დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.01.2011
საქმის ნომერი
32საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹32საზ-10 ქ. თბილისი

28 იანვარი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე და მეცხრე ნაწილებით, 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით, 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე მუხლით და შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და გ. გ-ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ უვადო თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და გ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან და გ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით შეეფარდა _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. გ-ს დარჩა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე და მეცხრე პუნქტებით დანიშნული სასჯელი _ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გადაისინჯა ამავე სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრისა და 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებები, რომლებიც შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან (1999 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მეორე და მეცხრე პუნქტები, შესაბამისობაში მოვიდა 109-ე მუხლის „კ“ და 19,109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტებთან და გ. გ-ს ამ ნაწილში განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ, გ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ნაწილში განაჩენი და დადგენილებები დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით და შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება და გ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, ხოლო დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში გ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მარტის განჩინებით, გ. გ-ის საჩივრის საფუძველზე გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინება. გ. გ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, მას ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „გ“ და „ზ“ პუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებთან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „კ“ პუნქტი (2005 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტთან. დანარჩენ ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, განჩინება დარჩა უცვლელად.

გ. გ-მ 2010 წლის 17 ნოემბერს მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება დაზუსტდა იმ მიმართებით, რომ განჩინების მეორე გვერდის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, გ. გ-ის საჩივრის საფუძველზე გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინება. გ. გ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, მას ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს: საკასაციო საჩივრის, მისი დასაშვებობის შემოწმების გარეშე არსებითად განხილვას; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რათა მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა)სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ)არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ)არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე)არსებობს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძვნება;

ვ)ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ)წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ზემოხსენებული კი მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაში დასაბუთებული არ არის, მის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მოტივები უსაფუძვლოა და არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებებს.

A რაც შეეხება შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.

A ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველია ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.