დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2009
საქმის ნომერი
36საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

36საზ-09 10 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მე-17 მუხლისა და 105-ე მუხლის საფუძველზე. მას ბრალი დაედო დამამძიმებელი გარემოებების გარეშე განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით ზემოაღნიშნულ განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: რ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-17 და 105-ე მუხლებიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რის საფუძველზეც რ. ხ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შემდეგ რ. ხ-მა არაერთხელ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს მისი ბრალდების საქმეში დაზარალებულ გ. ხ-ის ავადმყოფობის ისტორიისა და სამედიცინო დასკვნის გაყალბების თაობაზე, რაზეც თბილისის გლდანი_ნაძალადევის რიონული პროკურატურის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება. აღნიშნული დადგენილება რ. ხ-მა გაასაჩივრა, რომელიც თბილისის გლდანი_ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის დადგენილებით დარჩა უცვლელად.

2005 წლის 22 თებერვალს რ. ხ-მა განცხადებით მიმართა თბილისის ისანი_სამგორის რაიონულ პროკურატურას თბილისის ¹1 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგის _ კ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, ამ უკანასკნელის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადების გამო. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით 2005 წლის 25 მარტს ისანი_სამგორის რაიონული პროკურორის თანაშემწემ გამოიტანა დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც რ. ხ-მა კვლავ გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის დადგენილებით გაუქმდა პროკურორის თანაშემწის ზემოაღნიშნული დადგენილება, ხოლო სისხლის სამართლის საქმე, წინასწარი გამოძიების დაწყების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამის პროკურორს. თბილისის ისანი_სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. ყ-ის 2008 წლის 26 მაისის დადგენილებით მოცემულ საქმეზე კვლავ შეწყდა წინასწარი გამოძიება.

2008 წლის 6 აგვისტოს რ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. იგი ითხოვდა თბილისის ¹... კლინიკური საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელის, დოცენტ კ. გ-ას მიერ წინასწარი შეცნობით, სამედიცინო დასკვნის გაყალბებით, მისთვის მიყენებული მორალური ზიანის _ 200 000 ( ორასი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურებასა და სრულ რეაბილიტაციას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით რ. ხ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება რ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტი რ. ხ-ი თავისი საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAკოლეგიის 2008 წლის 25 სექტემბრის დადგენილების გაუქმებას საქართველოს სსსკ-ის 28-ე, 219-ე მუხლების საფუძველზე, მის რეაბილიტაციასა და კ. გ-ას მიერ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ამ უკანასკნელზე დაკისრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით რ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფლდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე რ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას; საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნების სამართლიან და სრული მოცულობით შემოწმებას; საჩივარზე დართული მტკიცებულებებისა და პრეიუდიციების ერთობლიობით ჩამოყალიბებული დასკვნების საფუძველზე მისი უდანაშაულობის დადგენასა და მისი უფლებების აღდგენას სრული რეაბილიტაციით; ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას, იმავე საფუძვლით მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის ან განჩინების გამოტანას; ასევე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისPP შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინების თაობაზე რ. ხ-ის მიერ შეტანილი საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება განჩინების გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 599-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.