შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹32საზ ქ. თბილისი
4 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. დ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის განაჩენით კ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ამავე განაჩენით მ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე და მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით ზემომითითებული განაჩენი მსჯავრდებულ კ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ შეიცვალა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 129-ე მუხლზე და სასჯელის ზომად მ. შ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებული კ. დ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ კ. დ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) აღნიშნული ქმედებისათვის სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) გაუქმდა და ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობას ამჟამად ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლის სანქციით სასჯელის ზომად დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ. დ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 4 იანვრის განჩინება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან, რის გამოც მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამასთან, კ. დ-ეს სასჯელის ზომა უნდა განესაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, მას გასაჩივრებული განჩინებით დანიშნული სასჯელი _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განჩინება სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი მის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მ. შ-ძე ,,ამნისტიის შესახებ’’ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლის საფუძველზე მისთვის შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის განჩინება მსჯავრდებულების _ კ. დ-სა და მ. შ-ის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ კ. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით _ შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და კ. დ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ კ. დ-სა და მ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.