შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 20.06.2008
საქმის ნომერი
202საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.06.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹202 საზ. 20 ივნისი, 2008 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ივლისის განაჩენით გ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ხოლო მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით დ. თ. ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე, მეექვსე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, ხოლო მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

მსჯავრდებულებს – გ. ლ-სა და დ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 1999 წლის 5 მარტიდან.

განაჩენით გ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა ყაჩაღობა, განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი აქვს ყაჩაღობა ან ბანდიტიზმი, ბინაში შეღწევით, ქონების დიდი ოდენობით დაუფლების მიზნით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა, ცივი იარაღის ტარება; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის გზით.

მსჯავრდებული გ. ლ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ივლისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ლ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დადგენილია, რომ გ. ლ. სასჯელს იხდიდა ქსნის ¹... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც 1998 წლის აგვისტოს თვეში მან ჯგუფთან ერთად მოახდინა გაქცევა. მიმალვაში მყოფი გ. ლ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა დ. თ-ს. ისინი შეიარაღდნენ გადაჭრილი ორლულიანი თოფით, ლულაგადაჭრილი მცირე კალიბრიანი შაშხანითა და ვაზნებით, აგრეთვე ცივი იარაღით – დანით.

1999 წლის 25 იანვარს ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ ხ-ს ოჯახს და გაიტაცეს 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ქონება.

ისინი 1999 წლის 4 მარტს, ცივი იარაღითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, თავს დაესხნენ ა-ს ოჯახს, მაგრამ დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო მათ ვერ მოახერხეს თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანა

ამრიგად, მსჯავრდებული გ. ლ. დ. თ-სთან ერთად წინასწარ შეკავშირდა დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში მასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა გ. ლ-მა დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა ამჟამად გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და რომლითაც აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 15 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი მსჯავრდებულ გ. ლ-ს მიმართ ყაჩაღობისათვის მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ლ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება აღარ წარმოადგენს დასჯად ქმედებას.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მითითებული რედაქცია) დაკვალიფიცირებულ გ. ლ-ს ქმედებას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებისათვის, ხოლო ამ ქმედებისათვის სასჯელის ზომად ადგენდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქმედი სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას _ შესაბამისად, ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ უნდა იქნეს განხილული განაჩენით გ. ლ-ს მიმართ დანიშნული სხვა სასჯელები.

გასაჩივრებული განაჩენი გ. ლ-ს მსჯავრდების სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

მსჯავრდებულ გ. ლ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

პალატამ საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმსჯელა მსჯავრდებულ დ. თ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ, ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დ. თ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება აღარ წარმოადგენს დასჯად ქმედებას. დანარჩენ ნაწილში განაჩენი მსჯავრდებულ დ. თ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ გ. ლ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 21 ივლისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. ლ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 240-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რომლითაც საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე შთანთქმულ იქნეს გ. ლ-ს მიმართ იმავე განაჩენით დანიშნული სხვა სასჯელები.

მსჯავრდებულ გ. ლ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.

მსჯავრდებულ გ. ლ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ დ. თ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მსჯავრდებულების _ გ. ლ-სა და დ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.