშნულის საფუძველზე, დავათა სხვადასხვა სამართალწარმოების წესის განსახილველ საქმეებად დიფერენციაცია არ ზღუდავს სასამართლოს, გამოიყენოს სამართლის ნებისმიერი სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი სამართლის ნორმა და განმარტოს იგი განსახილველი საქმის გადაწყვეტისათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს, მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოება სასამართლო დავის გადაწყვეტისას უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. დავის კომპლექსური ხასიათი და გამოსაყენებელი ნორმების სიმრავლე ართულებს საჯარო და კერძო-სამართლებრივ საკითხებს შორის მკვეთრი ზღვრის გავლებას, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს დავის მთავარი კომპონენტის დადგენას, განსჯადობის განსაზღვრისას მთავარი საკითხის გადამწყვეტ სასამართლოს აქვს უფლება გადაწყვიტოს დავის ყველა კომპონენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ნორმათა მდებარეობა გავლენას ვერ მოახდენს განსჯადი სასამართლოს განსაზღვრაზე, რამდენადაც ასეთ დროს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თავად იმ სამართალურთიერთობის შინაარსს, რომლის საფუძველზეც წარმოშობილ იქნა დავა.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდესის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სარჩელში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელემ 4.08.2010წ. სს „თ...თან“ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სესხის სახით მიიღო 21 000 აშშ დოლარი, რომელიც მიემართა ავტომანქანა ...-ის შესაძენად. 4.08.2010წ. ვ. ს-ემ შპს „კ...სგან“ შეიძინა ავტომანქანა ..., ... წლის გამოშვება. 14.09.2011წ. ვ. ს-ე დააკავეს და მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.05.2012წ. განაჩენით მოსარჩელეს სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, მასვე დაეკისრა ჯარიმა-200 000 ლარი და ჩამოერთვა ავტომანქანა ..., როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.10.2012წ. განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვ. ს-ეს 20 წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეცვალა 5 წლიანი პირობითი მსჯავრით, ჯარიმა განისაზღვრა 3000 ლარით, ხოლო ავტომანქანა ..., როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ აღძრული სარჩელით სადავოდ გახადა მის მიერ სესხის სახით ავტომანქანის შესაძენად აღებული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების საკითხი. საგულისხმოა, რომ ვ. ს-ეის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებს - 976-ე, 979-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და 991-ე მუხლებს. ვ. ს-ე ითხოვს მისთვის უსასყიდლოდ ჩამორთმეული ქონების ღირებულების ანაზღაურებას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ავტომანქანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 12 თებერვლის №343 ბრძანების კანონიერებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა სამოქალაქო საქმეთა პალატის მითითება, რომ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამოც, მოცემული დავა ადმინისტრაციული წესით განხილვას უნდა დაექვემდებაროს. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით არ მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებაზე, რამაც ზიანი წარმოშვა. მოსარჩელე ცდილობს დაადასტუროს სახელმწიფოს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამდიდრება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს განმარტების მიუხედავად არ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითა. ამდენად, სასამართლოს დავის გადაწყვეტის პროცესში მოუწევს შეაფასოს არის თუ არა სახეზე ადმინისტრაციული ორგანოს უსაფუძვლოდ გამდიდრების წინაპირობები, რაც ცხადია, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხორციელდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სახეზე არ არის დავის ადმინისტრაციული კატეგორიის მიკუთვნების წინაპირობები, რადგან მართალია, მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა სადავო სამართალურთიერთობა არ მიეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალს, ასევე, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე, კერძოდ, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლები (უსაფუძვლო გამდიდრება).

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპისათვის ვ. ს-ეის სარჩელი თავისი შინაარსით სამოქალაქო-სამართლებრივია, რამდენადაც იგი მიზნად ისახავს სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოსარჩელისთვის ჩამორთმეული მანქანის ღირებულების კომპენსირებას. თუმცა დავის სპეფიციკისა და მისი კომპლექსური ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სარჩელის სახეცვლილებამ (მოსარჩელის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნათა ტრანსფორმირების შემთხვევაში) დავა აქციოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივად და წარმოიშვას განსჯადი სასამართლოს ხელახლა განსაზღვრის საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ს-ეის სარჩელი, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა