განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 15.02.2010
საქმის ნომერი
2კ-785აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.02.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

785აპ 15 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განაჩენით ნ. ლ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნ. ლ-ძე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის (2 ეპიზოდი) საფუძველზე დანიშნული სასჯელის, თითოეული ეპიზოდისათვის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით ნ. ლ-ეს დაზარალებულ ს. ლ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.

ნ. ლ-ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო: ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორ ეპიზოდად).

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ნ. ლ-ს წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა მეზობელ ს. ლ-საგან, რის გამოც 2008 წლის 9 მარტს მან განიზრახა მისი კუთვნილი ნივთის განადგურება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნ. ლ-ძე იმავე დღეს, დილის საათებში, მივიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ რ-ში მცხოვრებ ს. ლ-ს კუთვნილ სავენახე ნაკვეთში და თანნაქონი ნაჯახის გამოყენებით აჩეხა და ამ გზით გაანადგურა 128 (ას ოცდარვა) ძირი ციცქისა და ცოლიკაურის ჯიშის ვაზის ნარგავი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მანვე, იმავე მოტივით, 2008 წლის 1 აპრილს კვლავ განიზრახა ს. ლ-ის ნივთის განადგურება და მისი კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს იგი მივიდა ს. ლ-ის კუთვნილ სავენახე ნაკვეთში და თანნაქონი ნაჯახის გამოყენებით აჩეხა და ამ გზით გაანადგურა 38 ძირი ციცქისა და ცოლიკაურის ჯიშის ვაზის ნარგავი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ვაზის გაჩეხვის შემდეგ ნ. ლ-მ მოხსნა ვენახის მწკრივში გაბმული 450 მეტრი ფოლადის მავთული, რომელიც წაიღო და შეინახა ზესტაფონის რაიონის სოფელ რ-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსში, რითაც დაზარალებულ ს. ლ-ეს მიაყენა 42 ლარისა და 9 თეთრის ღირებულების ზიანი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ლ-ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მას არც სხვისი ნივთის დაზიანების განზრახვა ჰქონია და არც _ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მავთული და აღნიშნული მიწის ნაკვეთიც მისი ოჯახის საკუთრება იყო. ვენახი გაჩეხა იმიტომ, რომ უვარგისი იყო და უნდოდა მის მაგივრად სიმინდის დათესვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ლ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორი _ მსჯავრდებული ნ. ლ-ძე თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ნ. ლ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ლ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ს. ლ-ს კუთვნილი ნივთის ფარული დაუფლება და მისივე ნივთის დაზიანება. ეს აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ნ. ლ-ის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არც ს. ლ-ძე უცვნიათ სამოქალაქო მოსარჩელედ და არც ნიკოლოზ ლუტიძე _ სამოქალაქო მოპასუხედ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულ ნ. ლ-ის ს. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრებინათ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება ს. ლ-ის სამოქალაქო მოსარჩელედ და ნ. ლ-ის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება დაზარალებულ ს. ლ-ის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, დაზარალებულ ს. ლ-ეს რჩება უფლება, აღნიშნული თანხის თაობაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ ნ. ლ-ის დაზარალებულ ს. ლ-ის სასარგებლოდ 2000 (ორი ათასი) ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო ს. ლ-ეს დარჩეს უფლება, აღნიშნულ თანხაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.