დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1134-1023-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი,ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ვ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ვ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ძის მიმართ 1998 წლის 13 ივნისს დაბადებული ნ. მ-ძის სასარგებლოდ ალიმენტის – ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეეძინათ შვილი – ნ. მ-ძე, 2010 წლიდან მხარეები გაშორდნენ, იგი ცხოვრობს შვილთან ერთად დედასთან, არ მუშაობს და ფინანსურად უჭირს. მეუღლის ხელფასი შეადგენს 1164 ლარს.
მ. მ-ძემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: იგი მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და მისი თანამდებობრივი სარგოა 1164 ლარი, ხელზე იღებს 934 ლარს. მას გამოტანილი აქვს იპოთეკური სესხი სს “... ბანკიდან” და ყოველთვიურად 10 წლის მანძილზე გადასახდელი აქვს 317 აშშ დოლარი, ასევე სოფელში ჰყავს ობოლი ძმისშვილი, უმუშევარი რძალი და პენსიონერი მშობლები. ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაიხადოს 400 ლარი, თანახმაა 100 ლარის გადახდაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. მ-ძეს 1998 წლის 13 ივნისს დაბადებული არასწრულწლოვანი შვილის – ნ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 150 ლარის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან - 2010 წლის 2 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში მ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, დავის საგნის ფასი, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 600 ლარი. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის ღირებულება კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამო იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას (მ. მ-ძეს) გააჩნია საკრედიტო ვალდებულება სს “... ბანკთან” და ყოველთვიურად იხდის 318 აშშ დოლარს, ჰყავს პენსიონერი მშობლები, რომელთა მიმართაც სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის საფუძველზე აკისრია ზრუნვის ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
მოცემული დავა ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ალიმენტის გადახდევინებას და მისი ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. მ-ძეს 1998 წლის 13 ივნისს დაბადებული არასწრულწლოვანი შვილის – ნ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 150 ლარის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან - 2010 წლის 2 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, რაც მ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ ოდენობას 50 ლარის ნაწილში და მოითხოვა მისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად არა 150, არამედ 100 ლარის დაკისრება, შესაბამისად, აპელანტმა სადავოდ გახადა მისთვის 50 ლარის გადახდევინების ფაქტი და სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს 50 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 600 ლარით სწორად განსაზღვრა და მიიჩნია, რომ იგი კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.