დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-178-515-07 23 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ლ. მ-ა, ე. თ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-მ და ე. თ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. მ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები არიან 1991 წელს გარდაცვლილი ა. მ-ს შვილები, რომლის სამკვიდროს შეადგენდა ქ.თბილისში, ... II ჩიხში მდებარე უკანონო ¹6 სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი. მოპასუხე არის მათი აწ გარდაცვლილი ძმის შვილი. ლ.მ-მ და ე.თ-მა სამკვიდრო დროულად ვერ მიიღეს ქონების დაკანონებისათვის საჭირო თანხების არქონის გამო, ხოლო გ.მ-ი ცდილობს მთელი ქონების დასაკუთრებას, რისთვისაც მიმართა სანოტარო ბიუროს და მიიღო სამკვიდრო მოწმობა. 2004 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელეებმა სამკვიდრო უძრავი ქონება დააკანონეს დედის სახელზე, რა დროიდანაც უნდა აითვალოს სამკვიდროს მისაღები 6-თვიანი ვადა და მოსარჩელეებს გამოეყოთ დედის დანაშთი ქონებიდან თითოეულს 1/3.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეებმა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა გაუშვეს, მოპასუხემ კი სადავო ქონება კანონიერად მიიღო და საკუთრების უფლებით აღრიცხა საჯარო რეესტრში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ს და ე. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. მ-ა და ე. თ-ი არიან 1991 წლის 29 მაისს გარდაცვლილი ა. მ-ს შვილები, მოპასუხე გ. მ-ი კი მისი შვილიშვილი. ა.მ-ს სამკვიდროს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... II ჩიხში მდებარე ¹6 სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, სამკვიდროს მიღების ვადის უძრავი ქონების დაკანონების დღიდან ათვლის შესახებ, რადგან აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე კოდექსის 1424-ე მუხლისა და 1421-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისიწნებული წესით აპელანტებს სამკვიდრო არ მიუღიათ და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამკვიდროს ვადის აღდგენისათვის საჭირო საპატიო მიზეზი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. მ-მ და ე. თ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით გათვალისწინებული სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდროს მიღების ვადის ცნებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ კასატორები აგრძელებდნენ სადავო სახლში ცხოვრებას, რაც იმით დასტურდება, რომ სახლში დარჩა მათი მოძრავი ნივთები. სადავო სახლთმფლობელობა ა.მ-ს სახელზე დააკანონეს მოსარჩელეებმა და საჭირო ხარჯებიც მხოლოდ მათ გაიღეს. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტთა მიერ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ფაქტი, ვინაიდან საქმეზე დართული განცხადებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა მიმართეს ნოტარიუსს, რომელმაც მათ განცხადებაზე უკანონოდ რეაგირება არ მოახდინა. სასამართლომ არასწორად აითვალა სამკვიდროს მიღების ვადა, ვინაიდან სამკვიდრო შეიძლება გაიხსნას მხოლოდ კანონიერ ნაგებობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ლ. მ-სა და ე. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-სა და ე. თ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-სა და ე. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.