ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 03.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1502აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1502 აპ. ქ. თბილისი

3 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 მარტის განაჩენით ბ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ბ. ო-ს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 11 (თერთმეტი) წელი, 3 (სამი) თვე და 4 (ოთხი) დღე და საბოლოოდ ბ. ო-ს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლისა და 4 (ოთხი) დღის ვადით.

მსჯავრდებულ ბ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 26 მარტიდან.

გ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მოერე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა და საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. ც-ს სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 26 ივნისიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების _ გ. ც-სა და ბ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 5 ივნისს ბ. ო-მა, გ. ც-მ და ძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ რომელიმე ტაქსის მძღოლს და გაეტაცებინათ მისი კუთვნილი ავტომანქანა. დანაშაულის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს ბ. ო-ი და გ. ც-ა თბილისში, მეტრო „რუსთველთან“ ჩაუსხდნენ მოქალაქე ჯ. ბ-ს მისივე კუთვნილ „მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომანქანაში, სახ. ¹......... და სთხოვეს მძღოლს მიეყვანა ისინი თბილისში, მე-3 მასივში, აბაშვილის ქუჩაზე არსებულ ყოფილ სამხედრო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ მისვლისას, გ. ც-მ, რომელიც იჯდა მძღოლის გვერდით სავარძელში, ჯ. ბ-ს მიადო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. მან, ბ. ო-თან ერთად, ჯ. ბ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მათ ძალით გადაიყვანეს დაზარალებული ავტომანქანიდან და შეიყვანეს მიტოვებული საწყობის შენობაში, სადაც ამ უკანასკნელს ხელ-ფეხი გაუკრეს თოკით და კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საწყობში შეყვანის შემდეგ დაუდგენელმა პირმა მისი ავტომანქანა დაძრა შემთხვევის ადგილიდან. ბ. ო-ი და გ. ც-ა დაზარალებულთან იმყოფებოდნენ ერთი საათის განმავლობაში. ამ პერიოდში გ. ც-მ დაუმიზნებლად ერთხელ ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯ.ბ-ს შესაშინებლად. ასევე გ. ც-ა ტელეფონით დაუკავშირდა დაუდგენელ პირს და ეკითხებოდა, თუ რას აკეთებდა ამდენ ხანს, რადგან უკვე გასული იყო ერთი საათი, რის შემდეგაც ბ. ო-მა და გ. ც-მ მიატოვეს დაზარალებული გათოკილ მდგომარეობაში და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. 9 000 ლარად ღირებულ ავტომანქანასთან ერთად, ბ. ო-მა, გ. ც-მ და მათმა თანამონაწილე პირმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ჯ. ბ-ს კუთვნილი, 120 ლარად ღირებული ტყაპუჭ-ქურქი, რითაც დაზარალებულ ჯ. ბ-ს მიაყენეს 9 120 (ცხრაათას ასოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 2006 წლის 30 ივნისს თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენაში ამხილეს და დააკავეს ბ. ო-ი.

2006 წლის 20 ივნისს გ. ც-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის კუთვნილ ნივთებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, იმყოფებოდა რა თბილისში, მე-3 მასივის, მე-9 კვარტლის მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეამჩნია მოქალაქე ნ. ზ-ძე, რომელსაც ყელზე ეკეთა 10 გრამიანი ოქროს ყელსაბამი, ყვავილის ფორმის კულონით, ღირებული 600 (ექვსასი) ლარად, მიუახლოვდა ამ უკანასკნელს და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებსი მიზნით, აშკარად ჩამოგლიჯა და დაეუფლა ნ. ზ-ს კუთვნილ ოქროს ყელსაბამს თავისი კულონით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით გ. ც-მ დაზარალებულ ზ-ს მიაყენა 600 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე 2006 წლის 22 ივნისს განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის კუთვნილ ნივთებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, იმყოფებოდა რა თბილისში, ჯავახეთის ქუჩა, „ბ“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეამჩნია მოქალაქე მ. ხ-ძე, რომელსაც ყელზე ეკეთა 9, 9 გრამიანი 585 სინჯის ოქროს ყელსაბამი, 5 გრამიანი ოქროს კულონი, ბრილიანტის თვლებით, ღირებული 1 100 (ათას ასი) ლარად, მიუახლოვდა ამ უკანასკნელს და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად ჩამოგლიჯა და დაეუფლა მ. ხ-ს კუთვნილ ოქროს ყელსაბამს, თავისი კულონით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით გ. ცომაიამ დაზარალებულ მ. ხ-ს მიაყენა 1 100 (ათას ასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე 2006 წლის 23 ივნისს განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის კუთვნილ ნივთებს. დანაშაულის განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, იმყოფებოდა რა თბილისში, ბაზრობა „ვარკეთილი 96“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეამჩნია ¹212 სამარშრუტო ტაქსში მჯდომი მოქალაქე ი. ჩ-ი, რომელსაც ყელზე ეკეთა 12 გრამიანი ყელსაბამი 583 სინჯის ოქროსი, ღირებული 600 ლარად, და ოქროს 4 გრამიანი კულონი ჯვრის ფორმის, ღირებული 100 ლარად, მიუახლოვდა მას, ხელი შეყო საქარე მინის ჩარჩოში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად ჩამოგლიჯა და დაეუფლა ი. ჩ-ს კუთვნილ ოქროს ყელსაბამს, თავისი კულონით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით გ. ც-მ დაზარალებულ ი. ჩ-ს მიაყენა 700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განაჩენით ზემომითითებული განაჩენი მსჯავრდებულების – გ. ც-სა და ბ. ო-ს მიმართ დარჩა უცველელად.

მსჯავრდებულ გ. ც-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჭ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენი ემყარება დაზარალებულ ჯ ბ-ს ცრუ ჩვენებებს, რომლებიც სასამართლოს არ უნდა გაეზიარა და გამამტყუნებელი განაჩენი მათზე დაყრდნობით არ უნდა დაედგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით გ. ც-ზე შერაცხული ბრალდება სრულადაა დადასტურებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულების – ჯ. ბ-ს, ნ. ზ-ს, ი. ჩ-ს, მ. ხ-ს, მოწმე ს. მ-ს ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მთელი რიგი მტკიცებულებებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, გ. ც-მ ჩაიდინა Yყაჩაღობა, ჯგუფურად, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, მანვე ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, მანვე ჩაიდინა ძარცვა არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პალატა თვლის, რომ ზემომითითებულ გარემოებათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მსჯავრდებულ გ. ც-ს ქმედებებს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალდებები უტყუარადაა დადასტურებული. ამდენად, განაჩენის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების – გ. ც-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას ან განაჩენში ცვლილების შეტანას.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ბ. ო-ს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი კანონიერია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ მსჯავრდებულ გ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 9 თვე - უნდა გაუნახევრდეს და საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, მას მოსახდელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

ამასთან, ბ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით - უნდა გაუნახევრდეს და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 4 თვითა და 15 დღით, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 3 თვე და 4 დღე და საბოლოოდ ბ. ო-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 18 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 9 თვე - გაუნახევრდეს და საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, მას მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით - გაუნახევრდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 4 თვითა და 15 დღით, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 3 თვე და 4 დღე და საბოლოოდ ბ. ო-ს საქართველოს მოსახდელად განესაზღვროს 18 (თვრამეტი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 19 (ცხრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.