გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.09.2006
საქმის ნომერი
ას-187-609-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-187-609-06 27 სექტემბერი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ... სამინისტრო (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს «ბ-ი» (მოსარჩელე)

საქართველოს ... დეპარტამენტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ ვალის გადახდა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «ბ-მა» 2004 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ... დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს ... სამინისტროს სახაზინო სამსახური და მოითხოვა დარჩენილი ვალის გადასახდელად მოპასუხისათვის დაკისრება.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «ბ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ... დეპარტამენტს მოსარჩელე სს «ბ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 35943 ლარისა და 31 თეთრის გადახდა. სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების აღსრულება «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის შესაბამისად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და ჩათვალა, რომ რადგან საქართველოს ... სამინისტრო არის მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ამიტომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება არა აქვს, მის მიერ შემოტანილი სააპელაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით მოცემული საქმე იხილებოდა ადმინისტრაციული წარმოების წესით, სადაც საქართველოს ... სამინისტრო ჩართული იყო მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს ... სამინისტრომ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიღო წარმოებაში და დაიწყო მისი განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს ... სამინისტრო ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოადგენდა ისეთ მესამე პირს, რომელსაც შეეძლო სააპელაციო საჩივრის შეტანა. შემდგომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ დავა უნდა განხილულიყო სამოქალაქო წარმოების წესით და საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადასცა სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც დაუშვებლად მიიჩნია იგი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების დროს საქართველოს ... სამინისტრო საქმეში ჩართულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად და მას უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის სამოქალაქო წარმოებაში გადაცემის შემდეგ საქართველოს ... სამინისტრო უნდა დარჩეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს თავის დროზე სადავოდ არ გაუხდია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება სამოქალაქო წესით დავის განხილვის თაობაზე, ხოლო სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქართველოს ... სამინისტრო არის მესამე პირი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რომელიც არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის შემტან სუბიექტს, რომელსაც შეუძლია სააპელაციო წესით გაასაჩივროს სადავო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ როგორი მესამე პირი იყო იგი. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადასტურებულად ჩათვალა, რომ საქართველოს ... სამინისტროს ამ დავაში სარჩელი არ აღუძრავს დავის საგანზე და მის ნაწილზე რომელიმე მხარის ან ორივე მხარის მიმართ, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით, რომელსაც შეეძლო გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინება და საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად განიხილა სს «ბ-ის» სარჩელი საქართველოს ... დეპარტამენტის მიმართ და ამ საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს ... სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნიათ მხოლოდ მხარეებს და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით; მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ამის შემდეგ გადაეცა მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამიტომ საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქართველოს ... სამინისტრო მოცემული დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს წარმოადგენდა ისეთ მესამე პირს, რომელსაც შეეძლო სააპელაციო საჩივრის შეტანა, ამიტომ სამოქალაქო საქმეთა პალატას საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გაეთვალისწინებინა ყოველივე ზემოაღნიშნული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ... სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინება და საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.