გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-723-989-05 25 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ტ...მა» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიაში შპს «ტელეკომპანია ...» მიმართ საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის _ ანაზღაურების გამო შემდეგი საფუძვლებით: 2004წ. 5 ნოემბერს შპს «ტელეკომპანია ...მ» ტელეეთერით საჯაროდ გადასცა მხატვრული ფილმი «თუნუქის დოლი», რასაც ადასტურებს გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადე. აღნიშნული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო გადაცემის განსაკუთრებული უფლება, კომპანია «... სტუდიოსა» და შპს «ტ...ს» შორის 2003წ. 25 ივნისის 2003წ. 1 ივლისიდან 2005წ. 1 იანვრამდე მოქმედი სალიცენზიო ხელშეკრულების თანახმად, ეკუთვნოდა შპს «ტ...ს». ლიცენზიარის მიერ ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება დასტურდება უცხოურ კომპანიებს შორის 2002წ. 25 მარტს დადებული სატელევიზიო გადაცემების გავრცელების ხელშეკრულებით, ხოლო უფლება «თუნუქის დოლზე», რომელიც გადაცემული აქვს კომპანია «... სტუდიოს», დამატებით დასტურდება «ცენტრალ ...ის» 2004წ. 17 დეკემბრის წერილით. მოსარჩელის მოსაზრებით, შპს «ტელეკომპანია ...მ» დაარღვია შპს «ტ...ის» განსაკუთრებული უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო გადაცემაზე, არ გაითვალისწინა რა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18, 37-ე, 46-ე და 58-ე მუხლები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005წ. 5 იანვრის გადაწყვეტილებით გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული «ტელეკომპანია ...» სამაუწყებლო ბადით დადასტურებულად იქნა ცნობილი «ტელეკომპანია ...» ეთერში მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო ჩვენება, რის გამოც მოპასუხეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: ტელეკომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად უკვე განცხადებული პროგრამის საჯარო ჩვენება იცვლება. მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანიის თანამშრომლებმა დაუშვეს შეცდომა სამაუწყებლო ბადის შედგენის დროს. მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო ჩვენების უფლება შპს «ტელეკომპანია ...ს» გააჩნდა 2005წ. 1 იანვრიდან. ამ მიზეზით აღნიშნული ფილმის საჯარო ჩვენება ტელეკომპანიის ეთერით არ განხორციელებულა, თუმცა გაზეთში უკვე გაცხადებული პროგრამის შეცვლა შეუძლებელი გახდა. მოპასუხის მოსაზრებით, მხოლოდ განცხადება არ ადასტურებს ქმედების განხორციელებას, რაც გამოიწვევდა პასუხისმგებლობის დადგენას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს «ტელეკომპანია ...ს» დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შპს «ტ...ის» სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილ იქნა, რომ შპს «ტ...მა» 2005წ. 25 ივნისის სალიცენზიო ხელშეკრულებით შეიძინა მხატვრული ფილმი «თუნუქის დოლის» საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო გადაცემის განსაკუთრებული უფლება, რომლის მოქმედების ვადა დაიწყო 2003წ. 1 ივლისს და დამთავრდა 2005წ. 1 იანვარს. ლიცენზიარის მიერ ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება დასტურდება «.. ..» და კომპანია «ცენტრალ ...ს» შორის 2002წ. 25 მარტს დადებული სატელევიზიო გადაცემების გავრცელების ხელშეკრულებით. ხოლო უფლება «თუნუქის დოლზე», რაც გადაცემული აქვს კომპანია «... სტუდიოს», დამატებით დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2004წ. 17 დეკემბრის წერილით. 2004წ. 5 ნოემბერს მოპასუხემ თავისი ეთერით საჯაროდ გადასცა «თუნუქის დოლი», რითაც დაირღვა აღნიშნული ფილმის საჯარო გადაცემაზე მოსარჩელე მხარის ექსკლუზიური უფლება. ფილმის ეთერში გადაცემის ფაქტი დადასტურებულ იქნა გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული «ტელეკომპანია ...» სამაუწყებლო ბადით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის 2004წ. 28 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათით. სასამართლო კოლგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია «ტ...ის» განსაკუთრებული უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმი «თუნუქის დოლის» ეთერით საჯარო გადაცემაზე, კერძოდ, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით, 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, 46-ე მუხლისა და 38-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. სასამართლომ დაასკვნა, რომ, ვინაიდან მოპასუხე მხარის მაუწყებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და ფილმის უკანონო ჩვენებას არ შეიძლება არ ემოქმედა ტელეკომპანიის რეპუტაციასა და სარეკლამო შემოსავლების კლებაზე, ამასთან, ფილმის ჩვენების უფლების მოპოვებისათვის მას გაწეული აქვს ხარჯები, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ტელეკომპანია ...მ» და მოითხოვა 2005წ. 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: კასატორის მოსაზრებით, შპს «ტ...ი» წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, რადგანაც საქმის მასალებით არ დასტურდება მისი უფლებამოსილება აუდიოვიზუალური ნაწარმოები «თუნუქის დოლის» განსაკუთრებული ლიცენზიით ფლობის შესახებ. აღნიშნულ ფილმზე განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები ეკუთვნის 1979 ... FILMშ (PAღIშ), ... FILM Eთ, B...P-FILM (M....H), როგორც ნაწარმოებზეა მითითებული, ხოლო ნაწარმოების, სცენარის ავტორები და კომპოზიტორი არიან ამავე ფილმში მითითებული ფიზიკური პირები. კასატორის განმარტებით, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის» მე-18 მუხლის თანახმად, სწორედ აღნიშნულ პირებს აქვთ მინიჭებული უფლებამოსილება, წარმოადგენდნენ მხარეს საქართველოში. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს «ტ...ის» უფლებამოსილება, დაიცვას ნაწარმოები მესამე პირებისაგან და მის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებს არაფერი აქვს საერთო ავტორებთან. მოპასუხე მხარემ საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე იშუამდგომლა შპს «ტ...ის» არასათანადო მოსარჩელედ ცნობის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა განსაკუთრებული საავტორო ლიცენზია. საოლქო სასამართლოს პირველ რიგში უნდა გამოერკვია სათანადო მოსარჩელის საკითხი და სათანადოდ შეეფასებინა მტკიცებულებები, რაც არ განუხორციელებია და, ამდენად, საქმის გარემოებები დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.
მოწინააღმდეგე მხარე საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმა შემდეგი დასაბუთებით: შპს «ტ...სა» და კომპანია «... სტუდიოს» შორის არსებული 2003წ. 25 ივნისის ხელშეკრულებაში პირდაპირ იქნა მითითებული, რომ შპს «ტ...ს» გადაეცა განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები და ტელეკომპანიას გააჩნია ფილმის საჯარო გადაცემის განსაკუთრებული ლიცენზია. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია «.... სტუდიო» ვალდებულია, არ გადასცეს სხვა კომპანიებს «ტ...ისათვის» გადაცემული უფლებები, რაც განსაკუთრებული ლიცენზიის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე და «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 37-ე მუხლის მიხედვით, «ტ...ის» მიერ განსაკუთრებული ლიცენზიის ფლობის ფაქტი დადასტურდა. კასატორი არ უარყოფს, რომ განსაკუთრებული საავტორო უფლებების მფლობელებად მითითებული არიან პროდიუსერები. სწორედ აღნიშნული სამი კომპანია ითვლება განსაკუთრებული საავტორო უფლებების მფლობელად. კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც უარყოფდა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ამავე კანონის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებს სარჩელის აღძვრის უფლება წარმოეშობოდათ იმ შემთხვევაში, თუკი «ტ...ი» არ მიმართავდა სასამართლოს. «ტ...ის» განმარტებით, რადგანაც განსაკუთრებული საავტორო უფლებები ეკუთვნით პროდიუსერებს, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული რაიმე ხელშეკრულების გაფორმება უშუალოდ ფილმის თანაავტორებთან. ფილმის ჩვენების უფლების შეძენა ხდება მხოლოდ შუამავალი კომპანიებისაგან, რომელიც შესაბამის უფლებას მოიპოვებს სხვა შუამავალისაგან ან უშუალოდ პროდიუსერისაგან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო, რომ შპს «ტ...მა» 2005წ. 25 ივნისის სალიცენზიო ხელშეკრულებით შეიძინა მხატვრული ფილმი «თუნუქის დოლის» საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო გადაცემის განსაკუთრებული უფლება. ლიცენზიარის მიერ ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება დასტურდება კომპანია «... Pუნცტიონ-სა» და კომპანია «ჩენტრალ ...-ს» შორის 2002წ. 25 მარტს დადებული სატელევიზიო გადაცემების გავრცელების ხელშეკრულებით, ხოლო უფლება «თუნუქის დოლზე», რაც გადაცემული აქვს კომპანია «... სტუდიოს», დამატებით დასტურდება «ჩენტრალ ...-ის» 2004წ. 17 დეკემბრის წერილით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლოს საკმარისად არ გამოუკვლევია შპს «ტ...ის» უფლებამოსილების საკითხი, კერძოდ, სასამართლო ლიცენზიარის კომპანია «... სტუდიოს» მიერ ლიცენზიის გაცემის დამადასტურებლად უთითებს საქმეში წარმოდგენილ 2002წ. 25 მარტის სატელევიზიო გადაცემების გავრცელების ხელშეკრულებაზე, რომელიც შეთანხმებულია კომპანია «... Pუნცტიონ-ისა» და კომპანია «ჩენტრალ ...-ს» შორის. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ფილმი «თუნუქის დოლი» დასახელებული არ არის. სასამართლომ ამავე გარემოების დასადასტურებლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2004წ. 17 დეკემბრის წერილზე, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ცნობას, არ ამტკიცებს ხელშეკრულების არსებობას და მხოლოდ აღიარებს ფილმზე უფლების გაყიდვას.
«საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 37-ე მუხლით, განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ. ნაწარმოების სხვა პირთა მიერ გამოყენების აკრძალვის უფლება შეიძლება განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიატი არ აწარმოებს ამ უფლების დაცვას.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემისას ასეთ ქმედებაზე ლიცენზიის გამცემი პირის უფლება დადასტურებული უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ფილმზე «თუნუქის დოლი» განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელები არიან შემდეგი კომპანიები: ... FILMშ (PAღIშ), ... FILM Eთ, B...P-FILM (M...H). აღნიშნული კომპანიების მიერ სადავო ფილმის ჩვენებაზე განსაკუთრებული უფლების სხვა პირებისათვის, მათ შორის მოსარჩელეებისათვის გადაცემის საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია.
მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო რა სარჩელი, საქმის განხილვისას იშუამდგომლა ტელეკომპანია «ი...ის» არასათანადო მოსარჩელედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ დადასტურებული არ იყო ამ პირის ზემოხსენებული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება. საოლქო სასამართლომ 2005წ. 28 მარტის განჩინებით ტელეკომპანია «...» წარმომადგენლის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა, რითაც დაარღვია სსკ-ის 285-ე მუხლის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საკმარისად არ არის გამოკვლეული თვით ის გარემოებაც, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფილმის ეთერში სადავო გადაცემის დამადასტურებელ ფაქტად სასამართლო კოლეგია უთითებს გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული «ტელეკომპანია ...» სამაუწყებლო ბადეს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის 2004წ. 28 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათს. აღნიშნულ გაზეთში მითითებული ინფორმაცია მოიცავს რა 2004წ. 1-7 ნოემბრის მოვლენებს, ამავე გაზეთში განთავსებული განცხადება წარმოადგენს ტელეკომპანია «...» განზრახვას, შემდგომში _ 2004წ. 5 ნოემბერს აჩვენოს ფილმი. რაც შეეხება მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურებრივ ბარათს, იგი ეყრდნობა სწორედ დასახელებული გაზეთის ნომერს. შპს «...» მიერ სადავო ფილმის საჯარო ჩვენების ფაქტის სხვა რაიმე დამადასტურებელ მტკიცებულებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში არ მიუთითებია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ტელეკომპანია «ი...ის» უფლებამოსილების საკითხი, დადებით შემთხვევაში უნდა დაადგინოს მისი უფლებების დარღვევის ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ტელეკომპანია ...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 28 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.