შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1227აპ ქ.თბილისი
6 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ე-სა და მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: 1. ო. ო-ძე, იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2. გ. კ-ლი, იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ო. ო-სა და გ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ო. ო-ემ განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, იგი მივიდა ქ. თბილისში, ---ის ხეობაში გამავალი სს „---ის” ფილიალის _ „---ის” მცხეთის ტექნიკური კვანძის კუთვნილ საჰაერო-სატელეფონო ხაზთან, სადაც ჩამოჭრა და დააზიანა 60 მეტრი სიგრძის ორმაგი კაბელი, რამაც გამოიწვია თბილისი-კახეთის რეგიონის სატელეფონო კავშირის მოცდენა და მის აღდგენამდე დაზარალებულს მიაყენა 6 602 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ო. ო-ძე ჩამოჭრილ კაბელს ფარულად დაეუფლა შემდგომში რეალიზაციის მიზნით, რითიც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა 391 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საერთო ჯამში ---ის კომპანიას მან მიაყენა 6 993 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ო. ო-ემ კვლავ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი 2006 წლის 9 თებერვალს დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობ გ. კ-ლს, რომელთან ერთად იმავე დღეს, დაახლოებით 21 საათზე, მივიდა ქ. თბილისში, ---ის ხეობაში, სადაც გადის თბილისი-კახეთის რეგიონის დამაკავშირებელი სატელეფონო კაბელი. მათ ნაჯახის გამოყენებით ხის ბოძზე მოჭრეს 120 მეტრი სიგრძის კაბელი, რითიც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 391 ლარის ოდენობით. ისინი ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
აღნიშნული დანაშაულისათვის საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სს-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ო. ო-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მან თავისუფლების აღკვეთის სახით უნდა მოიხადოს 2 წელი და 8 თვე, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
გ. კ-ლს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლისმე-4 ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მან თავისუფლების აღკვეთის სახით უნდა მოიხადოს 2 წელი და 8 თვე, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 9 თებერვლიდან; მათვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, თითოეულს _ 2 ათასი ლარის ოდენობით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო. ო-ის ადვოკატმა ნ. ე-ემ, ასევე _ მსჯავრდებულების ადვოკატმა შ. ბ-ემ.
ადვოკატმა ნ. ე-ემ ითხოვა მსჯავრდებულ ო. ო-ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ასევე _ საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რათა მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი სასჯელით, და ჯარიმის მოხსნა.
ადვოკატმა შ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ო. ო-სა და გ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელების მინიმუმამდე შემცირება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ადვოკატებმა და მსჯავრდებულებმა იშუამდგომლეს სასჯელების შემსუბუქების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ო. ო-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ო. ო-ემ დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთის სახით უნდა მოიხადოს 2 წელი და 8 თვე, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
გ. კ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ო. ო-ემ დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთის სახით უნდა მოიხადოს 2 წელი და 8 თვე, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულ ო. ო-ის ადვოკატი ნ. ე-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელი ძალიან მკაცრია იმის გათვალისწინებით, რომ ო. ო-ემ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რომ იგი ხასიათდება დადებითად, პირველადაა სამართალში, არ არის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, არის 22 წლის ახალგაზრდა, რაც იძლევა საშუალებას, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს უფრო მსუბუქი სასჯელი, რადგან მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე; თვით დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი წინააღმდეგი იყო მისი მკაცრად დასჯისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ო. ო-სათვის პირობითი სასჯელის განსაზღვრასა და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
მსჯავრდებული გ. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; პირველადაა სამართალში; ჰყავს მოხუცი მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან; თვითონ ავადმყოფია, რისი დამადასტურებელი ცნობაც საქმეშია. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. კ-ლი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ეფუძნება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, მათ შორის დაზარალებულების _ გ. რ-სა და ო. კ-ის, მოწმეების _ კ. ხ-ის, ვ. ღ-სა და კ. კ-ის ჩვენებებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და თავად მსჯავრდებულების ჩვენებებს, რომელთა ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სრულადაა დადასტურებული და სააპელაციო პალატამაც სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ო. ო-ემ და გ. კ-მა ჯგუფურად ჩაიდინეს ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ო. ო-ემ ქურდობა ჩაიდინა ასევე არაერთგზის; მათვე ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა.
მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელებს, ისინი განსაზღვრულია ო. ო-სა და გ. კ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედება, ხასიათდებიან დადებითად, არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, გ. კ-ლს ჰყავს ინვალიდი მამა და თავადაც შერყეული აქვს ჯანმრთელობა. ამდენად, გ. კ-სა და ო. ო-ის მიმართ დანიშნული სასჯელები არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ამიტომ გარდა მსჯავრდებულების ქმედების კვალიფიკაციისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ო. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ე-სა და მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: ო. ო-სა და გ. კ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.