შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1147აპ. 8 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ა. გ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მარტის განაჩენით ა. გ-ძე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ ა. გ-ძეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. გ.-ძეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. იგი სასაჯელს იხდის 2007 წლის 6 აგვისტოდან.
განაჩენით მას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით ა. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, შეეცვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
ა. გ-ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. 2007 წლის 6 აგვისტოს ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ....... ქუჩის ¹119-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ა. გ-ძე, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ა. გ-ძის მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა თეთრ ქაღალდში გახვეული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება. 2007 წლის 6 აგვისტოს ქიმიური ექპერტიზის ¹... დასკვნის თანახმად, ა. გ-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, თეთრ ქაღალდში გახვეული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელშიც „ჰეროინის“ წონა შეადგენს 0, 0278 გრამს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. გ-ძემ.
აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, რადგან უსაფუძვლოდ მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის წარდგენა, ვინაიდან 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 6 თვე სასამართლომ დაუმატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს. აპელანტი ასევე ითხოვს შეფარდებული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ამორიცხვა და დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. გ-ძის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულებით მსჯავრდებული ა. გ-ძე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ა. გ-ძის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ,,ე» ქვეპუნქტებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულების საფუძველზე ა. გ-ძის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ,,ე» ქვეპუნქტებით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.