განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1365აპ-08 ქ. თბილისი
28 აპრილი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
სხდომის მდივან _ ო. დუმბაძის,პროკურორ _ გ. შ-ს,ადვოკატ _ ნ. ა-ს,მსჯავრდებულ _ კ. პ-ს,დაზარალებულ _ მ. კ-ს,თარჯიმან _ იანა ციცქიშვილის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. პ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განაჩენით:
1. კ. პ-ი, _ დაბადებული .... წლის .. ქ. ოზურგეთში, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 4 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. ო. კ-ი, _ დაბადებული .... წლის .. ქ. ოზურგეთში, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ. პ-სა და ო. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 26 ივნისიდან.
ამავე განაჩენით ს. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ს. ანტანოსიანს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო _ 8 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 მარტიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის აპრილის დასაწყისში კ. პ-ა ქ. ოზურგეთში გაიცნო ო. კ-თან სტუმრად მყოფი მ. კ-ი. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ ტელეფონითაც. კ. პ-მა არაერთხელ შესთავაზა მ. კ-ს ცოლად გაყოლა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. კ. პ-ი მიხვდა, რომ ქორწინება ურთიერთშეთანხმებით არ მოხდებოდა და გადაწყვიტა მ. კ-ს მოტაცება. 2007 წლის 22 აპრილს კ. პ-ი, ო. კ-ი, ს. ა-ი და დაუდგენელი პირი, შეთანხმებისამებრ, ჩავიდნენ ქ. ქობულეთში. ს. ა-მა და ო. კ-მა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს მ. კ-ი. მათ გაისეირნეს და ისადილეს, რის შემდეგ კ. პ-მა და მისმა თანამზრახველებმა მ. კ-ი მოტყუებით ჩასვეს ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლება და სახლში მიყვანის ნაცვლად წაიყვანეს ქ. ოზურგეთის მიმართულებით. როდესაც ავტომანქანა დიდი სიჩქარით ამოძრავდა, მ. კ-ი მიხვდა, რომ სახლში არ მიჰყავდათ, დაიწყო ტირილი, ყვირილი და მოითხოვა ავტომანქანის გაჩერება. დაზარალებულმა კ. პ-სა და მისი თანაზრახველებისაგან მიიღო კატეგორიული უარი და მ. კ-ი, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მიიყვანეს კ. პ-ს ბინაში, ქ. ოზურგეთში. დაახლოებით 10 წუთში, კ. პ-მა მ. კ-ნი მიიყვანა ნათესავის _ ვ. გ-ს სახლში, სადაც დაახლოებით 1 საათში შეიტყო, რომ ეძებდნენ დაზარალებულის მშობლები და პოლიციელები. ამის გამო კ. პ-მა მ. კ-ი მიიყვანა ოზურგეთის რაიონის სოფელ ....ი ნათესავის _ ჯ. კ-ის სახლში, სადაც 23 აპრილს, დაახლოებით 3 საათზე მ. კ-ს ძალით გახადა ტანსაცმელი, თვითონაც გაიხადა და ცდილობდა მ. კა-თან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაც ვერ შეძლო დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულთა ადვოკატებმა _ ნ. -ძემ და გ. ღ-ძემ. მათ მოითხოვეს საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას შესაძლოა ზიანი მიეყენებინა მსჯავრდებულისა და დაზარალებულისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ს. ა-ს შორის. ამ უკანასკნელს დანიშნული სასჯელიდან _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 4 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობის 2008 წლის 24 სექტემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კ. პ-სა და ო. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული კ. პ-ი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გაასამართლეს უმოწყალოდ, რადგან დაზარალებული ამჟამად მისი კანონიერი მეუღლეა და მის სახლში იმყოფება.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ა-ძემ მოითხოვა კ. პ-ს მიმართ საქმის შეწყვეტა სსკ-ის 137-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მსჯავრდებულს ეს დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო 143-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ადვოკატმა მოითხოვა საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ დაზარალებული კ. პ-ს მეუღლეა და შეიცვალა ვითარება.
დაზარალებულმა მ. კ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა კ. პ-ის გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მისი მეუღლეა. ამასთან, მან განაცხადა, რომ სსკ-ის 137-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში კ. პ-მა გამოიყენა ძალადობა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. შ-მ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში კ. პ-სა და ო. კ-ს ბრალდების საქმის განხილვისას არ იქნა დაცული საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც გაურკვეველი დარჩა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციასა და მათი პასუხისმგებლობის ზომაზე. დაზარალებული მ. კ-ი თავის ჩვენებებში აღნიშნავს, რომ კ. პ-ი ცდილობდა, მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო პალატამ არ გაარკვია, კ. პ-ს მხრივ რა ხასიათისა იყო დაზარალებულის მიმართ გამოყენებული იძულება _ ეს იყო ფიზიკური ძალადობა თუ ძალადობის მუქარა; უწევდა თუ არა მას რეალურ წინააღმდეგობას დაზარალებული, რა ინტენსივობის იყო ეს წინააღმდეგობა და იყო თუ არა იგი საკმარისი ფაქტორი კ. პ-ს შესაჩერებლად; არსებობდა თუ არა სხვა ობიექტური გარემოებები, რომელთაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ კ. პ-სათვის თავის განზრახვის ბოლომდე მიყვანაში; ხომ არ ჰქონდა ადგილი კ.პ-ს მხრივ მისივე ნებით გაუპატიურების მცდელობის შეწყვეტას, ე.ი. გაუპატიურებაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას.
გარდა ამისა, დაზარალებული მ. კ-ი ორივე ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა, რომ კ. პ-ი მისი მეუღლეა და ითხოვდა პატიმრობიდან მის გათავისუფლებას. საქმეში არსებობს მათი ქორწინების მოწმობის ასლი. კ. პ-ს დამცველები სააპელაციო საჩივარშიც აღნიშნავდნენ, რომ ისინი კანონიერი ცოლ-ქმარი არიან და არსებული ვითარება ზიანს აყენებს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს.
აღნიშნულ გარემოებებს სააპელაციო პალატამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მათზე არ იმსჯელა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს კ. პ-ა და ო. კ-ს მიმართ მათ მიერ მ. კ-სათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის განსაზღვრის თვალსაზრისით, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ კ. პ-სა და ო. კ-ს საქმის განხილვისას დაუშვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის ,,ა» ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენის თვალსაზრისით, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე კ. პ-სა და ო. კ-ს მიმართ ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რადგან უტყუარად არ დადგენილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, რამდენად რეალურია დაზარალებულის მიერ აღწერილი ვითარება, კამო პოზოვის მხრივ ჰქონდა თუ არა ადგილი გაუპატიურებაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას, ამასთან უნდა გაირკვეს, მიზანშეწონილია თუ არა კ. პ-სა და ო. კ-სათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მათ მიერ დაზარალებულ მ. კა-ს მიმართ რეალურად ჩადენილი ქმედების გამო.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განაჩენი კ. პ-სა და ო. კ-ს მიმართ, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.