განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 369-დად 24 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა ადვოკატ პ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004წ. 17 აგვისტოს ბრძანებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა მცხეთის რაიონის სოფ. ---ში მდებარე მ. ბ-ძე-ჯ-ის სახელზე რიცხულ 3000 კვ. მეტრ და 1900 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთებზე ყადაღის დადების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონულ პროკურატურაში 2002წ. 17 აპრილს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მცხეთის რაიონის სოფ. ---ის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის _ ნ. ლ-ის მიმართ. 2004წ. 5 მაისს საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურას. წინასწარ გამოძიებაში ნ. ლ-ლს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის “გ" და “დ"' პუნქტებით, 332-ე მუხლის III ნაწილის “ა" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის III ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, კერძოდ კი მას ბრალად წარედგინა შემდეგი ქმედების ჩადენა ნ. ლ-მა არ შეასრულა დიღმის საკრებულოს გამგეობისა და მიწის რეფორმის კომისიის 23-24.09.1992წ. გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიწის ფართის ზღვრულ ნორმად დადგენილი იყო 0,6 ჰა, მან თავისთავის და სხვისთვის უპირატესობის მიღების მიზნით, კომისიის წევრის _ ლ. ჯ-ის დედას გამოუყო და გაუფორმა ორი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 4900კვ.მ. მთლიანად მ. ბ-ძე-ჯ-ზე გაცემულ იქნა 3000კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნომერია 721434210 და 1900კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნომერია 721435187.
მ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ სადავო მიწის ნაკვეთები მემკვიდრეობით მიიღო უ. ჯ-მა.
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რაიონულ სასამართლოს გაეცა ბრძანება ზემოდ მითითებულ მიწის ნაკვეთებზე ყადაღის დადების შესახებ.
რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 2004წ. 17 აგვისტოს ბრძანებით ყადაღა დაადო მ. ბ-ძეEჯ-ზე გაცემულ მცხეთის რაიონის სოფ. ---ში მდებარე 3000კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია 721434210 და 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია 721435187.
უ. ჯ-ის ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი პ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ რაიონულ სასამართლოში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დაირღვა მისი და მისი მარწმუნებლის პროცესუალური უფლებები. კასატორის განმარტებით, არც მას არც მის მარწმუნებელს და არც მისი მარწმუნებლის კანონიერ წარმომადგენელს არ შეატყობინეს შუამდგომლობის განხილვის დრო და მათ დაუსწრებლად განიხილეს აღნიშნული შუამდგომლობა, რითაც მათ მოესპოთ საშუალება სრულყოფილად განეხორციელებინათ სასამართლო პროცესზე მათთვის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა.
პროკურორმა თ. ო-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობის განხილვისას დაირღვა მხარის საპროცესო უფლება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს _ პროკურორ თ. ო-ლს, ადვოკატ პ. გ-ეს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და მცხეთა- მთიანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგი გარემოების გამო: საქმის მასალებით დადგენილია და სასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარემ დაადასტურეს, რომ არც სასამართლოს და არც გამოძიების ორგანოებს არც უ. ჯ-სათვის, არც მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლისათვის არ უცნობებიათ, რომ რაიონულ სასამართლოში უ.ჯ-ის ქონების დაყადაღების თაობაზე იხილებოდა შუამდგომლობა. საქართველოს სსსკ-ის 140-ე მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად კი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად დახურულ სასამართლო სხდომაზე პროკურორისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს იმ პირს, რომლის ქონების დაყადაღებაზეც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა, მის დამცველსა და კანონიერ წარემომადგენელს.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლემ ისე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომ ამის თაობაზე საერთოდ არ შეატყობინა არც უ. ჯ-ლს, რომლის ქონებასაც დაედო ყადაღა, არც მის დამცველსა და კანონიერი წარმომადგენელს. ამით უ. ჯ-ლს მოესპო ესრგებლა იმ უფლებით, რომელსაც საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლი მას ანიჭებს, კერძოდ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება და შესაბამისად დაირღვა მისი სამართლიანი მოსმენის უფლება.
ზემოდ მითითებულიდან გამომდინარე საკასიცო პალატა თვლის, რომ სამართლიანი მოსმენის უფლების დარღვევა მხარის უფლების არსებითი დარღვევაა და სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 243-ე, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე" ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ პ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004წ. 17 აგვისტოს ბრძანება მ. -ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებზე, საიდენტიფიკაციო ნომრებით: -- და -- ყადაღის დადების შესახებ და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.