დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.09.2006
საქმის ნომერი
ას-183-605-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-183-605-06 21 სექტემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ძ-შვილმა სარჩელით მიმართა სს „...“ მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული სარჩოს გადაანგარიშება საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-12 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, 1993წ. 1 აგვისტოდან გადაუხდელი ყოველთვიური სარჩოს ერთდროულად გადახდა.

ქ.თბილისი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინებით ნ. ძ-შვილის სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა მოპასუხისათვის 1993წ. 1 აგვისტოდან 1999წ. მარტამდე ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშებას და ერთდროულად გადახდას, შეწყდა საქმის წარმოება.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ძ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ძ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს „...“ დაეკისრა 1999წ. 1 აპრილიდან 2004წ. იანვრამდე მიუღებელი სარჩოს - 307 ლარისა და 80 თეთრის ერთჯერადად და 2004წ. 20 იანვრიდან კი ყოველთვიურად 5 ლარისა და 40 თეთრის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ძ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 აპრილის განჩინებით ნ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. ძ-შვილმა ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა სარჩოს 250 ლარიდან გამოთხოვის შესახებ და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ამ უკანასკნელის მიერ საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი სს „...“ 2003წ. ხელფასის საშემოსავლოს ფორმები ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ძ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „...“ დაეკისრა ნ. ძ-შვილის სასარგებლოდ 1999წ. აპრილიდან 2002წ. დეკემბრამდე არსებული დავალიანების 162 ლარის, ხოლო 2002წ. დეკემბრიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 59.1 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოში დურგლის სამი თვის მანძილზე ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასი შეადგენდა 394 ლარს და პროფესიული შრომისუნარის 15%-ით დაკარგვის გათვალისწინებით, ნ. ძ-შვილისათვის გადასახდელი თანხა განსაზღვრა 59,1 ლარით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“ წარმომადგენელმა გ. რეხვიაშვილმა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ შეცდომა დაუშვა საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ნ. ძ-შვილის სახელზე გაცემულ ყალბ ცნობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განჩინებით გ. რეხვიაშვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2005წ. 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს „...“ დირექტორმა გ. რეხვიაშვილმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების მოთხოვნით.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა სამი თვის საშუალო ხელფასი და, შესაბამისად, პროცენტიც, კერძოდ, სასამართლომ ჯამური თანხიდან გამოთვალა პროცენტი და არა საშუალო ხელფასიდან, სწორი გათვლით კი ყოველთვიური სარჩო იქნებოდა 19,7 და 59,1 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 9 თებერვლის განჩინებით შესწორდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი იმგვარად, რომ სს „...“ ნ. ძ-შვილის მიმართ დაეკისრა 19,70 ლარის გადახდა ყოველთვიურად. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ძ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მისთვის არ უცნობებია სხდომის დრო და ადგილი, შესაბამისად, არ მიეცა საშუალება თავისი ინტერესები დაეცვა, ასევე მიუთითა, რომ უკანონოა სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რადგან საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილების შეცვლას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 24 მარტის განჩინებით ნ. ძ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები, მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა არითმეტიკული შეცდომები ან უსწორობანი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა 2004წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-10 მუხლს, რომლის მიხედვითაც, სარჩო განისაზღვრება იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომისუნარი. ამ მუხლის საფუძველზე სარჩოს გამოთვლისას სასამართლომ დაუშვა შეცდომა, კერძოდ, პროცენტი გამოთვალა ჯამური თანხიდან და არ მოახდინა საშუალო ხელფასის გამოთვლა.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სს „...“ წარმომადგენლის განცხადება და შეიტანა შესწორება აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, ვინაიდან სარჩოს ოდენობის გამოთვლისას სასამართლომ დაუშვა აშკარა არითმეტიკული შეცდომა, რომლის გასწორება, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მისთვის არ უცნობებიათ სხდომის დრო და ადგილი და ამიტომაც არ მიეცა საშუალება დაეცვა თავისი ინტერესები, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არსებული უწყებით დასტურდება, რომ მხარეები გაფრთხილებული იყვნენ სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. ამასთან, 2006წ. 9 თებერვლის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ნ. ძ-შვილმა მხარი არ დაუჭირა სს „...“ განცხადებას და მოითხოვა სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა იგი ანუ მხარე გამოცხადდა სხდომაზე და მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა დაეცვა თავისი მოსაზრება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ძ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 9 თებერვლისა და 24 მარტის განჩინებები;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.