საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2k-4-I-10 7 ივნისი, 2010 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ბ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით რ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე (პირველი ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე (მეორე ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, რ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2009 წლის 8 დეკემბერს მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ბ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად ბ. კ-მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მან, როგორც ადვოკატმა, მასზე დაკისრებული მოვალეობები არ შეასრულა სათანადოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველს, ადვოკატ ბ. კ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ბ. კ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში. როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, აღნიშნულ ვადაში არც ბრალდების მხარისა და არც დაცვის მხარის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველმა, ადვოკატმა ბ. კ-მა თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მან, როგორც ადვოკატმა, მასზე დაკისრებული მოვალეობები არ შეასრულა სათანადოდ, რის გამოც დაირღვა საკასაციო გასაჩივრების ვადა.
ადვოკატ ბ. კ-ისათვის ცნობილ იყო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რის გამოც, კასატორის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველს, ადვოკატ ბ. კ-ს უარი ეთქვა მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ბ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ს-ის დამცველს, ადვოკატ ბ. კ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.