დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.01.2004
საქმის ნომერი
ას-842-1469-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-842-1469-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ვ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნოტარიუსს, ე. შ-ის, მიმართ. წარდგენილ სარჩელში მან განმარტა, რომ ნოტარიუსმა 2001წ. 1 თებერვალს ისე შეადგინა თბილისში, ..... მდებარე მისი კუთვნილი ბინის 8000 ლარად გაყიდვის ხელშეკრულება, რომ არ დაადგინა მოსარჩელის უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ვ-ემ.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 23 მაისის განჩინებით ი. ვ-ეს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 240 ლარის, გადასახდელად მიეცა 10 დღიანი ვადა. 2003წ. 16 ივლისს ი. ვ-ემ განცხადება შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის განჩინებით ი. ვ-ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინებით ი. ვ-ეს ხარვეზის გამოსაწორებლად გაუგრძელდა დადგენილი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადით და დაევალა მას სახელმწიფო ბაჟის სახით 240 ლარის გადახდა. აპელანტ ი. ვ-ემ ხარვეზი არ გამოასწორა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით ი. ვ-ის საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საოლქო სასამართლომ თავისი განჩინების საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:

სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო საჩივრის შემტან პირს, უნიშნავს ვადას, რომ შეავსოს ხარვეზი; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. იმავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, კი სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს საჩივრის დასაშვებობა. თუ დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

აპელანტ ი. ვ-ეს გაეგზავნა პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინების ასლი 2003წ. 9 ოქტომბერს. 2003წ. 24 ოქტომბრის აქტის მიხედვით აპელანტმა უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების ჩაბარებაზე. სსკ-ს 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა სასამართლო განჩინების ჩაბარებაზე, ასეთ შემთხვევაში ის ჩაბარებულად ითვლება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ვ-ემ და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. ი. ვ-ემ კერძო საჩივრის საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ს 377-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა და 394-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის დადგენილებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეზე განიხილა არაკომპეტენტურმა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის ნაცვლად.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინების მიღებისას დარღვეულია სსკ-ს 376-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადები. ი. ვ-ეს აზრით, არ ყოფილა მიღებული კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა საჩივრის განხილვისათვის დადგენილ ვადაში და 73-ე მუხლის პირველი ნაწილით მითითება მოცემულ საფოსტო მისამართზე უწყების ფოსტით გადაგზავნის შესახებ, ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილია, რომ ი. ვ-ეს საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია.

ი. ვ-ე კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2003წ. 8 მაისიდან 13 ნოემბრამდე საოლქო სასამართლოდან არავითარი დოკუმენტი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე არ მიუღია.

ასევე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქმე მიეკუთვნება ადმინისტრაციულ და არაქონებრივ კატეგორიას, ამდენად სსკ-ს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, ბაჟის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 ლარს.

ი. ვ-ე მიიჩნევს, რომ დარღვეულია სსკ-ს 371-ე მუხლის მოთხოვნა, აგრეთვე, სსკ-ს 374-ე და 376-ე მუხლების მითითება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების თაობაზე, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში განჩინების მიღების და ამის თაობაზე მხარესათვის ინფორმაციის შეტყობინების შესახებ, რაც სასამართლოს მიერ არ შესრულებულა.

საოლქო სასამართლომ 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ვ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 23 მაისის განჩინებით ი. ვ-ეს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის, 240 ლარის, გადასახდელად მიეცა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან, განჩინების ასლები ი. ვ-ეს გაეგზავნა ორჯერ, 2003წ. 27 ივნისს და 17 ივლისს. 2003წ. 16 ივლისს ი. ვ-ემ საოლქო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.

სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის განჩინებით ი. ვ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ი. ვ-ეს აღნიშნული განჩინების ასლი არ ჩაბარებია;

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინებით ი. ვ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 240 ლარის გადახდა. აპელანტ ი. ვ-ემ ხარვეზი არ გამოასწორა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით ი. ვ-ის საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე ი. ვ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ვ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ დავის საგანი ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება და არა ქონებრივს; მოსარჩელე ი. ვ-ე მოითხოვს 2001წ. 1 თებერვალს გაფორმებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, აღნიშნულიდან გამომდინარე, დავა ქონებრივი ხასიათისაა და სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 39-ე მუხლის შესაბამისად მხარეს გადასახდელად სწორად განუსაზღვრა დავის საგნის ღირებულების 3%.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ლ. ვ-ემ არ ჩაიბარა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი და მოითხოვა მისი ფოსტით მიღება.

სსკ-ს 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა სასამართლო განჩინების ჩაბარებაზე, ასეთ შემთხვევაში ის ჩაბარებულად ითვლება.

სსკ-ს 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ლ. ვ-ემ არ ჩაიბარა განჩინება ხარვეზის შევსების მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, მას განჩინება ჩაბარებულად ეთვლება. ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი კანონიერად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრისა და 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებები დატოვებულ იქნეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.