დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.01.2011
საქმის ნომერი
31საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

14 იანვარი, 2011 წელი

31საზ-10 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 20 ივნისის განაჩენით გ.Bბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I, II, IV ნაწილებით და სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 28 მარტიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენით გ.Bბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 154-ე მუხლის II ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილითა და სსკ-ის 133-ე მუხლის შესაბამისად, რაზედაც სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2002 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულ გ.Bბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 20 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და აღნიშნული განაჩენი გ.Bბ-ის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილი (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედ სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენი გ.Bბ-ის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედ სსკ-ის 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან და ამ მუხლის შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულის განმარტებით, იგი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2005 წლის ივნისის თვეში, ამ დროისათვის მას საერთო სასჯელიდან მოუხდელი ჰქონდა 2 წელი, 8 თვე და 23 დღე.

2006 წლის 23 აგვისტოს გ.Bბ-ე კვლავ დააკავეს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მასვე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 8 თვე, 23 დღე და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 8 თვისა და 23 დღის ვადით.

მსჯავრდებულის განმარტებით, მას 2002 წლს 20 დეკემბრის განჩინებით არასწორად აქვს სასჯელის საბოლოო ზომა განსაზღვრული და ითხოვს გადაისინჯოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

2002 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ცვლილება შევიდა 1995 წლის 20 ივნისის განაჩენში და სასჯელის ზომად, ნაცვლად 7 წლისა, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ძველი კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებულს 1999 წლის 8 მარტის მდგომარეობით წინა განაჩენიდან მოუხდელი ჰქონდა 3 წელი, რამაც თავის მხრივ განაპირობა ის გარემოება, რომ 1999 წლის 8 მარტის განაჩენით განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (ანუ 11+3). 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, როდესაც 20 ივნისის განაჩენი ახალ კანონმდებლობასთან მოვიდა შესაბამისობაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1999 წლის მდგომარეობით მოუხდელი ექნებოდა არა 3, არამედ _ 1 წელი. აქედან გამომდინარე, 2002 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში პალატას მისი ქმედების გადაკვალიფიცირებისას და სასჯელის განსაზღვრისას უნდა ემსჯელა ზემოთ აღნიშნული მათემატიკური სიზუსტით, ვინაიდან, თუ მისი ქმედება დასჯადი იქნა 5 წლის ვადით, სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნდა გამოთვლილიყო მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიაჩნია, რომ 1999 წლის მდგომარეობით 7 წლიდან მოუხდელი სასჯელის ნაწილის გამოთვლა არასწორია, ვინაიდან 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინების შესაბამისად, 2002 წლის 20 დეკემბერს ასეთი სასჯელი მის მიმართ პრაქტიკულად აღარ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სწორად რომ მომხდარიყო მისი სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრა (ანუ ნაცვლად 3 წლისა, წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი, რომ განსაზღვრულიყო ერთი წლით), 2005 წლის ივნისის თვეში ანუ მაშინ, როცა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, მოუხდელი ნაწილი დარჩებოდა არა 2 წელი, 8 თვე და 23 დღე, არამედ _ 8 თვე და 23 დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში და მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით 1999 წლის 8 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: 1999 წლის მდგომარეობით 1995 წლიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილი განესაზღვროს 1 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად, ნაცვლად 13 წლისა, განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, გადასინჯულ იქნეს 2007 წლის 29 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენიც და დანიშნულ ძირითად სასჯელს (9 წელს) გამოაკლდეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამატებული სასჯელი _ 2 წელი, 8 თვე და 23 დღე, ვინაიდან მიაჩნია, რომ კანონის შესაბამისად, 2006 წლის 23 აგვისტოს მას პრაქტიკულად უკვე მოხდილი ჰქონდა 1999 წლის 8 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებული გ. ბ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, ხოლო ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ზემოხსენებული კი მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობასა და მსჯავრდებულ გ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.