განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 57I 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი
განიხილა განსასჯელ ო. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი.ბ-სა და დაზარალებულ შ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ-ს კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ო. ლ-ს მსჯავრი ედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ო. ლ-ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2003წ. 29 აგვისტოს, დაახლოებით 16 საათზე, ქ.სამტრედიაში, ...., დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა “გაზ-” მარკის, ავტომობილი, რომელსაც მართავდა მძღოლი ო. ლ-ძე. აღნიშნულ ავტომობილში ისხდნენ: ნ. მ, ი. ე- და გ. თ. მოძრაობისას “გაზ-” მარკის ავტომობილის მძღოლმა ო. ლ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების საქართველოს კანონის 28.1 და 30.1 მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, “ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება მონიშვნით ან 5.1; 5.8.7; 5.8.8 ნიშნებით, ხოლო თუ ისინი არ არის, თვით მძღოლის მიერ სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებათა გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალების გათვალისწინებით. ამასთან, შემხვედრი მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარედ ითვლება მარცხნივ განლაგებული სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმარის მანძილზე, ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის შემხვედრ და ამ ზოლზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს”, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით თავის სავალ ნაწილზე მოძრავ ა. ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფ “ვაზ-” მარკის ავტომობილს, რომლის წინა სალონში, მძღოლის გვერდით, იჯდა გ. ქ-ძე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად “ვაზ-” მარკის ავტომობილის მძღოლმა ა.ჯ-ძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მის გვერდით მჯდომი გ.ქ-ძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 აგვისტოს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ო. ლ-ს მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა სამტრედიის რაიონულ პროკურატურას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 აგვისტოს დადგენილება საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
განსასჯელ ო. ლ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების შესახებ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 10 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას იმ ცვლილებით, რომ საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად ქვემდებარეობის განსაზღვრისათვის გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურორს იმ მოტივებით, რომ საქმეზე შეკრებილი მასალებით, მოწმეთა ჩვენებებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული და ალტერნატიული ექსპერტიზებით აშკარად იკვეთება დაზარალებულად ცნობილ ა. ჯ-ძის დანაშაულებრივი ქმედება, რაც საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების საფუძველია; ამასთან, შეუძლებელია, სამტრედიის რაიონის სამართალდამცავებმა აღნიშნულ საქმეზე გამოიტანონ სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება; ასევე ითხოვს ო. ლ-ს მიმართ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აღკვეთის ღონისძიების _ დაპატიმრების _ შეცვლას შინაპატიმრობით.
დაზარალებული შ.ქ და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. შ კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალური პროკურორისთვის დაბრუნებას იმ მოტივებით, რომ საქმეზე წარმოებული მოკვლევა და გამოძიება არსებითად არასრულია და მისი შევსება სასამართლოში საქმის განხილვისას შეუძლებელია. ასევე ითხოვენ კერძო დადგენილებების გამოტანას გამომძიებელ გ.დ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოწმე რ.ძ-ს ჩვენების გაყალბებისა და სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ა.ჯ-ს ბიძის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად.
დაზარალებულ ა.ჯ-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე.შ არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს ო.ლ-ს მიმართ საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.
პროკურორი მ.ჯ არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ გააუქმა რა სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინება ო.ლ-ს მიმართ საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების შესახებ, თავის განჩინებაში მიუთითა, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისთვის დაბრუნების მოტივები არაარსებითია, ატარებს ფორმალურ ხასიათს და მათი დაზუსტება შეეძლო თავად სასამართლოს, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 აგვისტოს დადგენილებაში ო.ლ-ს მიმართ საქმის წინასწარი გამოძიებისთვის დაბრუნების საფუძვლად მითითებულია შემდეგ გარემოებებზე:
საქმეში მოთავსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სფ.19-ზე მოთავსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემა არასწორადაა შედგენილი და არ ასახავს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის რეალობას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში საერთოდ არ არის ასახული მუხრუჭის კვლის სიგრძე, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემაზე მუხრუჭის კვლის სიგრძედ აღებულია 15,5 მეტრი, რაც არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების: ა.ც-ს, მ.ძ-ს, ი.ე-სა და ო.გ-ს ჩვენებებთან, რომელთა მიხედვითაც, ავტომობილ “ვაზ-ის” მიერ შემთხვევის ადგილზე დატოვებული დამუხრუჭების კვლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 48-50 მეტრს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, საქმეზე ჩატარებული ალტერნატიული, კომპლექსური, განმეორებითი ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით ავტომობილი “ვაზ-”, რომელსაც მართავდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ა.ჯ, მოძრაობდა 95 კმ/სთ სიჩქარით და _ მეტით. ავტომობილ “ვაზ--ის” მძღოლ ა.ჯ-ს მიერ ნებადართულ სიჩქარეზე ბევრად უფრო მეტი სიჩქარის მაჩვენებელია ავტომანქანებზე შეჯახების შედეგად არსებული დაზიანებებიც.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა გაირკვეს და დადგინდეს ზემოაღნიშნული ქმედებით ა.ჯ-მ ხომ არ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი საჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს. დასახლებულ პუნქტებში კი მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, დამატებითი გამოძიების დროს უნდა მოხდეს განსასჯელ ო.ლ-ს, დაზარალებულ ა.ჯ-ძის, მოწმეების: ა.ც-ს, მ.ძ-ს, ი.ე-ს, ო.გ-ს შემთხვევის ადგილზე გაყვანა და უნდა გაირკვეს შეჯახების ადგილი, დეტალურად უნდა დაიკითხონ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირები, ასევე უნდა მოხდეს მოწმე ე.მ-ს შემთხვევის ადგილზე გაყვანა, რომელიც იძლევა სრულიად საწინააღმდეგო ჩვენებებს. აღნიშნული საკითხების გარკვევას მნიშვნელობა აქვს როგორც განსასჯელ ო.ლ-ს, ასევე დაზარალებულ ა.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სისწრაფის განსაზღვრისათვის.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულად, საპროცესო მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით და სასამართლო დადგენილებაში მითითებული საკითხების გარკვევისთვის საჭიროა საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნება.
დამატებითი გამოძიების დროს საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა მოხდეს ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად და ო.ლ-სა და ა.ჯ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე.
რაც შეეხება დაზარალებულ შ.ქ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას გამომძიებელ გ.დ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოწმე რ.ძ-ს ჩვენების გაყალბებისა და სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ა.ჯ-ს ბიძის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად კერძო დადგენილებების გამოტანის თაობაზე, საკასაციო პალატა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საკითხზე ვერ იმსჯელებს.
პალატა ამ ეტაპზე ასევე მიზანშეუწონლად თვლის ო.ლ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 563-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ოქტომბრის განჩინება და სისხლის სამართლის საქმე ო. ლ-ს მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.