დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 32აგ-11 თბილისი
15 სექტემბერი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილების საფუძველზე - უვადო თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 1331 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, იმავე კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 228-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 136-ე მუხლის საფუძველზე – გამასწორებელი სამუშაოები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, გ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ე სასჯელს იხდის 1998 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი. აღნიშნული დადგენილებით გ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გადაისინჯა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი. აღნიშნული დადგენილებით გ. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, იმავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით, შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან და გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, იმავე კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. გ-ს დარჩა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე და მეცხრე პუნქტების საფუძველზე შეფარდებული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გადაისინჯა ამავე სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრისა და 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებები. აღნიშნული განაჩენი და დადგენილებები შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებთან (1999 წლის რედაქცია) და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე და მეცხრე პუნქტები – 109-ე მუხლის „კ“ და 19-109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტებთან და გ. გ-ს ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.
საბოლოოდ გ. გ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი და დადგენილებები დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და გ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 (ოცდაშვიდი) წლის ვადით.
გ. გ-ე სასჯელს იხდის 2002 წლის 16 აპრილიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება და გ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით, ხოლო დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5 (ხუთი) წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული განჩინება შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით) მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, მას ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, ამ ნაწილით დანიშნულ სასჯელთან, 2 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად;
გ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქციით), შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებთან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2011 წლის 13 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
შუამდგომლობით მსჯავრდებული გ. გ-ე, კანონში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.