შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 31.07.2007
საქმის ნომერი
2კ-259აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

259აპ ქ. თბილისი

31 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჰ. რ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ჰ. რ-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ჰ. რ-ამ 2006 წლის 2 იანვარს გადაწყვიტა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან იმავე დღეს, დილის საათებში, უკანონოდ შეაღწია ზუგდიდის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ლ. ჩ-ას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად გაიტაცა 80 კგ თხილი, ღირებული 400 ლარად და სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენა 713 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ჰ. რ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება _ 9,5 გრამი „---”, რომელსაც ინახავდა ქურთუკის გარეთა, მარჯვენა ჯიბეში, რაც 2006 წლის 4 იანვარს მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის მიმდინარეობისას ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა.

აღნიშნული ქმედებისათვის ჰ. რ-ას საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, ჰ. რ-ას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს თანხა _ 2 ათასი ლარი დაუბრუნდა გირაოს შემტანს. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 20 სექტემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-ემ. მან ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ჰ. რ-ას გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ ადვოკატი ვ. გ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ჰ. რ-ას მიმართ არასწორია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა არსებითი სხვაობა მოწმე დ. რ-ას ჩვენებებში; დაზარალებულის განცხადებაში მისი გაქურდვის შესახებ აღნიშნულია მხოლოდ თხილის ქურდობა, სხვა ნივთები როდის დაკარგა, თვითონვე ვერაფერს ამბობს; დაზარალებული ვ. ჩ-უა ითხოვდა მსჯავრდებულის განთავისუფლებას, რადგან მასზე არასოდეს ჰქონია ეჭვი; საეჭვოა, როგორ ვერ გაიგო ლ. ჩ-ამ მინის ჩამსხვრევის ხმა, ის, თუ როგორ გაზიდეს სახლიდან 80 კგ თხილი და ზამთარში როგორ ეძინა ჩამტვრეული ფანჯრის გვერდით დილამდე.

რაც შეეხება „---ს”, კასატორი აღნიშნავს, რომ როგავების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მოხდა დამსწრეთა მოყვანამდე, თავად ჰ. რ-ას არ ჩატარებია ექსპერტიზა ნარკოტიკების ზემოქმედებაზე; 10,5 გრამი „---” ვერ ჩაეტეოდა ასანთის კოლოფში; სასამართლომ არ გაითვალისწინა ჰ. რ-ას პიროვნება, ის, რომ იგი არ დაემალა გამოძიებას, რადგან იყო უდანაშაულო; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ჰ. რ-ვა ხასიათდება დადებითად; აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ჰყავს ცოლ-შვილი, ინვალიდი მშობლები; არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და დაავადებულია სტენოზით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ვ. გ-ძე ითხოვს სსსკ-ის 504-ე მუხლის საფუძველზე ჰ. რ-ას პატიმრობიდან განთავისუფლებას, რასაც ეთანხმება მსჯავრდებულიც.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ჰ. რ-ას მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენია. ამასთან დაკავშირებით პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ ლ. ჩ-ას, დ. რ-ას, ლ. ა-ას, მ. შ-სა და ზ. გ-ას ჩვენებებით (ს.ფ. 198-209), შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ბინისა და პირადი ჩხრეკის, საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით (ს.ფ. 3-4; 18-19; 25-27; 37), ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 64) უდავოდ დადასტურებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ ჰ. რ-ამ ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რისთვისაც მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტები (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელად ითვალისწინებდნენ, შესაბამისად, 2-დან 6 წლამდე და 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჰ. რ-ვა წინასწარი გამოძიებისას დააკავეს 2006 წლის 4 იანვარს (ს.ფ. 34), ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის იმავე წლის 6 იანვრის ბრძანებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო და ჰ. რ-ვა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან (ს.ფ. 82-83).

ამდენად, ჰ. რ-ას სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს საქმის წინასწარი გამოძიებისას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2006 წლის 4 იანვრიდან იმავე წლის 6 იანვრამდე _ 2 დღე.

ზემოანიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც, გარდა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჰ. რ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს: ჰ. რ-ას ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე;

ჰ. რ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საქმის წინასწარი გამოძიებისას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2006 წლის 4 იანვრიდან 2006 წლის 6 იანვრამდე _ 2 (ორი) დღე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.