დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 3კ/720-01 1 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და გაკოტრების დროებითი მმართველის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 14 მარტს ჭიათურის რაიონული სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “ჯ.-ის” გენერალურმა დირექტორმა გ. შ-ძემ და მოითხოვა სს “ჭ.-ის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: 2000 წლის 20 მარტს შპს “ა.-სა” და სს “ჭ.-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ, 2000 წლის 31 ივლისამდე ვადით. სს “ჭ.-ი” პერიოდულად, მაგრამ დაწესებული ვადის დარღვევით, იხდიდა მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს. უკანასკნელად საფასური გადაიხადა 2000 წლის 13 აპრილს. 2000 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის მიხედვით გადაუხდელმა თანხამ შეადგინა 63 578 აშშ დოლარი. 2000 წლის 19 დეკემბერს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ა.-მ” მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს “ჯ.-ს”. 2001 წლის 6 მარტს შპს “ჯ.-სა” და სს “ჭ.-ს” შორის გაფორმდა ვალის აღიარების აქტი, სადაც დაფიქსირდა მიწოდებული ელექტროენერგიის დავალიანება 63 573 დოლარის ოდენობით. ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის მიუხედავად, სს “ჭ.-ი” არ იხდის დავალიანებას. აღნიშნული საფუძვლებით მოითხოვა სს “ჭ.-ის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა და დროებითი მმართველის დანიშვნა. გაკოტრების დროებით მმართველად შპს “ჯ.-მ” სასამართლოს შესთავაზა ჯ. ღ-შვილის კანდიდატურა.
ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 16 მარტის განჩინებით შპს “ჯ.-ს”, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 179-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის გამო, ხარვეზის გამოსასწორებლად მისცა ვადა 2001 წლის 6 აპრილამდე. განმცხადებელმა 23 მარტს განჩინებაში მითითებული დოკუმენტები წარადგინა სასამართლოში, რის შემდეგაც სასამართლომ 2001 წლის 29 მარტის განჩინებით განცხადება მიიღო წარმოებაში და ამავე განჩინებით გაკოტრების დროებით მმართველად დანიშნა ჯ. ღ-შვილი. მოვალეს _ სს “ჭ.-ს” დაევალა სასამართლოში წარედგინა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-7 მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტები. სს “ჭ.-ის” მიმართ შეჩერდა აღსრულების ღონისძიებები.
ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ჭ.-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა მ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა 2001 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო წარმოებაში შპს “ჯ.-ის” განცხადება, კერძოდ, განცხადებაში არ არის მითითებული გარემოებანი, რომლებიც ასახავენ სს “ჭ.-ის” გადახდისუუნარობას. შპს “ჯ.-ს” არ ჰქონდა განცხადების შეტანის უფლება, რადგან იგი არ არის კრედიტორად გატარებული სს “ჭ.-ის” ბუღალტრული ჩანაწერებით, განმცხადებელს არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრული ოდენობით, არ არის დასაბუთებული შპს “ჯ.-ის” ქონებრივი პრეტენზიები. სს “ჭ.-ის” დირექტორი მიუთითებდა, რომ საწარმოსათვის პრობლემა არ არის 63 578 აშშ დოლარის გადახდა, რადგან საზოგადოებას გააჩნია 111 000 000 საწესდებო კაპიტალი. აღნიშნული საფუძვლებით მოითხოვა 2001 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება.
ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ სს “ჭ.-ის” კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს. ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ივნისის განჩინებით სს “ჭ.-ს” უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩა ამ საქმეზე ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის განჩინება.
სააპელაციო სასამრთლოს 2000 წლის 5 ივნისის განჩინება სს “ჭ.-მ” გაასაჩივრა იმავე საფუძვლებით, დამატებით მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნა ეწინააღმდეგება “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მმართველი უნდა იყოს გამოცდილი და ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. დროებითი მმართველი ართულებს და აბრკოლებს სს “ჭ.-ის” საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 29 აპრილის ¹ 154 ბრძანებულება მიზნად ისახავს სს “ჭ.-ისა” და “ზ.-ის” თანამშრომლობას, ამ ორი საწარმოს აღორძინებას, რის გამოც მათ შორის დაიდო ხელშეკრულება მარგანეცის მიწოდების შესახებ. გაკოტრების დროებითი მმართველი ჯ. ღ-შვილი ეწინააღმდეგება აღნიშნულ ხელშეკრულებას და ასევე აბრკოლებს სხვადასხვა გარიგების დადებას. სს “ჭ.-ის” გენერალურმა დირექტორმა რ. გ-ძემ წარმოადგინა დროებითი მმართველის წერილი, რითაც იგი გენერალურ დირექტორს ნებართვას აძლევდა, რომ სს “ჭ.-სა” და სს “ზ.-ს” შორის დადებული ხელშეკრულება განხორციელებულიყო როგორც ერთჯერადი აქტი.
სააპელაციო სასამართლომ განიხილა სს “ჭ.-ის” კერძო საჩივარი, წარმოდგენილი მასალები და დადგენილად ცნო, რომ დროებითი მმართველის დანიშვნა აბრკოლებს საწარმოს საქმიანობას, პრეზიდენტის ¹154 ბრძანებულების განხორციელებას და 2001 წლის 14 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს “ჭ.-ის” კერძო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის განჩინება და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ივნისის განჩინება დროებითი მმართველის დანიშვნის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში ორივე განჩინება დარჩა უცვლელი. სს “ჭ.-ის” კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს. 2001 წლის 14 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შემოიტანა შპს “ჯ.-მ” და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება დროებითი მმართველის დანიშვნის გაუქმების ნაწილში იმ სფუძვლით, რომ სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ სს “ჭ.-ის” და შპს “ჯ.-ის” კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სს “ჭ.-ის” მოსაზრებას, რომ სასამართლოს შპს “ჯ.-ის” განცხადება არ უნდა მიეღო, რადგან მას გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა 30 ლარი.
“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გამოიანგარიშება გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის არსებული გაკოტრების მასის ღირებულებიდან, გირავნობისა და უზრუნველყოფის უფლებების ღირებულების გამოკლებით. სახელმწიფო ბაჟი შეადგენს გაკოტრების მასის 2%-ს, სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობაა 30 ლარი. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გაკოტრების მასა მოიცავს ვალაუვალი მოვალის ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ.
გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების მიღებისას, გაკოტრების მასა შესაძლებელია თავდაპირველად არ იყოს ზუსტად და სრულად განსაზღვრული. “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონი ითვალისწინებს საქმის წარმოების პერიოდში გაკოტრების მასის დაზუსტების შესაძლებლობებსა და საშუალებებს. საბოლოოდ იგი განისაზღვრება საქმის წარმოების დამთავრების მომენტისათვის. ამიტომ თავდაპირველად შეტანილი სახელმწიფო ბაჟი შეიძლება არ აღმოჩნდეს შესაბამისობაში საბოლოოდ დაზუსტებულ გაკოტრების მასასთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის დამატებითი გადახდევინების შესაძლებლობას. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეზე საბოლოო დადგენილების მიღებისას საქმის წარმოების ხარჯების საკითხი უნდა მოაწესრიგოს განჩინებით და გაანაწილოს “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, პალატა არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს და თვლის, რომ სასამართლოს განცხადების მიღებისას არ დაურღვევია 32-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე სს “ჭ.-ის” მოსაზრებას, რომ განცხადებაში არ არის მითითებული გარემოებანი, რომლებიც ასახავენ სს “ჭ.-ის” გადახდისუუნარობას და არ არის დასაბუთებული შპს “ენ და ემ ენერჯი კორპორეიშენის” ქონებრივი პრეტენზიები. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის III ნაწილის თანახმად, მოვალის გადახდისუუნარობა ივარაუდება, თუ მოვალე ზოგადად შეწყვეტს ვალების გადახდას. ამავე კანონის მე-62 მუხლის თანახმად, კრედიტორმა გაკოტრების განცხადებაში უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძველი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის არსებობა. განცხადებას უნდა დაურთოს თავისი მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გაკოტრების განცხადებას თან ერთვის შპს “ჯ.-ის” მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება მოთხოვნის გადაცემის შესახებ, ურთიერთშეთანხმების აქტი, ვალის აღიარების აქტი და სხვა) და განცხადებაში მითითებული იყო გაკოტრების საფუძველზე, კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ სს “ჭ.-მ” შეწყვიტა ვალის გადახდა, რაც მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ვარაუდს გადახდისუუნარობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ გაკოტრების განცხადების მიღება არ ნიშნავს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას, განცხადების მიღება არ ნიშნავს ასევე, რომ მოვალე გადახდისუუნაროა. როგორც აღინიშნა გადახდისუუნარობა მხოლოდ ივარაუდება. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხს ამოწმებს მხოლოდ განცხადების მიღების შემდეგ და თუ შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ სახეზე არ არის გაკოტრებაუნარიანობა ან გაკოტრების საფუძველი, მე-9 მუხლის თანახმად, სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარს ამბობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაკოტრების განცხადების მიღებისას არ არის დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-185-ე მუხლების და “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნები და სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სს “ჭ.-ს” ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე შპს “ჯ.-ის” კერძო საჩივარიც შემდეგ გარემოებათა გამო:
“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” მე-7 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლომ შეიძლება დანიშნოს დროებითი მმართველი, ე.ი. დროებითმა მმართველმა პირველ რიგში უნდა მიღოს გაკოტრების მასა _ ესაა ვალაუვალი მოვალის ქონება, რომელიც მას ეკუთვნის საქართველოში თუ საზღვარგარეთ. განცხადების მიღების მომენტისათვის სასამართლოსათვის ჯერ კიდევ ცნობილი არ არის გაკოტრების მასა, ე.ი. იმ ქონების მოცულობა, რომელიც ეკუთვნის მოვალეს. ამავე მუხლის I ნაწილის თანახმად, გაკოტრების წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რისთვისაც შეუძლია დაკითხოს მოწმეები, მოიწვიოს ექსპერტები და მოუსმინოს მოვალეს.
ამდენად, დროებითი მმართველის დანიშვნის დროისათვის სასამართლომ უკვე უნდა იცოდეს ვალაუვალი ქონების, ანუ გაკოტრების მასის მოცულობის შესახებ. მართალია, სასამართლოს საქმის წარმოების ამ ეტაპზე შეიძლება არ ჰქონდეს სრული ცოდნა გაკოტრების მასის შესახებ, მაგრამ გარკვეული ცოდნა ამის შესახებ უნდა გააჩნდეს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ვერც საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ. მოვალის ქონების მოცულობის დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია დანიშნოს დროებითი მმართველი, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს და თუ ეს აუცილებელია გაკოტრების მასის დაცვისათვის. მოცემულ საქმეზე ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ გაკოტრების მასის მოცულობის დადგენამდე დანიშნა დროებითი მმართველი და არ იმსჯელა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული ისეთი დიდი სამრეწველო ობიექტისათვის, როგორც არის სს “ჭ.-ი”, რომლის საწესდებო კაპიტალი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ას მილიონზე მეტია, დროებითი მმართველის დანიშვნა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის განმრატებაზე, სადაც მოცემულია “გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოება”. მასში თანმიმდევრობით ჩამოთვლილია ის საპროცესო მოქმედებები, რაც უნდა შეასრულოს სასამართლომ განცხადების მიღების შემდეგ, ე.ი. სასამართლომ ჯერ განცხადება უნდა მიიღოს წარმოებაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია განიხილოს იგი. ამ მუხლის მესამე ნაწილით, სასამართლოს შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა “გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას” და არა განცხადების მიღებისას. ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ განცხადების წარმოებაში მიღების ერთი განჩინებით, ყოველგვარი განხილვის გარეშე დანიშნა დროებითი მმართველი, რითაც დაარღვია აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს კანონმდებლობა კრედიტორებს აძლევს არჩევანის საშუალებას მოვალეებთან ურთიერთობაში. მას შეუძლია თავისი მოთხოვნა განახორციელოს ან ცალკეულ სააღსრულებო წარმოებაში ან საგაკოტრებო წარმოებაში. საგაკოტრებო წარმოება კოლექტიური წარმოებაა, ვინაიდან მასში, როგორც წესი, ერთზე მეტი კრედიტორი მონაწილეობს, რამდენიმე კრედიტორი ერთდროულად განახორციელებს თავის სამართლებრივ პრეტენზიებს ერთი და იმავე მოვალის წინააღმდეგ. მაგრამ თუკი საგაკოტრებო წარმოების გახსნას ითხოვს ერთადერთი კრედიტორი, რომლის მოთხოვნაა 63,578 აშშ დოლარი და ისეთი დიდი სამრეწველო ობიექტის მიმართ, როგორცაა სს “ჭ.-ი”, სასამართლომ გაკოტრების დროებითი მმართველი უნდა დანიშნოს მხოლოდ წინასწარი შემოწმების შემდეგ, როცა კრედიტორი სარწმუნოდ დაამტკიცებს თავის მოთხოვნას და მოვალის გადახდისუუნარობას.
გაკოტრების დროებით მმართველს აქვს ყველა ის ფუნქცია, რომელიც აქვს გაკოტრების მმართველს საერთოდ, გარდა ისეთი ფუნქციებისა, რომელთა შესრულება მთლიანადაა დამოკიდებული გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილებაზე (მაგ. მუხ. 19, მუხ. 26, პ.1).
აღნიშნულის გამო, გაკოტრების დროებითი მმართველი იმავე მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც გაკოტრების მმართველი. გაკოტრების კანონი გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს გაკოტრების მმართველად დასანიშნ პირს. ეს მოთხოვნები მოცემულია ამ კანონის მე-15 მუხლში:
1. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე. გამოცდილებაში იგულისხმება, რომ გაკოტრების მმართველი უნდა იყოს კარგი მეურნე, მას უნდა შეეძლოს გაკოტრების მასის მართვა. მეურნეობის წარმართვისათვის, ქონების მართვისათვის, საჭიროა საკორპორაციო სამართლის ცოდნა. მაგალითად, თუ აღძრულია საქმე სააქციო საზოგადოების გაკოტრების შესახებ, გაკოტრების მმართველმა უნდა იცოდეს ამ საზოგადოების არსი და ბუნება, აქციონერთა უფლება-მოვალეობანი, საერთო კრების უფლებამოსილებანი, დირექტორის ფუნქციები და მისი უფლებები და მოვალეობები და ა.შ. გაკოტრების მმართველმა უნდა იცოდეს, აგრეთვე საფინანსო სამართლის საკითხები. კერძოდ, უნდა ერკვეოდეს ბალანსის სტურქტურაში, შეეძლოს მისი შედგენა.
2. მეორე მოთხოვნა, რომელიც წაეყენება გაკოტრების მმართველს, ესაა მისი დამოკიდებულება და მიუკერძოებლობა. სასამართლოს მიერ დასანიშნი გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი.
3. დაუშვებელია გაკოტრების მმართველად იმ პირის არჩევა (დანიშვნა), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორც მოვალე.
სასამართლომ ამა თუ იმ პირის გაკოტრების მმართველად შერჩევისას უნდა შეამოწმოს, პასუხობს თუ არა ეს პირი მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წინაღმდეგ შემთხვევაში, გამოუცდელი, მოვალესა და კრედიტორზე დამოკიდებული პირის მმართველად დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ვალაუვალი მოვალის საწარმოსათვის ზიანის მიყენება და, შესაბამისად, გაკოტრების კანონით გათვალისწინებული მიზნის _ მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა _ მიღწევა გართულდეს.
ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ, სს “ჭ.-ის” გაკოტრების დროებით მმართველად ჯ. ღ-შვილის დანიშვნისას, არ შეამოწმა, პასუხობს თუ არა იგი გაკოტრების კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ ჯ. ღ-შვილი არის უმაღლესი განათლებით, ინჟინერ-მექანიკოსი, რითაც დაარღვია აღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღება, ასევე გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოტანა, არ წარმოადგენს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 15-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებამდე გაკოტრების მმართველს არ აქვს უფლება, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებითაც გაართულებს ან დააბრკოლებს საწარმოს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ამ საქმეზე გაკოტრების დროებითი მმართველის დანიშვნა აბრკოლებს საწარმოს საქმიანობას და სს “ჭ.-სა” და სს “ზ.-ში” მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹154 ბრაძანებულების განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 408-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ჭ.-ის” და შპს “ჯ.-ის” კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 14 ივნისის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
უცვლელად დარჩეს ასევე, ამავე პალატის 2001 წლის 5 ივნისის განჩინება გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების განჩინების უცვლელად დატოვების ნაწილში.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.