შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 21.01.2009
საქმის ნომერი
109საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

109საზ ქ. თბილისი

21 იანვარი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული 2006 წლის 3 აგვისტოს პროკურორ ს. ჯ-ს, განსასჯელ გ. კ-სა და ადვოკატ ლ. ს-იას შორის.

გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2005 წლის 22 ნოემბრიდან.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული 2006 წლის 3 აგვისტოს პროკურორ ს. ჯ-ს, განსასჯელ ბ. გ-სა და ადვოკატ ლ. ს-ას შორის ცვლილებით.

ბ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსსკ-ის 6794-ე მუხლის VI ნაწილის თანახმად, რისთვისაც მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2005 წლის 29 სექტემბრიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. კ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.

მსჯავრდებული გ. კ-ა საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. კ-ას პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. კ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც ის წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ას დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ბ. გ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით ბ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ ბ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. კ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: გ. კ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე;

ბ. გ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე;

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ გ. კ-ასა და ბ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.