ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1146აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1146აპ ქ. თბილისი

4 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი, რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ა-სა და დაზარალებულების _ ბ. გ-ს, დ. თ-სა და მ. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განაჩენზე პ. თ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის განაჩენით პ. თ-ი, _ დაბადებული ... წლის .........., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში დაზარალებულებმა _ ბ. გ-მ, დ. თ-მა და მ. ს-ძემ პ. თ-ს ამერიკაში გასამგზავრებლად სთხოვეს დახმარება, რომელმაც დახმარებისათვის თითოეულს გასამრჯელოს სახით მოსთხოვა 3300 აშშ დოლარი. 2003 წლის 17 და 19 აპრილს დაზარალებულებმა აღნიშნული თანხა ნაწილ-ნაწილ გადასცეს პ. თ-ს.

იმ მიზნით, რომ ბ. გ-ს გამგზავრება ნაკლები თანხა დამჯდარიყო, მსჯავრდებულმა მას გამოართვა ორი ფოტოსურათი და დაამზადა ყალბი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენა გასამგზავრებელი ბილეთის შეღავათიან ფასში შესაძენად. პ. თ-მა ბაქოში აიღო თვითმფრინავის ბილეთი ბაქო-ფრანკფურტი-მაიამი-იამაიკის მიმართულებით და მეტი დამაჯერებლობისათვის დაზარალებულები გააგზავნა ქ. ბაქოდან თვითმფრინავით, მაგრამ ისინი დააბრუნეს ქ. ფრანკფურტიდან. ვინაიდან საბოლოოდ ბ. გ-ს, დ. თ-სა და მ. ს-ს საზღვარგარეთ გამგზავრება ვერ მოხერხდა და დაზარალებულები დარწმუნდნენ, რომ ისინი მოატყუეს, მივიდნენ პ. თ-თან და მოითხოვეს ფულის უკან დაბრუნება. მსჯავრდებულმა თითოეულ მათგანს დაუბრუნა მხოლოდ 350-350 აშშ დოლარი, რითიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მიიღო მათგან 2950-2950 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებისათვის პ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ტუსაღობა 3 თვის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პ. თ-ს საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე თითოეული დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2950 აშშ დოლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ და ითხოვა პ. თ-ის გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: პ. თ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მას სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულს განემარტა ნაწილობრივი რეაბილიტაციის უფლება.

კასატორი _ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი პ. თედორაშვილის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

იამაიკაში ტურისტად წამსვლელს აუცილებლად წინასწარ უნდა ჰქონდეს დაჯავშნული სასტუმროს ნომერი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა მსჯავრდებულის მიზეზით, რომელმაც იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო დაზარალებულების გამგზავრების შემაფერხებელი საფუძველი, თუმცა მან ამ ვალდებულებას შეგნებულად აარიდა თავი, რადგან იამაიკაში სასტუმროს დაჯავშნა დამატებით თანხებს მოითხოვდა და მას, შესაბამისად, აღებული თანხიდან ნაკლები მოგება დარჩებოდა; პ. თ-მა წინასწარ იცოდა, რომ დაზარალებულთა მგზავრობა უშედეგო იქნებოდა, მოტყუებით, ბოროტად გამოიყენა მათი ნდობა, რაც თაღლითობის მთავარი ელემენტია; მისი უკანონო ქმედებით დაზარალებულებმა განიცადეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, მით უფრო, რომ მათ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა დიდმა გაჭირვებამ გადააწყვეტინა, შეგროვილი თანხა კი დღემდე არ დაბრუნებიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი დ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს პ. თ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 მაისის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.

დაზარალებულები _ ბ. გ-ძე, დ. თ-ი და მ. ს-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი; ამ შემთხვევაში დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან გამოყენებულია მასსა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი; სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ნდობა და სამივე დარწმუნებული იყო, რომ თანხის გადახდის შემდეგ გაემგზავრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში; პ. თ-ს ქმედება მთლიანად თავსდება თაღლითობის შემადგენლობაში და თაღლითობის კლასიკური მაგალითია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით პ. თედორაშვილის გამართლების ნაწილში და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ სრულად შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულმა მ. ს-ძემ განმარტა, რომ პ. თ-თან შეხვედრისას მან და დ. თ-მა გამოთქვეს აშშ-ში გამგზავრების სურვილი და სთხოვეს დამხარება. მ. ს-ს განმარტებით პ. თ-ს უთხრეს, რომ სურდათ ,,ვიზით წასვლა ან როგორც თვითონ შეძლებდა". პ. თ-საგან იცოდა, რომ გერმანია უპრობლემოდ უნდა გაევლო, ვიზა არ სჭირდებოდა და არც იამაიკაში ჩასვლას აპირებდნენ, თუმცა ქ. მაიამიში ჩასვლის შემდეგ მას თავად უნდა ეპატრონა თავისი თავისთვის. დაზარალებულის განცხადებით, მან იცოდა, რომ აშშ-ში ჩასვლას სჭირდებოდა ვიზა, რომელზე საუბარი არ ყოფილა, იგი როგორმე უნდა ჩასულიყო ქ. მაიამიში. ამ ქალაქიდან რომ გამოებრუნებინათ, არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, მაგრამ პრეტენზია აქვს იმის გამო, რომ შეთანხმების თანახმად, გერმანიის ტერიტორია უპრობლემოდ უნდა გაევლო (ს.ფ. 549-557).

დაზარალებულმა დ. თ-მა განმარტა, რომ პ. თ-ს სთხოვდა სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას. დ. თ-ს განცხადებით, მას 1 წლით ადრეც სურდა გამგზავრება აშშ-ში და იცოდა, რომ საჭირო იყო ვიზა. ამასთან, 4 წლით ადრე აშშ-ში გაემგზავრნენ მისი ნათესავები თბილისი-პარიზი-მაიამი-იამაიკას რეისით. შემდეგ ეს მარშრუტი დაკეტეს. დ. თ-ს აეროპორტში უთხრეს, რომ შეეძლო ბილეთის აღება, მაგრამ უკან დააბრუნებდნენ და ბილეთში გადახდილი თანხაც არ დაუბრუნდებოდა. სწორედ ამის შემდეგ მან მიაკითხა პ. თ-ს, რომელიც დაჰპირდა, რომ ქ. ბაქოდან გაამგზავრებდა. დაზარალებულის განმარტებით, მან იცოდა, რომ ქ. თბილისიდან, პარიზის გავლით, ქ. მაიამიში ვერ მოხვდებოდა და თანახმა იყო, გამგზავრებულიყო ქ. ბაქოდან (ს.ფ. 567-576).

დაზარალებულმა ბ. გ-მ განმარტა, რომ ქ. მაიამიში მოსახვედრად პ. თ-მა შესთავაზა მარშრუტი, რომლისთვისაც, მისივე განცხადებით, საჭირო არ იყო ტრანზიტული ვიზა. ბ. გ-ძემ მიუთითა, რომ ტელევიზიის საშუალებით იცოდა ქ. მაიამიში უვიზოდ მოხვედრის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ არ იყო გარკვეული დეტალებში და ამიტომ მიაკითხა პ. თ-ს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ შეთავაზებული რეისით მგზავრობისათვის საჭირო არ იყო ტრანზიტული ვიზა და ამის თაობაზე დოკუმენტიც აჩვენა. დაზარალებულის განცხადებით, ქ. ფრანკფურტიდან დაბრუნების მიზეზის გასარკვევად მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიიღეს პასუხი, რომ მათთვისაც უცნობი იყო ამის მიზეზი (ს.ფ. 567-581).

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ საკითხის გარკვევას, ჰქონდა თუ არა ადგილი პ. თ-ის მხრიდან მოტყუებას.

უტყუარადაა დადგენილი, რომ 2003 წლის 21 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მგზავრობდნენ ქალაქების _ ფრანკფურტისა და მაიამის გავლით და არ ტოვებდნენ დარბაზს, სატრანზიტო ვიზა არ ესაჭიროებოდათ. გაირკვა ისიც, რომ გადამზიდავი კომპანია სამგზავრო ბილეთს არ გაყიდდა, თუ საჭირო იყო ვიზა და იგი პირს არ გააჩნდა.

დაზარალებულებმა პ. თ-საგან იცოდნენ, რომ იამაიკაში ტურისტად მიმავალ პირს ვიზა არ ესაჭიროებოდა. საბრალდებო დასკვნითაც კი დადგენილია, რომ დაზარალებულები ქ. ფრაკფურტიდან უკან დააბრუნეს იმის გამო, რომ ცნობილი გახდა მათი მგზავრობის ჭეშმარიტი მიზეზი და ეს არ მომხდარა ტრანზიტული ვიზების არქონის გამო. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრების მოტივი, თითქოს მსჯავრდებულმა იცოდა, რომ დაზარალებულთა მგზავრობა უშედეგო იქნებოდა და მან დაუმალა დაზარალებულებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები.

პალატა აღნიშნავს, რომ ცალკეულ გარემოებათა გამო შეთანხმების ფაქტობრივად შეუსრულებლობა არ მეტყველებს, რომ ადგილი ჰქონდა მოტყუებას. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მითითებას, რომ პ. თ-ის მოქმედება, რაც დაზარალებულებისაგან ფულის მიღებაში გამოიხატა, არ არის მართლსაწინააღმდეგო, ხოლო იმ შედეგში, რომ დაზარალებულები ქ. ფრანკფურტიდან უკან დააბრუნეს, პ. თ-ს ბრალი არ მიუძღვის.

რაც შეეხება პ. თ-ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებას, აღნიშნული უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, დაზარალებულ ბ. გ-სა და მოწმე ფ. რ-ს ჩვენებებით, ასევე _ ბ. გ-ს სახელზე გაცემული სტუდენტური ბარათით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებულ პ. თ-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორ დ. ა-ის და დაზარალებულების _ ბ. გ-ის, დ. თ-სა და მ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება უკვე გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი), მსჯავრდებულ პ. თ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.