განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 27.02.2008
საქმის ნომერი
2კ-1334აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1334აპ 27 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-ა, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ზუგდიდში, ....., _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შეკრების პრინციპის თანახმად, მ. შ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ მერი შამუგიას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ქალაქ ზუგდიდში, ...-ში მცხოვრები მ. შ-ა და ქალაქ ზუგდიდში, ...-ში მცხოვრები ნ. ბ-ა 1988 წლიდან იმყოფებოდნენ ახლო მეგობრულ ურთიერთობაში. 1996 წლის ივლისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია) ნ. ბ-მ ნათესავისათვის _ ქ. ზუგდიდში, ....-ში მცხოვრები ვ. ძ-სათვის მ. შ-სგან ისესხა 1800 აშშ დოლარი ყოველთვიურად 25%-ის გადახდის პირობით, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მოტყუებით, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ გადაუხადა მ. შ-ას სესხის ძირითადი და პროცენტის თანხა.

1996 წლის ოქტომბერში ვ. ძ-ა და მ. შ-ა შეთანხმდნენ, რომ 3 თვეში ვ. ძ-ა მ. შ-ს გადასცემდა 4000 აშშ დოლარს (ძირითად თანხას და სარგებელს). ვინაიდან ამ უკანასკნელს არ გააჩნდა საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ვერ მიიღო დროულად შეპირებული თანხა ვ. ძ-სგან, მ. შ-მ განიზრახა დაუფლებოდა ნ. ბ-ს კუთვნილ, 9460 ლარად ღირებულ, ზემოთ მითითებულ სამოთახიან საცხოვრებელ ბინას.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. შ-მ დაარწმუნა ნ. ბ-ა, რომ ოჯახის წევრებთან კონფლიქტური სიტუაციის ასარიდებლად მას სჭირდებოდა ნ. ბ-სათვის ვ. ძ-ზე გადასაცემად თანხის სესხების დამადასტურებელი ხელწერილი. მან ბოროტად ისარგებლა ნ. ბ-ს ნდობითა და მისდამი მეგობრული დამოკიდებულებით, დაიყოლია იგი და მოტყუებით 1997 წლის 28 თებერვალს გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომ, თითქოს, მისგან ნ. ბ-მ ისესხა 4000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით და გარანტად ჩაიდო ნ. ბ-ს კუთვნილი ბინა. მიაღწია რა ნ. ბ-სთან ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებას და იცოდა, რომ მას არ შეეძლო ამ თანხის დაფარვა, დასახული მიზნის მისაღწევად 1997 წლის ივნისში მ. შ-მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა არა ფულადი თანხის, არამედ _ ნ. ბ-ს კუთვნილი ბინის მისთვის მიკუთვნება. ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ბ-ს დაეკისრა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის გადახდა მ. შ-ს სასარგებლოდ, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდევინება მიქცეული იქნებოდა მის კუთვნილ ბინაზე. ამ გარემოებების თავიდან აცილების მიზნით, ნ. ბ-მ სააღსრულებო ბიუროში მ. შ-სათვის გადასაცემად შეიტანა 1700 აშშ დოლარი, რაც წინასწარ გამიზნულად არ მიიღო მ. შ-მ იმ მოტივით, რომ მას სურდა არა ფულადი თანხის, არამედ _ ნ. ბ-ს კუთვნილი ბინის მიღება ვალის საფასურში. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ეს თანხა გახარჯა ზუგდიდის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ე. ჯ-მ.

ვინაიდან მ. შ-მ წინასწარ გამიზნულად არ მიიღო ნ. ბ-ს მიერ სააღსრულებო ბიუროში შეტანილი თანხა, ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ვ. ძ-ს მიერ გადაუხდელი და სასამართლო გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდა. 2001 წლის 15 ოქტომბერს იძულებით აუქციონზე გაიყიდა 9460 ლარად შეფასებული ნ. ბ-ს კუთვნილი ბინა, რაც 6622 ლარად შეიძინა მ. შ-მ, მასვე გადაეცა შესაბამისი განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ და 2001 წლის 1 ნოემბერს ჩაიბარა ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსული თანხა _ 2288 აშშ დოლარის ოდენობით.

2003 წლის 7 აგვისტოს ნ. ბ-ა იძულებითი წესით გამოასახლეს საცხოვრებელი ბინიდან, იქ არსებული ნივთების ნაწილი ჩაჰბარდა მის ქალიშვილს _ ე. შ-ს, ხოლო ნ. ბ-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინასა და გამოსახლების შემდეგ იქ დარჩენილ სხვადასხვა დასახელების, სულ 3420 ლარის ღირებულების ნივთებს დაეუფლა მ. შ-ა, რითაც ნ. ბ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

დასახული მიზნის მიღწევისა და ნ. ბ-ს კუთვნილი ბინის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შემდეგ მ. შ-მ განიზრახა დაუფლებოდა ნ. ბ-ს მიერ სააღსრულებო ბიუროში მისთვის გადასაცემად შეტანილ 1700 აშშ დოლარს, რის მიღებაზეც ადრე კატეგორიულ უარს აცხადებდა და რაც უკანონოდ გახარჯა აღმასრულებელმა ე. ჯ-მ. ამ მიზნით იგი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, სისტემატურად უვარდებოდა საცხოვრებელ სახლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ....... ე. ჯ-ს, ემუქრებოდა ძალადობის გამოყენებით მას და მისი ოჯახის წევრებს, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ფიზიკური განადგურებით, მოითხოვდა მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მისთვის გადაცემას. ამ გზით მ. შ-მ ე. ჯ-ს გამოსძალა 1200 ლარი, შემდეგ _ 300 ლარი, აიძულა იგი, გაეყიდა მიწის ნაკვეთი და მისი გაყიდვის შემდეგ მყიდველისაგან _ გ. კ-საგან უშუალოდ მიიღო 600 ლარი, ე. ჯ-ს ძმის _ ე. ჯ-სგან მიიღო 200 ლარი.

2002 წლის 18 იანვარს ე. ჯ-ა გაასამართლა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ და მას დაეკისრა 1700 აშშ დოლარის გადახდა მ. შ-ს სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ მ. შ-ს ე. ჯ-სგან სასამართლო განაჩენის დადგომამდე მიღებული ჰქონდა გარკვეული ოდენობის თანხა, მან განიზრახა სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. ჯ-სთვის დაკისრებული თანხის მთლიანად მიღება და გააგრძელა ამ უკანასკნელისა და მისი ოჯახის წევრების იძულება თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კვლავ მუქარითა და დაშანტაჟებით სძალავდა მათ სხვადასხვა ოდენობის თანხებს _ 50-დან 100 ლარამდე.

2002 წლის 20 მაისს მ. შ-მ განცხადებით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა განაჩენის აღსრულება, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო ე. ჯ-ს კუთვნილ ქონებას _ 5530 ლარად (2513 აშშ დოლარად) შეფასებულ, ზუგდიდის რაიონის სოფელ .... მდებარე მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს, რაც 2002 წლის 20 სექტემბერს ჩატარებულ იძულებით აუქციონზე 4000 ლარად შეიძინა მ. შ-მ.

2005 წლის 3 აგვისტოს ე. ჯ-ა და მისი ოჯახის წევრები იძულებით უნდა გამოესახლებინათ საცხოვრებელი სახლიდან. ამის თავიდან ასაცილებლად მ. შ-მ მათ მოსთხოვა 2500 აშშ დოლარის გადახდა, რასაც ე. ჯ-ა და მისი მეუღლე მ. ა-ი იძულებით დასთანხმდნენ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მ. შ-ს განცხადების საფუძველზე, შეჩერდა იძულებით გამოსახლება, რის შემდეგაც მან მ. ა-საგან მიიღო 2500 აშშ დოლარი. ე. ჯ-სა და მ. ა-ის იძულებით _ მუქარითა და დაშანტაჟებით მ. შ-მ მათ გამოსძალა 2500 აშშ დოლარი და 2100 ლარი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. შ-ს დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ მ. შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ აღნიშნული განაჩენი ეყრდნობა სამოქალაქო საქმის მასალებს, აგრეთვე დაზარალებულისა და მოწმეების წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, ამასთან, საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა ცალმხრივად და ტენდენციურად _ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევით.

საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეიტანა ცვლილება, კერძოდ, მ. შ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება როგორც ზედმეტად შერაცხული, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მ. შ-ს დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. თავისი საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. შ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ მ. შ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. შ-ს ბრალდების საქმე განიხილეს ცალმხრივად, რა დროსაც მათ არამარტო მ. შ-ს ჩვენებებს არ მისცეს ჯეროვანი შეფასება და არ განიხილეს ისინი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, არამედ ყურადღების გარეშე დატოვეს საქმეში არსებული სხვა მნიშვნელოვანი მასალებიც, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლითა და მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებებსა და ბრალდების მოწმეთა იმ ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ მ. შ-მ ნამდვილად მოითხოვა დაზარალებულ ნ. ბ-სთან ვალის ანგარიშში სესხის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ არ შეფასებულა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე მათ შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მნიშვნელობა და ასევე სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შედეგები. დაზარალებული ნ. ბ-ა აღნიშნავს, რომ მას მ. შ-მ 4000 აშშ დოლარზე სესხის ხელშეკრულება დაადებინა მოტყუებით, მისი ნდობის ბოროტად გამოყენებით, იმ მოტივით, რომ, თითქოს, მას ეს ხელშეკრულება ესაჭიროებოდა იმისათვის, რათა მისი მეშვეობით აეძულებინა ვ. ძ-ა დროულად დაებრუნებინა მის სასარგებლოდ ნ. ბ-ს მიერ ნასესხები თანხა.

დაზარალებულ ნ. ბ-ს ამ განმარტებასთან ერთად სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მან და მისმა ნათესავმა ვ. ძ-მ არაერთხელ დაარღვიეს მ. შ-სათვის მიცემული პირობა ვალის დაბრუნების თაობაზე, რის გამოც ეს უკანასკნელი ზარალს განიცდიდა. რაც შეეხება იმას, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 4000 აშშ დოლარზე, მაშინ, როცა სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენდა 1300 აშშ დოლარს, უნდა აღინიშნოს, რომ ზემომითითებულ თანხაში მევალე მხარე, ე.ი. მ. შ-ა, გულისხმობდა სესხის საპროცენტო განაკვეთსაც (ყოველთვიურად 25%), რომელიც პირდაპირ არ იქნა მითითებული ხელშეკრულებაში. ამავე დროს, აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც მ. შ-მ ხსენებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხე ნ. ბ-სთვის გადასახდელად 4000 აშშ დოლარის დაკისრება, ამ უკანასკნელს არავითარი ეჭვი აღარ უნდა დარჩენოდა მ. შ-ს განზრახვაზე _ ხსენებული თანხა მისგან რეალურად ამოეღო. მიუხედავად ამისა, მ. შ-ს სარჩელის განხილვისას ნ. ბ-მ აღიარა და ცნო კრედიტორის მოთხოვნა 4000 აშშ დოლარზე იმ ვითარებაში, როდესაც ყველაფერი ნათელი იყო. მართალია, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ბ-მ თავისი მოქმედებები გამოუცდელობით ახსნა, მაგრამ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში გამოუცდელობის შედეგად არახელსაყრელი გარიგების დადება, მით უმეტეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მისი შედეგების სასამართლოში ნებაყოფლობითი აღიარების შემდეგ, ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, თუკი საამისოდ არ მოიპოვება სხვა, უფრო რეალური საფუძველი სარწმუნო მტკიცებულებების სახით. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. შ-ს სარჩელი და რომლითაც ის ნ. ბ-სგან ითხოვდა 4000 აშშ დოლარს, მოპასუხე ნ. ბ-ს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია.

უნდა აღინიშნოს ასევე მ. შ-ს ვალის დასაფარავად ნ. ბ-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის აუქციონზე გაყიდვისა და მ. შ-ს მიერ მისი შეძენის თაობაზე. აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ აუქციონის ჩატარება და მ. შ-ს მიერ აუქციონზე გატანილი ბინის შეძენა, ხოლო შემდეგ აღნიშნული ბინიდან ნ. ბ-ს გამოსახლება მოხდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესების დაცვით, რაც განხორციელდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ცნობილია კანონიერად საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის გამოც ამ ნაწილში მსჯელობა მ. შ-ს მიერ თაღლითობის გზით ნ. ბ-ს კუთვნილი ბინის დაუფლების შესახებ საფუძველს მოკლებულია.

გარდა ამისა, მ. შ-ს მსჯავრი დაედო აგრეთვე იძულების წესით ნ. ბ-ს ბინიდან გამოსახლების შემდეგ აღნიშნულ ბინაში დარჩენილი ნ. ბ-ს კუთვნილი ნივთების, რომელთა საერთო ღირებულება განაჩენის მიხედვით შეადგენს 3420 ლარს, თაღლითობით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამ შემთხვევაში თაღლითობაზე მსჯელობა საერთოდ შეუძლებელია ქმედების სუბიექტური მხარის თვალსაზრისით, რადგან ხსენებულ ნივთებთან მიმართებით მ. შ-ს მხრივ მოტყუების ხერხის გამოყენებასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, ნივთებთან დაკავშირებით მ. შ-ს ნ. ბ-ა შეცდომაში არ შეუყვანია და ამ გზით ნივთების გამოტყუება მათი დაუფლების მიზნით არ მომხდარა.

არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია შემდეგ საკითხებზე: დაზარალებულ ნ. ბ-ს მიერ მითითებული ნივთები რეალურად არსებობდა თუ არა სადავო ბინაში და რა გარემოებებით დასტურდება ეს; აღნიშნული ნივთები შეტანილი აქვს თუ არა სააღსრულებო სამსახურს ნ. ბ-ს ბინიდან გამოსახლებისას გაკეთებულ აღწერაში; თუკი რაიმე ნივთები დარჩა ბინაში, ოფიციალურად ჩაჰბარდა თუ არა ისინი შესანახად მ. შ-ს; ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მათ დაცვაზე. მხოლოდ ამ საკითხების გარკვევისა და ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ დადგენის შემთხვევაში შეიძლება გადაწყდეს ზემოხსენებულ ნივთებთან მიმართებით მ. შ-ს მხრივ ჩადენილია თუ არა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება და კონკრეტულად _ რა ქმედება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაირკვეს მ. შ-ს მსჯავრდების საფუძვლიანობა გამოძალვის ნაწილშიც, რომლის მიხედვით, მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით. მას ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა გამოძალვა ჯგუფურად და არაერთგზის დაზარალებულ მ. ამ-ს მიმართ, რაც განაჩენით არ არის სარწმუნოდ დადგენილი, ხოლო აღნიშნული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენებებს. საქმე ეხება დაზარალებულ მ. ა-ს მეუღლის, ე. ჯ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 18 იანვარს გამოტანილი განაჩენით მ. შ-ს სასარგებლოდ 1700 ლარის გადასახდელად დაკისრებას. აღნიშნული თანხა ე. ჯ-ს, როგორც სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, გადასცა ნ. ბ-მ კრედიტორ მ. შ-სთვის გადასაცემად, რომელიც ე. ჯ-მ უკანონოდ მიითვისა.

დაზარალებული მ. ა-ი თავის ჩვენებებში აღნიშნავს, რომ მ. შ-ა მითითებულ თანხას მისი ოჯახისგან ითხოვდა ჯერ კიდევ 2001 წლის გაზაფხულზე, როცა ე. -ს მიმართ სასამართლოს განაჩენი არ იყო გამოტანილი, რა დროსაც, მ. ა-ს განმარტებით, მ. შ-ა მათ ოჯახში უვარდებოდა, უწყობდა სკანდალებს, ყვიროდა და აწიოკებდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ეს მოქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლში მოცემული გამოძალვის შემადგენლობით გათვალისწინებული არ არის და არც იმაზე უმსჯელია სასამართლოს, ხსენებული მოქმედებები წარმოადგენდა თუ არა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სხვა ქმედებას.

აღნიშნულთან ერთად დაზარალებული მ. ა-ი თავის ჩვენებებში მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მისი მეუღლის _ ე. ჯ-ს მსჯავრდებისა და მ. შ-ს სასარგებლოდ 1700 ლარის გადასახდელად დაკისრების შემდეგ, რაც მსჯავრდებულს არ გაუსაჩივრებია, მ. შ-ა სისტემატურად მიდიოდა მათთან სხვა პირებთან ერთად და, ითხოვდა რა მათგან სასამართლოს განაჩენით მიკუთვნებული თანხის გადახდას, ემუქრებოდა მას და მისი ოჯახის სხვა წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი თანხას არ გადაუხდიდნენ, რის გამოც იძულებული იყო, მიეცა მისთვის გარკვეული ოდენობის თანხები. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ უფრო დეტალურად არ დაკითხა დაზარალებული მ. ა-ი მის მიერ დასახელებულ ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო ფაქტების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც მათ არაადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაცია აქვთ მიცემული, როდესაც ისინი შეაფასა როგორც გამოძალვა.

როგორც თვით დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენებით დგინდება, ე. ჯ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ მ. შ-ა მათგან უკვე ითხოვდა განაჩენით მისთვის მიკუთვნებულ თანხას, რასაც იგი ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გზით, მაგრამ ეს ქმედებები, აღნიშნული მომენტის გამო, არ შეიძლება შეფასდეს როგორც გამოძალვა, თუმცა, შესაძლოა, მათში იკვეთებოდეს სხვაგვარი ქმედების ნიშნები, რაც სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო.

საკასაციო პალატის აზრით, სრულიად უსაფუძვლოა განაჩენით მ. შ-ს მიმართ შერაცხული ბრალდება იმ ნაწილში, რომლის მიხედვით, მის მიერ აუქციონზე შეძენილი, წინათ მსჯავრდებულ ე. ჯ-ს კუთვნილი სახლიდან უნდა გამოესახლებინათ ე. ჯ-ა და მისი ოჯახის წევრები. გამოსახლების სანაცვლოდ მ. შ-მ მათ მოსთხოვა 2500 აშშ დოლარის გადახდა. ე. ჯ-ა და მისი მეუღლე მ. ა-ი მას დასთანხმდნენ იძულებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რის შედეგადაც მ. შ-მ, მათგან მიიღო რა 2500 აშშ დოლარი, თავისი განცხადებით შეაჩერა აღნიშნული სახლიდან მათი გამოსახლება. მოცემულ შემთხვევაში ე. ჯ-ს, მ. ა-სა და მათი ოჯახის სხვა წევრების გამოსახლება დადგენილი იყო კანონის შესაბამისად, ამიტომ მათ ჰქონდათ ალტერნატივა, არ დასთანხმებოდნენ მ. შ-ას წინადადებას და დაეცალათ სახლი, ანდა მიემართათ სასამართლოსათვის გამოსახლების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე. ასეთ ვითარებაში მ. შ-ს ქმედება იძულებად ან გამოძალვად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან მისი ქმედება არ შეიცავს იძულების ან გამოძალვის კანონით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გარეშეც დანაშაული არ არსებობს.

აღნიშნული გარემოებები იმაზე მიუთითებენ, რომ მ. შ-ს ბრალდების საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, არ დაიცვა რა ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმებით დადგენილი არსებითი მოთხოვნები, ამით დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე მსჯავრდებულ მ. შ-ს კანონიერი ინტერესების საზიანოდ და რაც განაჩენის გაუქმების საფუძველია.

საკასაციო პალატის დასკვნით, ზემოთ განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენი მ. შ-ს მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ხელახლა განხილვისას საქმეზე უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური სასამართლო გამოძიება, რომლის მეშვეობით უნდა გაირკვეს და სარწმუნოდ დადგინდეს მ. შ-ს ბრალდებასთან დაკავშირებული ყველა არსებითი და მნიშვნელოვანი საკითხი, ხოლო მისი ბრალეულობის თაობაზე სასამართლოს დასკვნები უნდა ჩამოყალიბდეს არა ზოგადი მსჯელობებისა და ვარაუდების სახით, არამედ კონკრეტული ბრალდების შესაბამისი და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული მტკიცების სახით, კერძოდ: კონკრეტულად რაში გამოიხატა მ. შ-ს თაღლითური ქმედება, თუკი ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, და რა კონკრეტული მონაცემებით დასტურდება იგი, რა დროსაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აუცილებლად უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული დაზარალებულ ნ. ბ-სა და მ. შ-ს შორის სამოქალაქო დავების თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ზუგდიდის რაიონული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია; მ. შ-მ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა ნ. ბ-სგან მიიღო სასამართლოს მეშვეობით _ სასარჩელო წარმოების გზით, რა დროსაც ნ. ბ-მ ცნო სარჩელის მოთხოვნა, ხოლო სასამართლო გამოძიებით უნდა გაირკვეს, ნ. ბ-ს მიერ სასარჩელო მოთხოვნის აღიარება ხომ არ მომხდარა მასზე უკანონო ზემოქმედებით _ მუქარით ან იძულების სხვა უკანონო საშუალებების გამოყენებით; რატომ არ გაასაჩივრა ნ. ბ-მ სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი მას უსაფუძვლოდ მიაჩნდა მ. შ-ს სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა; რა ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება ბინიდან გამოსახლების შემდეგ აღნიშნულ ბინაში ნამდვილად დარჩა თუ არა ის ნივთები, რომლებზეც ნ. ბ-ა მიუთითებს, არის თუ არა ასეთი ნივთები შეტანილი სააღსრულებო სამსახურის მუშაკთა მიერ შედგენილ ნივთების აღწერილობაში და სადავო ნივთები ჩაჰბარდა თუ არა ხელწერილით მ. შ-ს შესანახად, ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ნივთების დაცვაზე და რა საფუძვლით; თუკი სარწმუნოდ დადგინდა, რომ ნ. ბ-ს მიერ მითითებული ნივთები ნამდვილად დარჩა ბინაში მ. შ-ს პასუხისმგებლობის ქვეშ, უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატება მ. შ-ს ბრალეულობა ამ ნივთებთან მიმართებით; რეალურად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეიცავს დაზარალებულ მ. ა-სა და მისი ოჯახის მიმართ მ. შ-ს მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული ქმედებები და რა სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ ქმედებებს.

მითითებული საკითხების დასადგენად და გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო საშუალება, უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი სასამართლო გამოძიება, ხოლო სარწმუნოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე გამოტანილ იქნეს კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი მ. შ-ს ბრალელუობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. შ-ს დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენი მ. შ-ს მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.