შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
38საზ ქ. თბილისი
10 ივლისი 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. Aა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის განაჩენით ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2 წელი და 6 თვე. საბოლოოდ ი. ა-ეს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 30 იანვრიდან.
დაზარალებულ ა. Fფ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და (დამატებითი პასუხისმგებლობით მის კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად) მსჯავრდებულ ი. ა-ეს ა. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა _ 5 695 ლარის გადახდა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება:
განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიებაზე.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ი. ა-ეს მიმართ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 30 იანვრიდან.
განაჩენით ი. ა-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით.
მსჯავრდებული ი. ა-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ი. Aა-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», ,,გ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
Aაქედან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი არ შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც ის წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც ის წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
ამასთან, მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სანქციის ფარგლებშია, რის გამოც განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ი. Aა-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.