შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 29.01.2007
საქმის ნომერი
2კ-494აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

494აპ ქ. თბილისი

29იანვარი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ნ. კვანტალიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 07 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის განაჩენით, ა. შ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქციით). მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის იანვრის თვეში, რიცხვი დაუზუსტებელია, ღამის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში მდებარე სასაფლაოზე არსებულ ლ. კ-ის საფლავის ღობიდან მოხსნა -- ცალი ალუმინის ფიგურა, რითაც დაზარალებულ ნ. ბ-ეს მიაყენა 120 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე არაერთგზის 2005 წლის იანვრის თვეში, რიცხვი დაუზუსტებელია, ღამის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში მდებარე სასაფლაოზე არსებულ გ. გ-ის საფლავის ღობიდან მოხსნა -- ცალი ალუმინის ფიგურა, რითაც დაზარალებულ თ. გ-ეს მიაყენა 150 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე არაერთგზის 2005 წლის იანვრის თვეში, რიცხვი დაუზუსტებელია, ღამის საათებში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში მდებარე სასაფლაოზე არსებულ ს. ჟ-ის საფლავის ღობიდან მოხსნა -- ცალი ალუმინის ფიგურა, რითაც დაზარალებულ ვ. ჟ-ს მიაყენა 165 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე არაერთგზის 2005 წლის იანვრის თვეში, რიცხვი დაუზუსტებელია, ღამის საათებში, ზესტაფონში, მდებარე სასაფლაოზე არსებულ ა. დ-ის საფლავის ღობიდან მოხსნა -- ცალი ალუმინის ფიგურა, რითაც დაზარალებულ გ. ბ-ლს მიაყენა 72 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ა. შ-ლი არაერთგზის 2005 წლის 30 იანვარს ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში მდებარე სასაფლაოზე არსებულ ვ. მ-ის საფლავის ღობიდან შეეცადა მოეხსნა ალუმინის ფიგურები, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან იგი დანაშაულის ადგილზე დაკავებული იქნა სოფლის მოსახლეობის მიერ.

აღნიშნული დანაშაულისათვის ა. შ-ლს მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 01 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. შ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ სასჯელის ნაწილში და ა. შ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო გასაჩივრებული იქნა როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის, ისე მსჯავრდებულის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 19 სექტემბრის განაჩენი და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 07 ივნისის განაჩენით ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. შ-ლი ითხოვს დანიშნული სასჯელის დაკლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ დაზარალებულების თ. გ-ის, ვ. ჟ-ის, გ. ბ-ის, მოწმეების ნ. მ-ის, თ. ბ-ის, დ. ბ-ის, გ. ბ-ის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ა. შ-ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ა. შ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ ა. შ-ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. შ-ლს ლ. კ-ის, გ. გ-ის და ა. დ-ის საფლავების ღობის გაქურდვის ეპიზოდებში უნდა მოეხსნას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება ს. ჟ-ის საფლავის ღობის ქურდობის ეპიზოდს, დაზარალებულს მიადგა 165 ლარის ზიანი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვანს. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. შ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. შ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 07 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ა. შ-ის მიმართ ლ. კ-ის, გ. გ-ის და ა. დ-ის საფლავების ღობის ქურდობის ეპიზოდებში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

ა. შ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.

სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულ ა. შ-თვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.