შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
80საზ-07 2 ივლისი, 2009 წელი
Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. დ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის განაჩენით ჯ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის (მითითებული რედაქცია) შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ჯ. დ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის განაჩენი ჯ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აპრილის განაჩენით ჯ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რასაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვით, 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ჯ. დ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით.
მსჯავრდებული ჯ დ-ე სასჯელს იხდის 2008 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გამო მსჯავრდებული ჯ. დ-ე თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ჯ. დ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ჯ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რომელიც საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ჯ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის და მისი სანქციით სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ჯ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ ნაწილში მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე, ვინაიდან მისთვის დანიშნული სასჯელი ახალი კანონის შესაბამისი მუხლის სანქციით დადგენილ ფარგლებშია განსაზღვრული.
რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აპრილის განაჩენით ჯ. დ-ის მსჯავრდებას, კერძოდ _ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) საფუძველზე, ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ აღნიშნული განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ჯ.Dდ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი, აგრეთვე მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ამ განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. დ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.