გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 02.05.2001
საქმის ნომერი
3კ/368-01
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/368-01 2 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი, მ. გოგიშვილი

სარჩელის დავის საგანი: მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობისა და ყვარლის რაიონის ნოტარიუსის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 11 სექტემბერს გ. ს-შვილმა ყვარლის ტექბიუროს და ყვარლის რაიონის ნოტარიუსის წინააღმდეგ, მესამე პირი მ. ს-შვილის მიმართ სარჩელით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1972 წელს მან და მისმა შვილებმა: ზ. და ნ. ს-შვილებმა გაიყვეს ქონება. გაყოფის დროს მას შვილებისათვის მიწის ფართობი არ გადაუცია.

1973 წელს მან ზ. ს-შვილს სახლის ასაშენებლად მისცა ყვარლის რაიონის სოფ. ... მდებარე, მასზე რიცხული 2000 კვ. მ. მიწის ფართობიდან 1000 კვ.მეტრი.

მითითებულ ნაკვეთებზე ზ. ს-შვილმა ააშენა სახლი.

ზ. ს-შვილი გარდაიცვალა 1997 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ ზ. ს-შვილის მეუღლემ მ. ს-შვილმა მიიღო სამკვიდრო ქონება და მოახერხა საცხოვრებელი სახლის ქვეშ არსებული 1000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე, გ. ს-შვილის სახელზე რეგისტრირებული 1000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის, რომელზეც ვენახი იყო გაშენებული, თავის სახელზე გადაფორმება.

მოსარჩელემ მოითხოვა მ. ს-შვილის მიერ მიტაცებული 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის დაბრუნება, ყვარლის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის და ყვარლის რაიონის ნოტარიუსის მიერ 1999 წლის 7 ოქტომბერს მ. ს-შვილის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

საქმეში მესამე პირად მოწვეულმა მ. ს-შვილმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 1974 წლიდან მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის ზ. ს-შვილის სახელზეა რეგისტრირებული და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, დავა დაუშვებელია.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

2000 წლის 21 ნოემბერს მ. ს-შვილმა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, რომელმაც 2001 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. ს-შვილის სარჩელი დატოვა განუხილველად იმ მოტივით, რომ იგი საქმეში მონაწილეობდა მესამე პირის სახელით და უფლება არ ჰქონდა შეეტანა სააპელაციო საჩივარი.

2001 წლის 21 თებერვალს მ. ს-შვილმა კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორი მითუთითებს, რომ იგი არის მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლებით და არა მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ამიტომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნია. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მოთხოვნა, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი განხილული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ კერძო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ყვარლის რაიონი სოფ. ... არსებული 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრე მ. ს-შვილია, რომელიც ამ ნაკვეთის მესაკუთრედაა რეგისტრირებული ტექინვენტარიზაციის ბიუროში. მასზევეა გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. ტექინვენტარიზაციის ბიუროში მესაკუთრედ რეგისტრირება და ნოტარიუსის მოწმობის გაცემა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა ადინისტრაციული დავის საქმეს კი არ წარმოადგენს, არამედ იგი სამოქალაქო სამართლებრივი დავის საქმეა და უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი მ. ს-შვილის სახელზეა რეგისტრირებული, მოცემულ საქმეში იგი წარმოადგენს მოპასუხეს, რადგან ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალო გავლენას ახდენს მის უფლებებზე. ამიტომ რაიონულ სასამართლოს მ. ს-შვილის საქმეში ჩაბმის საკითხი უნდა გადაეწყვიტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმეში მოპასუხედ ჩაბმული ყვარლის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე მიუთითებდა, რომ იგი არ იყო სათანადო მოპასუხე და უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპსუხით, რასაც, თავის მხრივ, მ. ს-შვილმა და მისმა წარმომადგენელმაც დაუჭირეს მხარი და მოითხოვეს საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმა.

მიუხედავად აღნიშნულისა, რაიონულმა სასამართლომ არ გადაწყვიტა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმის საკითხი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, ისე, რომ სათანადო შეფასება არ მისცა სააპელაციო საჩივარში მ. ს-შვილის მიერ დასმულ, ზემოთ მითითებულ საკითხებს, სააპელაციო საჩივარი (ფორმალური ნიშნის მიხედვით, რომ მისი ავტორი საქმეში მესამე პირად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და არ ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება) განუხილველად დატოვა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ მ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 374-ე, 372-ე, 284-ე და 285-ე მუხლების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მოთხოვნა. მან შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და იგი დასაშვებად მიიჩნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეემოწმებინა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიეღო ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემდეგ საქმის ზეპირი განხილვის სტადიაზე განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული მოქმედებით სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის მოთხოვნები.

პალატას მიაჩნია, რომ მ. ს-შვილი მოცემული საქმის განხილვაში ფაქტობრივად მონაწილეობას ღებულობდა როგორც მოპასუხე. იგი მოცემულ საქმეზე მოპასუხეა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალო გავლენის ახდენს მის უფლებეზე და აქედან გამომდინარე, მისი სააპელაციო საჩივარი დასაშვებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 თებერვლისა და 27 თებერვლის განჩინებები. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.