შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 25.05.2009
საქმის ნომერი
2კ-1439აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1439აპ-08 ქ. თბილისი

25 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, გ. ჩ-ს ბრალი ედებოდა იმაში, რომ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთი, ასევე _ არაერთგზის დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც გაასაღა და გამოიყენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს «........» დამფუძნებელმა და დირექტორმა გ. ჩ-მ 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,..........» შესანახად ჩაიბარა 120 ტონა ბიტუმი. საქონელი იმყოფებოდა გ. ჩ-ის მართლზომიერ მფლობელობაში მხოლოდ შენახვის უფლებით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, ესარგებლა ვითარებით და დაუფლებოდა მას. ამისათვის იმავე წლის 7 დეკემბერს გ. ჩ-ემ 120 ტონა ბიტუმი უკანონოდ გაასხვისა შპს «......», რითიც მიითვისა 101 365 ლარის ღირებულების სხვისი ნივთი.

გ. ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული 120 ტონა ბიტუმის რეალიზაციის მიზნით განიზრახა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, გასაღება და გამოყენება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, საგადასახადო ინსპექციიდან გამოტანილ, 2006 წლის 25 დეკემბერს გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოსდა საგზაო ბიტუმი ეკუთვნოდა შპს „....» და 86 ტონა მითითებული საქონელი მიაწოდა შპს «......“, რითიც ამ უკანასკნელმა დამატებითი ღირებულების გადასახადში მიიღო 11 987 ლარის ოდენობის უკანონო ჩათვლა; მანვე არაერთგზის, საგადასახადო ინსპექციიდან გამოტანილ, 2006 წლის 25 დეკემბერს გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოსდა საგზაო ბიტუმი ეკუთვნოდა შპს „....» და 28,2 ტონა მითითებული საქონელი მიაწოდა შპს „.......ს», რითიც ამ უკანასკნელმა დამატებითი ღირებულების გადასახადში მიიღო 4 341 ლარის ოდენობის უკანონო ჩათვლა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა წარადგინა ბრალდების ახალი ფორმულირება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 16 თებერვლიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „...“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გ. ჩ-ემ 2006 წლის სექტემბერში, შპს „......“ დადებული შეთანხმების თანახმად, იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მისთვის რამდენიმე ვაგონი ბიტუმი და აღნიშნული საზოგადოებისაგან მიიღო შეთანხმებული საქონლის ღირებულების ნახევარი _ 60 ათასი ლარი. ვინაიდან გ. ჩ-ეს შეექმნა პრობლემები შპს „......“, რომელსაც ვერ აწვდიდა შეთანხმებულ საქონელს, თანხის ნაწილი კი წინასწარ ჰქონდა გამორთმეული, გადაწყვიტა შპს „......“ მიერ ირანიდან სარეალიზაციოდ შემოტანილი ბიტუმის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება მოტყუებით. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული მოჩვენებითი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „......“ შესანახად ჩაიბარა 120 ტონა ბიტუმი და დაეუფლა აღნიშნულ საქონელს – მიისაკუთრა 101 365 ლარის ღირებულების დიდი ოდენობით სხვისი ნივთი. 2006 წლის 7 დეკემბერს, შპს „.....“ კუთვნილი 120 ტონა ბიტუმი, ნაცვლად შენახვისა გ. ჩ-მ უკანონოდ გაასხვისა შპს „......“ და „......“.

მანვე, შპს „.....“ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული 120 ტონა ბიტუმის რეალიზაციის მიზნით განიზრახა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, გასაღება, გამოყენება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, საგადასახადო ინსპექციიდან გამოტანილ, 2006 წლის 25 დეკემბერს გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოსდა საგზაო ბიტუმი ეკუთვნოდა შპს „..... “ და 86 ტონა ბიტუმი მიაწოდა შპს „.....“, რითიც ამ უკანასკნელმა დამატებითი ღირებულების გადასახადში მიიღო 11 987 ლარის ოდენობის უკანონო ჩათვლა; გ. ჩ-ემ არაერთგზის, საგადასახადო ინსპექციიდან გამოტანილ, 2006 წლის 25 დეკემბერს გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოსდა ბიტუმი ეკუთვნოდა შპს „..... “Mდა 28,2 ტონა ბიტუმი მიაწოდა შპს „.....“-ს, რითიც ამ უკანასკნელმა დამატებითი ღირებულების გადასახადში მიიღო 4 341 ლარის ოდენობის უკანონო ჩათვლა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჩ-ემ და მოითხოვა გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული გ. ჩ-ე თავის საჩივრებში მიუთითებს, რომ შპს „..... “ და ,,.........» შორის წამოჭრილი დავა არ სცილდება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას; საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით, მათ შორის _ მიბარების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ბიტუმის დასაწყობება და შპს „...... “ გადაცემა მოხდა ქ. ზუგდიდში. სხვაგვარად ვერც მოხდებოდა, რადგან ტვირთი სარკინიგზო ტრანსპორტით შემოვიდა თბილისში, საიდანაც გადამისამართდა ზუგდიდში. ამას ადასტურებს მოწმე ლ. რ-ი, ხოლო შპს ,,....» დირექტორი მიუთითებს, რომ ტვირთი მიიღო და ქ. ზუგდიდში თანხა გადაუხადა გ. ჩ-ეს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის ადგილია ქ. ზუგდიდი, რასაც ადასტურებს გენერალური პროკურორის მოადგილე თავის დადგენილებაში. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან შპს „...... “ და «........» შორის ხელშეკრულება გაფორმდა თბილისში, ამიტომ დანაშაულის ჩადენის ადგილიც თბილისია. ამდენად, დარღვეულია განსჯადობის წესები, რაც განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე ლ. რ-ი თავის ჩვენებებში დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს მომხდარს და მიუთითებს, რომ გ. ჩ-ეს არ ჰქონდა ტვირთის რეალიზაციის უფლება, მაგრამ შეიტყო, რომ მსჯავრდებულმა ბიტუმი ს. გ-ს მიჰყიდა. გ. ჩ-ე ეუბნებოდა, რომ ტვირთი არ გაუყიდია და აჩვენებდა დოკუმენტებს შპს ,,......» საწყობში ტვირთის არსებობის შესახებ. ამ დოკუმენტების თაობაზე ს. გ-მ უთხრა, რომ გაყალბებული იყო, რადგან ასეთი დოკუმენტები არ გაუფორმებიათ. შემდეგ გ. ჩ-ემ აღიარა ყოველივე და დაჰპირდა, რომ ზიანს აანაზღაურებდა, თუმცა მიიმალა. მოგვიანებით მან ლ. რ-ს უთხრა: ,,გადაგაგდე და სადაც გინდა იქ მიჩივლეო». მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მსჯავრდებულს თავიდანვე ამოძრავებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოში დაზარალებულმა დ. დ-მ და აღნიშნა, რომ, როგორც შეიტყო, ბიტუმის საფასური შპს ,,.......» გ. ჩ-ეს გადაუხადა ჯერ კიდევ სექტემბერში.

მოწმე გ. პ-ე ადასტურებს, რომ გ. ჩ-ე არც აპირებდა სხვისი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის დაბრუნებას. მოწმის განმარტებით, მსჯავრდებულისაგან იყო პასუხი: ,,კარგად იყავითო».

მოწმე ს. გ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ შეპირებული 120 ტონა ბიტუმის საფასური _ 60 ათასი ლარი გ. ჩ-ეს ჯერ კიდევ სექტემბერში ჩაურიცხა. შემდეგ დამატებით კიდევ 22 ათასი ლარი გადასცა.

ს. გ-ს აღნიშნული ჩვენებაც ადასტურებს, რომ გ. ჩ-ეს თავიდანვე ამოძრავებდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რადგან ამ ნივთის საფასური დიდი ხნით ადრე ჰქონდა მიღებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურია.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არაერთი უტყუარი მტკიცებულებულებიდან გამომდინარე, კასატორის მითითება სამოქალაქო- სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ უსაფუძვლოა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს სასამართლოს მიერ განსჯადობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან დაზარალებულ დ. დ-ს ჩვენებით, გ. ჩ-ემ საქონელი წაიღო ქ. თბილისის საკვანძო პუნქტიდან, სადაც გახდა მისი მფლობელი.

მოწმე ლ. რ-ც აღნიშნავს, რომ გ. ჩ-ეს საქონელი ფაქტობრივად გადაეცა თბილისში.

სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის ჩადენის ადგილია ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების ადგილი, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე და სააპელაციო პალატის მსჯელობა ამ ნაწილში საფუძვლიანია.

საქმის მასალებით ასევე უტყუარადაა დადასტურებული გ. ჩ-ის მიერ სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ამასთან, თვით საბრალდებო დასკვნიდან და ბრალდების ახალი ფორმულირებიდან გამომდინარე, გ. ჩ-ემ ორ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ყალბი მონაცემები შეიტანა ერთსა და იმავე დღეს _ 2006 წლის 25 დეკემბერს იმ მიზნით, რომ მოეხდინა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ბიტუმის რეალიზაცია.

ცხადია, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში სახეზეა სსკ-ის მე-14 მუხლით გათვალისწინებული, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი ერთიანი _ განგრძობადი დანაშაული, რის გამოც გ. ჩ-ს ქმედება სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მსჯავრდებულს მუხლის ამ ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ჩ-ის ქმედება სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 210-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, განახევრდეს და ამ მუხლით გ. ჩ-ეს მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და გ. ჩ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.