განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 12.03.2009
საქმის ნომერი
2კ-911აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

911აპ 12 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ზ. მ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ოქროყანის დასახლების თ-ის ქუჩის ¹..-ში, ამჟამად პატიმარი, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის II ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის IV ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ზ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 12 წელი, 6 თვე, 10 დღე და ზ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 26 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2005 წლის 15 მაისიდან 2005 წლის 19 მაისის ჩათვლით – სულ 5 დღე.

განაჩენით ზ. მ-ს მსჯავრი დაედო ძარცვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 26 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 21.30 საათზე, არასრულწლოვანი ზ. მ. იმყოფებოდა ქ. თბილისში, ო-ის დასახლებაში, თ-ის ქ. ¹..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც გადაწყვიტა, აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა სხვისი მოძრავი ნივთი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისარგებლა რა იმით, რომ თავისი მეზობელი, /..... ქ. ¹..-ში მცხოვრები ქ. დ-ძე გადასული იყო ავტომანქანიდან ჭიშკრის გასაღებად, მანქანიდან გაიტაცა მისი კუთვნილი ხელჩანთა, რომელშიც ეწყო „პოლაროიდის“ ფირმის ფოტოაპარატი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და თანხა _ 72 ლარის ოდენობით, ასევე _ მობილური ტელეფონი „სამსუნგი ა-800“ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ზ. მ-მა ქ. დ-ძეს მიაყენა 1072 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატმა ნ. გ-მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის უკანონო განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის მოხდის ვადის ათვლის ნაწილში, კერძოდ:

ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 6 ივლისიდან.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატმა ნ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და ზ. მ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ. მ-ის მიმართ შერაცხული მსჯავრდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთადერთ მტკიცებულებას _ დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს.

დაზარალებულმა ქ. დ-მ წ/გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ 2005 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 22 საათზე, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად (გოგონა _ 8 წლის, ბიჭი _ 4 წლის), საკუთარი ა/მანქანით მივიდა სახლში და გადმოვიდა ა/მანქანიდან ჭიშკრის გასაღებად. იყო ბურუსი და კოკისპირულად წვიმდა. ამ დროს მისი მანქანიდან ზ. მ-მა გაიტაცა ხელჩანთა, რომელშიც ეწყო „პოლაროიდის“ ფირმის ფოტოაპარატი, დოკუმენტები, ფული და მობილური ტელეფონი. დაზარალებული ამ ჩვენებაში მიუთითებდა, რომ მან თავად იცნო ზ. მ. როდესაც ბავშვების ყვირილზე იგი გამოვარდა, ზ. გაიქცა, ხელში ეჭირა მისი ტყავის ჩანთა და მიიმალა ქუჩის ქვემოთ. მისმა შვილმა _ 8 წლის ა. ღ-მა დაუდასტურა, რომ ჩანთა გაიტაცა მათმა მეზობელმა ზ. მ-მა. ზ. მ-ის სახლიდან გამოსულმა მისმა დამ _ ფ. მ-მა ტყუილი თქვა, რომ მძარცველი გაიქცა ზემოთ. სინამდვილეში დაზარალებულმა გარკვევით დაინახა, რომ იგი ქუჩის ქვემოთ გაიქცა.

მეორე დილით დაზარალებულის მეუღლემ იპოვა მათ ეზოში გადაყრილი ქ. დ-ის საბუთები.

მოგვიანებით დაზარალებულმა ჩვენება შეცვალა და აღნიშნა, რომ მძარცველი _ ზ. მ. რომელსაც ხელში მისი ჩანთა ეჭირა და იცნო აღნაგობით, გაიქცა და შევარდა მ-ის ეზოში, რის შემდეგაც გაიგონა მათი ჭიშკრის ხმაც. დაპირისპირების დროს მიცემულ ჩვენებაში კი აღნიშნა, რომ ვერ გაარჩია, თუ რა ეჭირა ხელში გაქცევის დროს ზ. მ-ს. ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, იგი უნდა ყოფილიყო მისი ჩანთა და მობილური.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა განსხვავებული ჩვენება მისცა და აღნიშნა, რომ მას თავად არ უცვნია მსჯავრდებული, ზ. მ. იცნეს მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა. მას უშუალოდ ჩანთის აღების მომენტში ზ-ს სახე არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ ის, რომ პირი, რომელმაც მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცა ა/მანქანიდან მისი კუთვნილი ჩანთა და ნივთები, შევარდა ზ. მ-ის ეზოში. მისივე ჩვენებით, იყო ცუდი ამინდი, ცუდი ხილვადობა, ბნელოდა და შვილებმა მანქანის კარის გაღებისას ანთებული შუქის ფონზე იცნეს ზ. მ. რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა, სახე კი დაფარული ჰქონდა აწეული პულოვერით.

თავად ზ. მ-ის მიერ წ/გამოძიებაში მიცემული ჩვენებით კი იგი 2005 წლის 26 აპრილს თავის მეგობარ ა. მ-ს წაჰყვა თბილისში. თავისუფლების მოედანზე შეხვდნენ ა-ს მეგობარ გოგონას _ ა-ს და სამივენი წავიდნენ ზ-ს მამიდაშვილ ბ. მ-თან, ლ-ის ქუჩის ¹..-ში, საიდანაც წავიდნენ აღმაშენებლის გამზირზე _ სახინკლეში. დაახლოებით 20 საათზე გამოვიდნენ სახინკლედან. ზ. მ. წაჰყვა თავის მამიდაშვილს სახლში, ლ-ის ქუჩაზე. ტელეკომპანია „იმედის“ არხზე უყურეს სერიალ „ცხელ ძაღლს“ და იმის გამო, რომ უკვე გვიანი იყო და სამარშრუტო ტაქსები ოქროყანისკენ აღარ მოძრაობდნენ, დარჩა მამიდაშვილთან.

ზ. მ. წ/გამოძიებაში არ აღიარებდა ამ დანაშაულის ჩადენას, ხოლო შემდეგ მან მისცა აღიარებითი ჩვენება.

საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, ,,ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას».

არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ზ. მ-ის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტს. ერთადერთი მტკიცება იყო დაზარალებულის ჩვენება, რომელიც სასამართლო განხილვის დროს შეიცვალა და დაზარალებულმა არსებითად განსხვავებული, ვარაუდებზე დაყრდნობილი ჩვენება მისცა, კერძოდ, მან განმარტა, რომ ზ. მ. რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა, იცნეს მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა და დაადასტურა, რომ პირი, რომელმაც ჩაიდინა ძარცვა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და გაიტაცა მისი ნივთები, იყო ზ. მ-ი.

პალატის აზრით, საქმე განხილულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. დაზარალებულ ქ. დ-ის მიერ წ/გამოძიებაში და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები ნაკლებსარწმუნოა, არც სხვა მტკიცებულებებითაა გამყარებული და შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლოს საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად».

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, პირადი ჩხრეკის, დაპირისპირების ოქმების და საქმის სხვა მასალებიდან უტყუარად არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებანი.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო იმავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, «ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.»

საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

ამდენად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

ზ. მ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ზ. მ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის III ნაწილის ,,ა», 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ზ. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.