შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 04.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1182აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1182აპ.-08 თბილისი

4 მარტი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ბ. კ-სა და დ. ხ.-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით ბ. კ, _ დაბადებული .. .. .. წლის .. მარტს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და დ. ხ, _ დაბადებული .. .. .. წლის .. იანვარს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 3 დეკემბერს ბ. კ. და დ. ხ. დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს, ფარულად დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იმავე დღეს, დაახლოებით 24 საათზე, ბ. კ. და დ. ხ. ერთად მივიდნენ დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩის მე-8 კორპუსის 46-ე ბინაში მცხოვრებ ლ. ფ-ს კუთვნილ „ვაზ-2107» მარკის ავტომანქანასთან. მისვლისთანავე, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ბ. კ-მ გახსნა ძრავას სარქველი, დ. ხ. კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 100 ლარად ღირებულ აკუმულატორს. ბ. კ-მ დააზიანა მანქანის წინა, მარცხენა კარის საკეტის გული.

გატაცებულ ნივთთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას დ. ხ. და ბ. კ. დააკავეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, რომლებიც მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე.

ბ. კ-მ და დ. ხ-მ თავიანთი ქმედებით დაზარალებულ ლ. ფ-ს მიაყენეს 120 ლარის მატერიალური ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის მსჯავრდებულების განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ხ-ს ადვოკატმა ს. ჯ-მ, ასევე _ მსჯავრდებულმა ბ. კ-მ და მისმა ადვოკატმა ო. მ-მ. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ბ. კ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია, დ. ხ-ს მიერ მანქანის აკუმულატორის ქურდობის შესახებ გაიგო პოლიციის განყოფილებაში, რის გამოც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

მსჯავრდებული დ. ხ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში ს. ჯ-სთან ერთად იცავდა ადვოკატი ა. კ, რომელსაც არ ეცნობა სხდომის დღე, ამიტომ მსჯავრდებული, ფაქტობრივად, დარჩა დაცვის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ხ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ბ. კ-სა და დ. ხ-ს მიმართ და შეამოწმა მათი საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ ბ. კ-სა და დ. ხ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებულები _ ბ. კ. და დ. ხ. შეწყალებულ იქნენ და გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბ. კ-სა და დ. ხ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე ბ. კ-სა და დ. ხ-ს მიმართ, მათი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.