გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-880-1194-05 13 აპრილი, 2006 წ
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ძის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ნ. ბ-ძე გამოსახლებულ იქნა თბილისში, .... აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ბინა 2000წ. სექტემბერში 13500 ლარად შეიძინა აუქციონზე, მაგრამ აღნიშნული პერიოდიდან საკუთრებით ვერ სარგებლობს, ვინაიდან ნ. ბ-ძე ხელს უშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, შემდეგ კი ბინაში ცხოვრობდა მისი ძმა ი. ბ-ძე და მას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს. მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ბინიდან ი. ბ-ძის გამოსახლება თანხმლებ პირებთან ერთად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო ბინა ააშენა თავისი სახსრებით და იქ ნ. ბ-ძეს არასოდეს უცხოვრია. სადავო ბინაში აშენების დღიდან ცხოვრობს თვითონ თავისი ცოლ-შვილით. მან 2002წ. 12 სექტემბერს შეიტყო, რომ 2001წ. 13 დეკემბერს სასამართლოს გამოუტანია გადაწყვეტილება ნ. ბ-ძის გამოსახლების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ნ. ბ-ძეს, ძმასთან შეუთანხმებლად, შეუდგენია ყალბი ჩუქების ხელშეკრულება ი. ბ-ძის საკუთრებაში არსებული ხუთოთახიანი ბინის ჩუქების შესახებ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კი „...ბანკთან“ გაუფორმებია იპოთეკის ხელშეკრულება და ბანკს ვინმე ნ. ჭ-იას სახელზე გაუცია 23 000 აშშ დოლარი, რომელიც არ დაუბრუნებია და სადავო ბინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ¹262\5-06 განკარგულებით აუქციონზე გაუყიდიათ. მის მიერ სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი ჩუქების ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, აუქციონისა და მისი შედეგების, როგორიცაა სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 28 სექტემბრის განკარგულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ¹2\14-01 გაუქმების, თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 2 ოქტომბერს მ-შვილის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების შესახებ. მოპასუხის განმარტებით, 2004წ. 18 აგვისტოს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ი. ბ-ძის სახელით შედგენილი ჩუქების ხელშეკრულება, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 28 სექტემბრის ¹262\5-06 განკარგულება აუქციონის ჩატარებისა და მ-შვილისათვის უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების მინიჭების შესახებ.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ბ-ძე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, ...
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე ზ. მ-შვილის სახელზე, რომელშიც ცხოვრობს მოპასუხე ი.ბ-ძე ოჯახთან ერთად. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ.მ-შვილი ვერ ახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებებს სადავო ბინაზე. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, სკ-ის 170-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, «მესაკუთრს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი». ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, «მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება».
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის განჩინებით ი. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 28 სექტემბრის ¹262/506 განკარგულება ი. ბ-ძის სარჩელის საფუძველზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და ამჟამად საქმე თბილისის საოლქო (ამჟამად სააპელაციო) სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის წარმოებაშია. ასეთი, გარემოების არსებობისას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი სწორად ვერ ჩაითვლება, თუ ჩანაწერის მიმართ შეტანილია საჩივარი და მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა სწორედ იმ საფუძველზე, რომელთა გამოც ზ.მ-შვილის სახელზე აღირიცხა სადავო ბინა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. მ-შვილმა. კასატორმა მიუთითა, რომ ქონება შეიძინა საჯარო აუქციონზე, აუქციონის ჩატარებამდე ბინა აღრიცხული იყო ყოფილი მესაკუთრის – ნ. ბ-ძის სახელზე და წარმოადგენდა ბინის ერთადერთ კანონიერ მესაკუთრეს, 2000 წელს გადახდილი აქვს ბინის ღირებულება მთლიანად, ხუთიწ. განმავლობაში ვერ ფლობს და სარგებლობს საკუთარი უძრავი ქონებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზ. მ-შვილი საჯარო რეესტრში აღრიცხულია თბილისში, .. მდებარე ბინის მესაკუთრედ თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000წ. 28 სექტემბრის ¹262/506 განკარგულების საფუძველზე.
სკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
განსახილველი ნორმა განსაზღვრავს რეესტრის მონაცემების უტყუარობასა და სისრულის პრეზუმფციას. მისი განმარტებისათვის აუცილებელია სწორედ შეფასდეს საჯარო რეესტრის დანიშნულება და ფუნქცია, თუ რა ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ინსტიტუტი და, აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა ენიჭება რეესტრის მონაცემების უტყუარობასა და სისრულის პრეზუმფციას.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოდ საჯარო რეესტრის დანიშნულებაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილის ინტერესების უზრუნველყოფას, დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი _ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, იცავს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიან უფლებების განკარგვის დროს, რაც ეხება როგორც ადრინდელი მესაკუთრის, ასევე ახალი შემძენის უფლებებს.
მიუხედავად ამისა, ობიექტურად არსებული ფაქტი _ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია, შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ რეესტრის ჩანაწერები ჩაითვალოს სწორად. ამისათვის უნდა არსებობდეს ორი პირობა, კერძოდ, ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივარი ან შემძენის ცოდნა ამ ჩანაწერის უზუსტობის შესახებ.
როგორც პირველი, ასევე მეორე შემთხვევა უნდა მიუთითებდნენ ისეთ გარემოებებზე, რომლის არსებობა ეჭვს იწვევს რეესტრის ჩანაწერების სისწორეში და რაც გავლენას ახდენენ შემძენის ინტერესებზე.
ამ შემთხვევაში შემძენის ინტერესები დაცულია სკ-ის 185-ე მუხლით და ამდენად, კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით, საჩივრის შეტანა საჯარო რეესტრის უზუსტობის შესახებ ყოველთვის არ იწვევს საბოლოოდ ამ ნივთის დაბრუნებას ანუ გავლენას არ ახდენს ახალი მესაკუთრის უფლებაზე. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს მხოლოდ საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, მაგრამ შემძენის კეთილსინდისიერებას კი ყოველთვის არ გამორიცხავს. კეთილსინდისიერი არ იქნება შემძენი, თუ მან იცოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მიუთითებენ უზუსტო ჩანაწერზე ან მისი უფლების რეგისტრაციის უსწორობაზე. ამრიგად, კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რეესტრის ჩანაწერები არ ჩაითვლება სწორად, თუ ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივრის თაობაზე ცნობილი იყო შემძენისათვის.
ამრიგად, გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს არც საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის საკითხი წარმოადგენს და არც საკუთრების უფლება, არამედ საკუთრების უფლების დაცვა.
სააპელაციო სასამართლო არ უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დადგენაც მიზანშეწონილია განხორციელდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და რაც აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება (განჩინება) სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ზ. მ-შვილის მიერ უძრავი ნივთის საჯარო აუქციონზე შეძენის დროს (2000წ. სექტემბერს) იყო თუ არა შეტანილი საჩივარი საჯარო რეესტრის ჩანაწერების საწინააღმდეგოდ და ცნობილი იყო თუ არა სადავო უძრავი ნივთის შეძენის მომენტში ამის შესახებ ზ. მ-შვილისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.