დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.10.2007
საქმის ნომერი
245საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
31.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

245/საზ ქ. თბილისი

31 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ნ. კ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 10 თვის ვადით.

ამავე განაჩენით ვ. ძ-ია ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით, 10 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ტ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

გ. მ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

ს. ც-ლი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 9 თვისა და 10 დღის ვადით.

განაჩენით მსჯავრდებულ ნ. კ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა გაქცევა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ბადრაგირებისას, ბადრაგის წევრთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. გ-ის საჩივრის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გადასინჯა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 თებერვლის განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 28 ივლისის განჩინება და ცვლილება შეიტანა მსჯავრდებულ პ. გ-ის სასარგებლოდ კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში. ამავე განჩინებით პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ნ. კ-ის, ვ. ძ-ას, ბ. ტ-ის, გ. მ-ის, ს. ც-ის მიმართ და სასამართლოს გადაწყვეტილებები მათ მიმართ დატოვა უცვლელი.

მსჯავრდებული ნ. კ-ია საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლთან მიმართებით ცვლილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ნ. კ-ას პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსი 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ. კ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ვ. ძ-ას, ბ. ტ-ის, გ. მ-სა და ს. ც-ის მიმართ და მიიჩნია, რომ, ზემომითითებული მოტივების გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება მათ მიმართაც უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.