გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 16.01.2006
საქმის ნომერი
ას-536-867-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-536-867-05 16 იანვარი, 2006 წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ეზობელი მიწის ნაკვეთიდან ზემოქმედების აღკვეთა, მიჯნის აღდგენა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის_მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა ყვარლის რაიონულ სასამართლოში შ. ი-შვილის მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხე არის მისი კარის მეზობელი და მისი საცხოვრებელი ბინა მდებარეობს მის სასაზღვრო მიჯნაზე. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა როგორც სასაზღვრო მიჯნის, ასევე ეზოს მხარეს გამავალი ფანჯრების გამო. მიჯნის კედელზე მდებარე ფანჯრები დატანებულია უნებართვოდ, სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევით, რითაც ილახება მისი უფლებები, ვინაიდან იგი თავისუფლად ვერ სარგებლობს ეზოთი. უნებართვოდ აშენებულ ფანჯრებზე დამაგრებული კონდიციონერი და მოპასუხის სასაზღვრო მიჯნაზე მდებარე 4 კვ.ტ-იანი გენერატორი იწვევს ხმაურს და ზიანს აყენებს მას. მოპასუხემ 2000წ. თებერვალში თვითნებურად დაანგრია ქვის გალავანი, რის გამოც, ქუჩის მხრიდან დაუცველი გახდა მისი ეზო. ასევე მოპასუხემ მიითვისა 179 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს მისი ეზოსკენ გამავალ ფანჯარაზე მდებარე კონდიციონერის გზის მხარეს, სხვა ფანჯარაზე გადატანა, ყრუ კედელზე არსებული ფანჯრები ამოშენება, სასაზღვრო მიჯნიდან გენერატორის სხვა ადგილზე გადატანა, დანგრეული კედლის აღდგენა და მისგან მიტაცებული 179 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1936 წელს და სახლს ფანჯრის ღიობებიც ამ დროიდან აქვს დატანებული. კონდიციონერს და გენერატორს კი ხმა საერთოდ არა აქვს და გამორიცხულია რაიმე მავნე ზემოქმედება გამოიწვიოს. საკუთარი ღობის დანგრევა კი გამოწვეულია აუცილებლობით.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ. ი-შვილს დაევალა ჩადგას გენერატორი მიწაში 0,5 მეტრის სიღრმეში თავისივე სამყოფელ ადგილას, ხმაურის აღკვეთის მიზნით, დაევალა აღადგინოს დანგრეული კედელი. მოსარჩელეს მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ი-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმა.

გ. მ-შვილმა შეგებებული სააპელაციო საჩივარი აღძრა რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, კონდიციონერის სახლის სხვა ფანჯარაში გზის მხარეს, ხოლო გენერატორის ეზოს მხარეს, სხვა ადგილას გადატანა, ყრუ კედლებში არსებული ფანჯრების ამოშენება ან მინების შეცვლა-შეღებვა, მოპასუხის მიერ დანგრეული კედლის აღდგენა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც შ. ი-შვილს დაევალა გენერატორის 0,5 მეტრით მიწაში ჩადგმა და დანგრეული კედლის აღდგენა. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ-შვილის სარჩელი, გენერატორის გადატანისა და დანგრეული კედლის აღდგენის ნაწილში, და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ რაიონული სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც მოპასუხეს დაავალა გენერატორის მიწაში ჩადგმა მაშინ, როდესაც მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა გენერატორის გადატანა, რითაც დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი გენერატორის სხვა ადგილზე გადატანის თაობაზე არის უსაფუძვლო. ექსპერტის დასკვნით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დაადგინა, რომ გენერატორს არ უმუშავია სამიწ. განმავლობაში, ხოლო მოსარჩელემ, სკ-ის 176-ე და სსკ-ის 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ სადავო გენერატორი ხელყოფს მის რაიმე უფლებას.სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაევალა დანგრეული ღობის აღდგენა, ვინაიდან დადგინდა, რომ სადავო კედელი მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელემ კი ვერ დაამტკიცა მესაკუთრის მიერ ღობის მოშლით მისი რაიმე უფლების ხელყოფის ფაქტი. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ფანჯრის ღიობების ამოქოლვის თაობაზე მიიჩნია ხანდაზმულად. ამასთან, გ.მ-შვილმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენს მის საკუთრებას და შ.ი-შვილი უკანონოდ ფლობს მას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იმთავითვე გ.მ-შვილს, შ.ი-შვილსა და მათ მეზობელ ფ.დ-შვილს შორის მიწის ნაკვეთი განაწილდა თანაბრად და თითოეულს მიეკუთვნა 915 კვ.მ, რაც დადასტურდა ფ.დ-შვილის 2000წ. 20 მარტის ახსნა-განმარტებითა და ამავეწ. 20 აპრილის ქ.ყვარლის კომისიის მიერ ჩატარებული აზომვის შედეგად. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს ფატობრივად უკავია მხოლოდ 736 კვ.მ, ხოლო დარჩენილი 179 კვ.მ უკანონოდ მიითვისა შ.ი-შვილმა, რომელიც დამატებით გ.მ-შვილის კუთვნილ 16 კვ.მ-ს ხდის სადავოდ. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი და 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან სადავო დანგრეული ქვის გალავანი 70წ. განმავლობაში იდგა კასატორის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, მეზობელს, ამავე კოდექსის 969-ე და 976-ე მუხლების მიხედვით, მისი მოშლის უფლება არ ჰქონდა, ამასთან, უკვე დანგრეული გალავნის აღდგენის ვალდებულება მეზობლებს თანაბარწილად ეკისრებოდათ. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საპროექტოს _ ყვარლის რაიონის გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობათა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ¹10 ცნობა, ფ.დ-შვილის ახსნა-განმარტება და გ.მ-შვილის სახლის გეგმა, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ სადავო 16 კვ.მ ნაკვეთი გ.მ-შვილის საკუთრება იყო. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, თითქოს საქმის მასალებში წარმოდგენილი ტექინვენტარიზაციის გეგმის თანახმად, მოპასუხის სახლის უკანა კედლის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი შ.ი-შვილის საკუთრება იყო. მართალია, საქმეში წარმოდგენილია 1968, 1971, 1989 და 2000 წლების გენერალური გეგმები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები შედგა თავად შ.ი-შვილის საპროექტო სამსახურში მუშაობის დროს და რეალურ სურათს არ ასახავდა, ამასთან, მოპასუხის ძალისხმევით დაიკარგა 1966 წელს შედგენილი გენერალური გეგმა, რომელზეც სადავო გალავანიც იყო დატანილი. აღნიშნული გეგმის არსებობა ახსნა-განმარტებით დაადასტურა მოწმე ე. ბ-შვილმა, რომლის მითითებით, 1966 წელს შედგა ყველა, მათ შორის, კასატორის სახლის გეგმაც. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი, კერძოდ, საპროცესო სამართლის ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, გ.მ-შვილს არ გაუგზავნა აპელანტის შესაგებლის ასლი და უწყებები, რის გამოც კასატორმა საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილება მოითხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება სასაზღვრო მიჯნის დანიშნულებით არსებული დანგრეული კედლის აღდგენის შესახებ მოთხოვნის უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ.მ-შვილის მეზობელი მიწის ნაკვეთიდან ზემოქმედების აღკვეთის მიზნით ელექტროგენერატორისა და კონდიციონერის გადატანის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შ.ი-შვილის ელექტროგენერატორი განთავსებულია კაპიტალურ ნაგებობაში, გააჩნია მაყუჩი, ტექნიკურად გაუმართავია და არ უმუშავია სამიწ. მანძილზე. აღნიშნულ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და სკ-ის 176-ე მუხლზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ სადავო გენერატორითა და კონდიციონერით გ.მ-შვილის უფლების ხელყოფა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, დადასტურებული არ არის, რაც მოდავე მხარემაც ვერ დაამტკიცა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მოსაზრებას და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს რა გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იურიდიულად დასაბუთებული არ არის და კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს.

უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა შ. ი-შვილისაგან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე იმ მოსაზრებით, რომ მას მიტაცებული აქვს კასატორის მიწის ნაკვეთი. სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტუდრეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ის გარემოება, რომ კასატორის საკუთრებაში 915 კვ.მ მიწის ნაკევთი ირიცხება, უნდა დადასტუდრეს საჯარო რეესტრის მონაცემებით, რადგან, სკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება შეიტანება საჯარო რეესტრში. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო მეზობელი კომლის უფროსის განმარტება ან გამგეობის შესაბამისი კომისიის მიერ ჩატარებული აზომვის შედეგები არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას იმის მტკიცებად, რომ კასატორს საკუთრების უფლება გააჩნია 915 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნა სასაზღვრო მიჯნის დანიშნულებით არსებული დანგრეული კედლის აღდგენის თაობაზე, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო კედელი მდებარეობს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოსარჩელემ კი ვერ დაამტკიცა მესაკუთრის მიერ ღობის მოშლით მისი რაიმე უფლების ხელყოფის ფაქტი. სასამართლომ ამ დასკვნის სამართლებრივ დასაბუთებად გამოიყენა სკ-ის 170-ე მუხლის ის ნაწილი, რომლის ძალითაც მესაკუთრეს შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგოს იგი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იგივე ნორმით დაწესებულ მესაკუთრის უფლების შეზღუდვაზე, თუკი ამით ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მესაკუთრის მიერ ღობის მოშლით მისი რაიმე უფლების ხელყოფის ფაქტი. ღობის ანუ სასაზღვრო მიჯნის აღდგენის მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით და გამოერიცხა ამავე კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაზიანებული სასაზღვრო მიჯნის აღდგენის ვალდებულება შ. ი-შვილთან მიმართებაში. აღნიშნული საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რის გამოც, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასაზღვრო მიჯნის დანიშნულებით არსებული დანგრეული კედლის აღდგენის შესახებ მოთხოვნის უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება სასაზღვრო მიჯნის დანიშნულებით არსებული დანგრეული კედლის აღდგენის შესახებ მოთხოვნის უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.