გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 16.03.2006
საქმის ნომერი
ას-1175-1419-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1175-1419-05 16 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: გაკოტრების ტაბულაში კრედიტორად შეყვანა ან საპროცესო ვადის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით სს «ქ-ოს» მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალა დადგენილ ვადაში _ 2002წ. 30 ოქტომბრამდე სასამართლოში თავისი მოთხოვნების წარდგენა.2003წ. 10 იანვარს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა ვ.კ-იამ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ ს/ს «ქ-ოს» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ 2003წ. 6 იანვარს წარმოების დირექტორისაგან შეიტყო. მისი განმარტებით, არც გაკოტრების მმართველს და არც სასამართლოს განაცხადის შეტანის ვადის შესახებ ინსპექციისათვის არ შეუტყობინებია, აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკაში». ვ.კ-იას განმარტებით, მოცემულ წარმოებას ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ გააჩნია 12.683.101,58 ლარის ოდენობის დავალიანება. მხარის მითითებით, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია საჯარო იურიდიული პირია და მის თანამშრომლებს აქვთ საგადასახადო კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული მოვალეობანი, რომელშიც რესპუბლიკაში გამოცემული გაზეთების კითხვა არ შედის, ამდენად, განაცხადის ვადის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა შემთხვევით, არაოფიციალური წყაროებიდან. ვ.კ-იამ მოითხოვა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უზრუნველყოფილ კრედიტორთა სიაში შეყვანა და «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის თანახმად, კრედიტორთა შორის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის უპირატესი უფლების მინიჭება. 2003წ. 31 იანვარს საგადასახადო ინსპექციამ კვლავ მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მას სს «ქ-ოს» მიმართ ჰქონდა გირავნობის მოთხოვნის უფლება და სასამართლო ვალდებული იყო, დაევალებინა მისთვის‚ მოთხოვნათა წაყენების ვადაში განეცხადებინა გაკოტრების მმართველთან ამ უფლების შესახებ, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია. 2003წ. 18 თებერვალს საგადასახადო ინსპექციამ მოითხოვა ამავეწ. 10 და 31 იანვრის განცხადებების განხილვა, ხოლო 31 მარტის სასამართლოსათვის მიმართვაში ვ.კოკაიამ აღნიშნა, რომ, სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, ყველა წინამდებარე განცხადება წარმოადგენდა მოთხოვნას საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ და შესრულებულია ის საპროცესო მოქმედება, რომელზეც ვადა გასულია _ შეტანილია მოთხოვნის განაცხადი. აღნიშნულის საპატიო მიზეზად მხარემ მიუთითა სასამართლოს მიერ სს «ქ-ოს» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ შეუტყობინებლობა. ვ.კ-იამ მოითხოვა წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და ვადის აღდგენის გზით სს «ქ-ოს» კრედიტორთა ტაბულაში საგადასახადო ინსპექციის შეყვანა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის განჩინებით მოთხოვნა საგადასახადო ინსპექციის უზრუნველყოფილ კრედიტორად გაკოტრების ტაბულაში შეყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საგადასახადო ინსპექციის განცხადება დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ, ასევე სს «ქ-ოს» კრედიტორთა კომიტეტის წევრმა მ.ბ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 თებერვლის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად. ამდენად, საქმე დაუბრუნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის განჩინებით საგადასახადო ინსპექციის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 10 იანვრის განცხადების შესწავლა უნდა მოხდეს კრედიტორული მოთხოვნების შესამოწმებელ დამატებით სხდომაზე. ზემოხსენებულ განჩინებაზე რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ივნისის განჩინებით რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის განჩინება, უარი ეთქვა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2002წ. 27 სექტემბრის წერილის კრედიტორული დავალიანების შესახებ დროულად შეტანილ განაცხადად ცნობის თაობაზე, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით სს «ქ-კოს» მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და ამავე განჩინებით ვალაუვალი მოვალის კრედიტორებს დაევალათ, რომ 2002წ. 30 ოქტომბრამდე წარადგინონ გაკოტრების სასამართლოში თავიანთი მოთხოვნები ვალაუვალი მოვალის მიმართ მოთხოვნის ოდენობისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით. ვალაუვალი მოვალის კრედიტორებს აქვე მიეთითათ, რომ მოთხოვნათა წაყენების ვადის დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების შედეგებზე მოქმედებს «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტი. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა თანახმად, განჩინება სს «ქ-კოს» გაკოტრების შესახებ გამოქვეყნდა 2002წ. 25 აგვისტოს გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკაში». სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმის შესახებ, 2002წ. 27 სექტემბრის წერილი უნდა ჩაითვალოს ვადაში გაცხადებულ პრეტენზიად, რამეთუ წერილის ადრესატი არის გაკოტრების მმართველი, ხოლო განაცხადი კრედიტორული დავალიანების თაობაზე უნდა წარედგინოს გაკოტრების სასამართლოს. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული წერილი არის პასუხი სს «ქ-კოს» გაკოტრების მმართველის მიმართვაზე. 2002წ. 27 სექტემბრის წერილი არ შეიცავს მოთხოვნის განაცხადის არც ერთ რეკვიზიტს. იგი არის ინფორმაციული ხასიათის წერილი დარიცხვებისა და გადახდევინების შესახებ. ამასთან დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინებით საგადასახადო ინსპექცია არ იქნა ცნობილი უზრუნველყოფილ კრედიტორად და, გამომდინარე აქედან, საგადასახადო ინსპექციას უნდა განეცხადებინა თავისი მოთხოვნები სს «ქიმბოჭკოს» მიმართ სასამართლოში «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად. კრედიტორული მოთხოვნის განაცხადით სასამართლოს რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ მიმართა 2003წ. 10 იანვარს, მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლის შემდგომ. რაც შეეხება საპროცესო ვადის გაგრძელებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად განცხადება ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 17 ივნისის განჩინებაზე რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი. საჩივრის ავტორის აზრით, 2002წ. 27 სექტემბრის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წერილი წარმოადგენს განაცხადს კრედიტორული დავალიანების შესახებ და დასადგენია მხოლოდ ვადის საკითხი _ არის თუ არა იგი დროული განაცხადი. ასევე დადგენილია, რომ სსკ-ის 64-69-ე მუხლები არ ეწინააღმდეგება «გ-ბის საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მიზანს და ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს. გაკოტრების მმართველისათვის ცნობილი იყო, რომ სს «ქ-კოს» გააჩნდა სახელმწიფო დავალიანება, რის შესახებაც უნდა ეცნობებინა ჩაეყენებინა გაკოტრების სასამართლოსათვის. ამასთან, გაკოტრების მმართველს სადავოდ არ გაუხდია საგადასახადო დავალიანება. მხარის განმარტებით, უსაფუძვლოა გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მითითება, თითქოს სადავო მოთხოვნა უნდა წაეყენებინათ გაკოტრების სასამართლოში და არა გაკოტრების მმართველთან, რის გამოც 2002წ. 27 სექტემბრის წერილი არ ჩაითვალა დროულ განაცხადად, რადგან საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის საფუძველზე კასატორი თვლიდა, რომ სს «ქ-კოს» მიმართ გააჩნდათ გირავნობის უფლება, შესაბამისად, გაკოტრების მმართველისადმი მიმართვა კრედიტორული დავალიანების თაობაზე შეესაბამებოდა «გ-ბის საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მოთხოვნებს, მით უფრო, რომ მხარის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო გაკოტრების საქმის გახსნისა და ვადის დადგენის შესახებ. ამ კანონის მე-15 მუხლიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველი ვალდებული იყო ინსპექციის მოთხოვნა გადაეგზავნა გაკოტრების სასამართლოსათვის, გაეტანა აღნიშნული საკითხი მოთხოვნის შესამოწმებელ სხდომაზე, ხოლო საგადასახადო ინსპექციის უზრუნველყოფილ კრედიტორად არ მიჩნევის შემთხვევაში, მხარის აზრით, გაკოტრების მმართველი ვალდებული იყო, მიეცა მისთვის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად _ გაკოტრების სასამართლოსათვის მისამართად. «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის 12.3 მუხლის «ბ» პუნქტით გაკოტრების სასამართლო ვალდებული იყო, საგადასახადო ინსპექციისათვის, როგორც მარეგისტრირებელი უწყებისათვის, გაეგზავნა განჩინება, რადგან «მეწარმეთა შესახებ» კანონის თანახმად, საგადასახადო ინსპექცია არის სამეწარმეო რეესტრის მწარმოებელი ორგანო. კასატორმა მოითხოვა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 27 სექტემბრის განაცხადის ცნობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განხორციელებულ განაცხადად ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გაშვების საპატიოდ ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა სს «ქ-ოს» გაკოტრების საქმის წარმოება და საზოგადოების კრედიტორებს მოთხოვნის წარდგენის ვადად განესაზღვრათ 2002წ. 30 ოქტომბერი. ამავე განჩინებით დგინდება, რომ სასამართლომ გაკოტრების წარმოება გახსნა სს «ქ-კოს» სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე ზ.კ-შვილის განცხადების საფუძველზე და დამტკიცებულად ცნო საწარმოს როგორც ზედავალიანება, ასევე მისი გადახდისუუნარობაც. სასამართლომ მიუთითა, რომ გაკოტრების წარმოების მატერიალური წინაპირობების არსებობა დადასტურებულია განმცხადებლის მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო მოსმენაზე მიწოდებული ინფორმაციით. ამავე განჩინებაში სასამართლომ მიუთითა საწარმოს უარყოფით ბალანსზე _ 8 168 556 ლარზე, აგრეთვე, სს «ქ-კოს» ვალდებულებების ჯამზე 15 963 835 ლარზე. ამ მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ სს «ქ-კოს» ვალდებულებების ჯამში იგულისხმებოდა საგადასახადო ვალდებულებები 12 491 052 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 27 სექტემბერს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სს «ქ-კოს» გაკოტრების მმართველს აცნობა დაზუსტებული სახით დავალიანების 12 689 000 ლარის ოდენობით არსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

«გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის პირველი მუხლით, ამ კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეაბილიტაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-2 მუხლის მეორე ნაწილით, გაკოტრების ზოგადი საფუძვლებია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე, მისი ზედავალიანება, თუ მოვალე იურიდიული პირია, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე უნდა ემყარებოდეს სასამართლოს მიერ გადამოწმებულ დასკვნას გაკოტრების წარმოების მატერიალური წინაპირობების არსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების წარმოების გახსნაზე დაეყრდნო სწორედ იმ გარემოებას, რომ ს/ს «ქ-კოს» ვალაუვალობა და ზედავალიანება უმეტესწილად განპირობებული იყო საგადასახადო დავალიანების არსებობით, ხოლო ამ დავალიანების არარსებობის შემთხვევაში გაკოტრების საქმის წარმოების საკითხი ეჭვქვეშ უნდა დამდგარიყო. ამდენად, გაკოტრების სასამართლოსათვის იმთავითვე ცნობილი იყო საგადასახადო დავალიანების შესახებ.

«გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულია გაკოტრების წარმოებაში გაკოტრების მმართველის როლი და ფუნქციები, ამ მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველის საქმიანობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს გაკოტრების სასამართლო. გაკოტრების მმართველის საქმიანობა უნდა ესადაგებოდეს გაკოტრების ძირითად მიზანს _ ლიკვიდაციასა და კრედიტორთა დაკმაყოფილებას. ამ საქმიანობის განხორციელებისას გაკოტრების მმართველის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს კრედიტორთა მოძიება და მათი მოთხოვნების გამორკვევა. გაკოტრების მმართველი კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს რა გაკოტრების წარმოების სწორად წარმართვაზე პასუხისმგებელ პირს, მის წინაშე კრედიტორის მიერ გაცხადებული მოთხოვნის არასაკმარის ღონისძიებად შეფასება ეწინააღმდეგება «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის დანაწესებსა და მიზნებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ 2002წ. 27 სექტემბერს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წერილი სს «ქ-კოს» გაკოტრების მმართველისადმი დავალიანების 12 689 000 ლარის ოდენობით არსებობის შესახებ საკმარისი საფუძველია, რომ იგი ჩაითვალოს დროულ განაცხადად კრედიტორული დავალიანების შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმად სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინება უნდა გაუგზავნოს, აგრეთვე, იმ პირებს, რომლებმაც მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლამდე განაცხადეს, რომ ვალაუვალი მოვალის მიმართ აქვთ მოთხოვნები და სხვა უფლებები ან, რომლებმაც ვალაუვალი მოვალის მიმართ უნდა შეასრულონ ვალდებულებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გაკოტრების მმართველისა და გაკოტრების სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სს «ქ-კოს» გააჩნდა სახელმწიფოს დავალიანება 12689000 ლარის ოდენობით, რაც გახდა საფუძველი გაკოტრების საქმის გახსნისა და, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო‚ გადაეგზავნა რუსთავის საგადასახადო ინსპექციისათვის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და 2002წ. 27 სექტემბრის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წერილი ჩაითვალოს დროულ განაცხადად კრედიტორული დავალიანების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 17 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

რუსთავის საგადასახადო ინსპექციის განცხადება 2002წ. 27 სექტემბრის განაცხადის ვადაში გაცხადებულ მოთხოვნად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექცია შეყვანილ იქნეს სს «ქ-ოს» გაკოტრების ტაბულაში კრედიტორად.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.