დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-458-847-06 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. კ-ძემ მოპასუხე რ. მ-ძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2002წ. 16 აგვისტოს მათ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. კ-ძემ ნ. მ-ძეს, როგორც რ. მ-ძის რწმუნებულს, ასესხა 11 800 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ. მ-ძის საკუთრებაგში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ..., ¹1 2003წ. 12 ივნისს მხარეთა შენთანწმებით სანოტარო აქტის საფუძველზე აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმდა. ნ. მ-ძემ ხელწერილით აიღო ვალდებულება მ. კ-ძისათვის დაებრუნებინა 12 000 აშშ დოლარი, რაც დღემდე არ შეუსრულებია. აღნიშნულიდან გამომდინარე მ. კ-ძემ მოითხოვა რ. მ-ძისთვის 16 500 აშშ დოლარის გადახდევინება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
2005წ. 16 მარტს რ. მ-ძის წარმომადგენელმა ტ. ჩ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. მ-ძის წარმომადგენლის ტ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2005წ. 21 ივნისს მ. კ-ძემ საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2005წ. 1 ივნისიდან 6 ივნისამდე ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა სტაციონალურ მკურნალობაზე, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის საჩივარი მიღებულ იქნა და მისი განხილვა დაინიშნა 2005წ. 24 აგვისტოს.
2005წ. 8 აგვისტოს მ. კ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-ვამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი არ იმყოფებოდა თბილისში, თვითონ კი შვებულებაში იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 აგვისტოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას. ამავე კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, უფლება არა აქვს‚ კვლავ შეიტანოს საჩივარი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის კვლავ განახლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძის წარმომადგენელმა დ. გ-ვამ. კასატორმა მოითხოვა 2006წ. 14 ივნისს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
კასატორის აზრით, წარმომადგენელს პირადად არ ჩაბარდა სასამართლო უწყება. ამით დაირღვა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი ინვალიდი ავადმყოფია, რის გამოც ვერ ახერხებს სასამართლო სხდომებზე დასწრებას, ხოლო წარმომადგენელს არ ჩაბარებია სასამართლოს უწყება კანონით დადგენილი წესით. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიგშნული გარემოებები არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან მ. კ-ძეს და მის წარმომადგენელს უწყება ჩაბარებული აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, როდესაც მარწმუნებელს არ აქვს შესაძლებლობა გამოცხადდეს პროცესზე, სხდომაზე უნდა დაესწროს წარმომადგენელი მაინც. ორივე მათგანის გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი ბუნებრივია, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად მითითებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც გამოცხადებული მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მ. კ-ძეს და მის წარმომადგენელს უწყება ჩაბარებული ჰქონდა მითითებული ნორმების საფუძველზე. ამდენად, კასატორის არგუმენტი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ სასამართლო სხდომაზე მოწვევა