დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 08.07.2003
საქმის ნომერი
ას-123-820-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-123-820-03 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მინდობილობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. უ.-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... მდებარე 46 ბინა. მან 1998წ. ნოემბერში მინდობილობა მისცა ი. ს.-ს კუთვნილი ქონების განკარგვის თაობაზე. ი. ს.-მ კი 2000წ. ოქტომბერში ი. უ.-ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება გადაანდო თ. დ.-ს. თ. დ.-მ ამ მინდობილობით ი. უ.-ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ..., მიჰყიდა ზ. დ.-ს სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით. ი. ს.-მ 2002წ. აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ზ. დ.-ის, ი. უ.-ის და თ. დ.-ის მიმართ და მოითხოვა მის მიერ 2000წ. ოქტომბერში თ. დ.-ისათვის მიცემული მინდობილობის (უფლებამოსილების გადანდობის) ბათილად ცნობა სკ-ს 81-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მოტყუებით დადებული გარიგებისა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლითაც ი. ს.-მ აღიარა, რომ თ. დ.-ისათვის გადასახდელი აქვს 5000 აშშ დოლარი და იგი ვალდებულია გადაიხადოს ეს თანხა 2002წ. 30 დეკემბრამდე.

თ. დ.-ის მიერ თანხის მიღებიდან ერთ კვირაში ზ. დ.-ე უარს იტყვის თავის სასარჩელო მოთხოვნაზე ი. ს.-მ, კ. და ი. თ.-ების მიმართ ქ. ბათუმში, ... ბინიდან გამოსახლების შესახებ. თუ ი. ს.-ე დაარღვევს მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას და არ გადაუხდის თ. დ.-ს თანხას, მაშინ იგი კისრულობს ვალდებულებას 2003 წლიდან გაათავისუფლოს აღნიშნული ბინა თავის ოჯახის წევრებთან ერთად, გადასცეს იგი თ. დ.-სა და ზ. დ.-ს. თუ ზ. დ.-ე დაარღვევს ამ მორიგების აქტით ნაკისრ მოვალეობას და უარს არ იტყვის თავის სარჩელზე, მაშინ მან ი. ს.-ეს უნდა დაუბრუნოს ის თანხა, რომელსაც მას მისცემს თ. დ.-ი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი იმ დღიდან, როდესაც მას წარმოეშობა ეს ვალდებულება. მხარეები არ გამორიცხავენ, რომ მორიგების აქტის პირველი პუნქტით მითითებულ ვადაში, მოხდეს სადავო ბინის გასხვისება, რომელიც რეგისტრირებულია ზ. დ.-ის სახელზე და რომელშიც ფაქტობრივად ცხოვრობს ი. ს.-ე. ბინის გაყიდვის შემთხვევაში თ. დ.-ი და ზ. დ.-ე მიიღებენ ამ აქტის პირველ პუნქტში მითითებულ თანხას, ხოლო ნამატი თანხა ეკუთვნის ი. ს.-ეს. თუ სადავო ბინა რეალიზებული იქნება და ზ. დ.-ე მიიღებს თანხას, იგი უარს განაცხადებს ამ ბინის საკუთრების უფლებაზე და მინდობილობას ნასყიდობის უფლებით იგი გადასცემს ი. ს.-ის მიერ მითითებულ პირს. მხარეთა შორის მორიგების გამო, შეწყდა საქმის წარმოება.

ი. ს.-ის მეუღლე ი. თ.-მ 2003წ. 17 იანვარს განცხადება შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინებაზე, მოითხოვა სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტით, ამ განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან ი. ს.-ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ სადავო ბინის განთავისუფლების პირობა უშუალოდ ეხება მას, მაგრამ იგი საქმეში არ ყოფილა მოწვეული. მან მოითხოვა ასევე მორიგების აქტის აღსრულების შეჩერება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. თ.-ის განცხადება მორიგების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

ი. თ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ გასაჩივრებული მორიგების აქტით დაირღვა მისი უფლება. სასამართლოს იგი უნდა მოეწვია პროცესზე მორიგების აქტზე ხელმოსაწერად. სადავო ბინა შეძენილია ი. თ.-ის ფულით და ი. ს.-ს არ ჰქონდა უფლება მის ნაცვლად ეკისრა სადავო ბინის გათავისუფლების მოვალეობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. თ.-ის კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 21 მარტის განჩინებით ი. თ.-ს ხარვეზის შესავსებად მისცა 10 დღიანი ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან, ვინაიდან მას კერძო საჩივრისათვის არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი გადახდილი. თუ იგი დათქმულ ვადაში არ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

იმის გამო, რომ ი. თ.-მ არ გადაიხადა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინებით დათქმულ ვადაში სახელმწიფო ბაჟი, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის განჩინებით ი. თ.-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ი. თ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და კერძო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მან კანონიერად მოითხოვა სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის ბათილობა, ამიტომ იგი არ არის მოვალე გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი კერძო საჩივრისათვის; მას არ გააჩნია ქონებრივი მოთხოვნა და მხოლოდ სასამართლოს განჩინების გაუქმებას ითხოვს, რომელიც დარღვეული უფლების აღდგენას გულისხმობს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 21 მაისის განჩინებით დაუსაბუთებლად მიიჩნია ი. თ.-ის კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გამოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი.თ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი.თ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის ბათილობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი.თ.-ის კერძო საჩივარი და საქმის მასალები გადაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 21 მარტის განჩინებით ი. თ.-ს ხარვეზის შესავსებად მისცა 10 დღიანი ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან, ვინაიდან მას კერძო საჩივრისათვის არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი გადახდილი. თუ იგი დათქმულ ვადაში არ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

იმის გამო, რომ ი. თ.-მ არ გადაიხადა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინებით დათქმულ ვადაში სახელმწიფო ბაჟი, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის განჩინებით ი. თ.-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი.თ.-ის კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მას არ ევალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი კერძო საჩივრისათვის, რადგან მას არ გააჩნია ქონებრივი მოთხოვნა და მხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენას მოითხოვს.

სსკ-ს 38-ე მუხლის “თ” პუნქტში მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით კერძო საჩივარზე; ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად სააპელაციო პალატამ, სწორად დააკისრა კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა ი.თ.-ს. ვინაიდან ი.თ.-მ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო პალატამ სსკ-ს 417-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად იგი სწორად მიიჩნია დაუშვებლად, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილისა და 2003წ. 21 მაისის განჩინებები.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.