შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
203აპ ქ. თბილისი
30 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ო-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ლ. ო-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ნ-ის ძე ო-ია, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) და მიესაჯა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ლ. ო-ას მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: ლ. ოთხოზორია 2006 წლის 24 აპრილს ღამის საათებში, დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და განიზრახა მასთან ერთად სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობა ჯგუფურად, რა მიზნითაც ისინი მივიდნენ ქ. ზუგდიდში, ---ს ქ. ¹2-ში გ. ა-ის ასული ა-ას საცხოვრებელ ბინასთან, ღამის სამ საათზე დამხმარე ხელსაწყოს გამოყენებით გააღეს გ. ა-ას საცხოვრებელი ბინის კარები, უკანონოდ შეაღწიეს ბინაში და მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 100 კგ. თხილს, ღირებულს 450 ლარად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავის მოქმედებით ლ. ო-ამ დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
აპელანტი, მსჯავრდებული ლ. ო-ია სააპელაციო საჩივრით მოითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, არაა ნასამართლევი, დაზარალებულს ზარალი ანაზღაურებული აქვს, ჰყავს სიმსივნით დაავადებული დედა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, ლ. ო-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ო-ამ, რომლითაც მოითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ლ. ო-ზე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ლ. ო-ას პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზღვარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ო-ას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, სსსკ-ის 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ. ო-ას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.