განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 31.03.2009
საქმის ნომერი
2კ-968აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

968აპ-08 ქ. თბილისი

31 მარტი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განაჩენით ვ. ა. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა; ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ვ. ა. ცხოვრობს მასთან ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მ. თ-თან კასპის რაიონის სოფელ ქ-ში. 2007 წლის 26 აგვისტოს ვ. ა. მ. თ-თან ერთად დაესწრო თანასოფლელ ნ. კ-ის დაკრძალვას, რის შემდეგაც მ. თ. დაბრუნდა სახლში, სადაც იმყოფებოდნენ დედა _ მ. ქ. და ძმისშვილები _ ე. და თ. კ-ები.

დაახლოებით 21 საათზე ნასვამი ვ. ა. დაბრუნდა სახლში და ადრე განაწყენებულმა დაუწყო ლანძღვა-გინება მ. თ-სა და მ. ქ-ს ე. და თ. კ-ების თანდასწრებით. შემდეგ განაწყენებულმა, შურისძიების მოტივით, მათი მოკვლის განზრახვით, სახლში შეიტანა ნავთობპროდუქტი მათარით, მოასხა იმ ოთახის იატაკს, სადაც იმყოფებოდნენ ზემოაღნიშნული პირები, წაუკიდა ცეცხლი და მიიმალა.

ვ. ა-ის ამ ქმედებით მ. თ-მა მიიღო მარცხენა ფეხის ტერფის 1-ლი თითის, ხოლო თ. კ-მა _ მარცხენა წვივის მიდამოში 1-ლი ხარისხის დამწვრობა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

ვ. ა-მ ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან დაზარალებულებმა შეძლეს გვერდით მდებარე სათავსი ოთახის ფანჯრიდან ეზოში გასვლა, მეზობლების დახმარებით კი _ ხანძრის ჩაქრობა. ხანძრის შედეგად მ. თ-სა და მ. ქ-ს მიადგათ 2-2 ათასი ლარის, ე. კ-ს _ 350 ლარის, ხოლო თ. კ-ს _ 300 ლარის ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ვ. ა-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით მიესაჯა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; „ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვ. ა-ს გაუნახევრდა სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 31 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. გ-მა. მან ითხოვა ვ. ა-ის გამართლება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გადაკვალიფიცირება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და „ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონით სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: ვ. ა-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა; მას სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კასატორი _ მსჯავრდებულ ვ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და უსამართლოა, გამოტანილია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ. ა-ის საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიება მიმდინარეობდა არაობიექტურად; საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა რეალური ერთობლიობა, რომელიც გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი; სასამართლო ვ. ა-ის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლით მსჯავრდებისას დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სასამართლო სამედიცინო დასკვნებს, რაც არ არის საკმარისი; ვ. ა-ს არ ჰქონდა დაზარალებულების მკვლელობის მიზეზი ან მოტივი. დაზარალებულმა მ. თ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გაზვიადებულია და დაწერილია „ცხელ გულზე»; მან ასევე დაადასტურა, რომ ვ. ა-ს არ უცდია მისი და სხვა დაზარალებულების მკვლელობა. მოწმეებმა _ ბ. და ნ. ო-ებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ცეცხლი, რომელიც მათ ჩააქრეს, სიცოცხლისათვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენდა. ვ. ა. ხასიათდება დადებითად, როგორც კეთილშობილი ადამიანი. საქმეში არსებულ ექსპერტიზათა დასკვნებით, დაზარალებულებზე მეტი დაზიანება მიღებული აქვს თვითონ მსჯავრდებულს, რომელმაც მიიღო მე-2-3 ხარისხის დამწვრობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. გ. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ვ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

არაერთი დაზარალებულის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებით ირკვევა, რომ ვ. ა. შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედებდა, იგი ხედავდა, რომ ოთახში, სადაც ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. თ. კ-ს ცეცხლის ალი ფეხებზე მოედო, ხოლო ე. კ-ის ჩვენებით, ოთახიდან გასვლას ვერ შეძლებდნენ და ცეცხლმოდებული ოთახი ფანჯრიდან დატოვეს. საგულისხმოა, რომ ცეცხლის წაკიდებისთანავე ვ. ა. გაიქცა, რაც ნათლად მეტყველებს მის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების შეგნებაზე. რაც შეეხება დაზარალებულ მ. თ-ს, მან სასამართლოში განმარტა, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება ობიექტურია და რეალობას ასახავს.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. თ-სა და მ. ქ-ის მიერ სამოქალაქო სარჩელის გამო წარმოება შეწყვიტა მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის გამო, თუმცა გასაჩივრებული განაჩენით აღნიშნულ დაზარალებულებს, სსსკ-ის მე-40 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, დარჩათ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის უფლება, რაც უნდა გასწორდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელზე უარს მოსდევს სარჩელის გამო წარმოების შეწყვეტა, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს ართმევს უფლებას, განმეორებით წარუდგინოს სარჩელი იმავე პირს და იმავე საფუძვლით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

გარდა აღნიშნულისა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ვ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: მ. თ-სა და მ. ქ-ის სამოქალაქო სარჩელის გამო შეწყდეს წარმოება სარჩელზე უარის გამო.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.