საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.06.2003
საქმის ნომერი
2კ-64კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 64-კოლ 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლ. ჟ-ს და რეაბილიტირებული პირის ა. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 3 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც შეიცვალა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 1 ოქტომბრის დადგენილება ა. ლ-ს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

1997 წ. 10 მაისს შპს “ალის” თავმჯდომარე ა. ლ. მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 19,961 მუხლით. 1997 წ. 17 მაისს ა. ლ-ს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება. წინასწარ გამოძიებაში ა. ლ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავანა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998 წ. 14 მაისის განაჩენით ა. ლ.E ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითი მსჯავრით შეეცვალა და ა. ლ. სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი გააუქმა და სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლელ დ. ჩ-ს 2001 წ. 19 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ა. ლ-ს მიმართ წარმოებით შეწყდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

ა. ლ-მ განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სრული რეაბილიტაცია და იმ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად, კერძოდ: ა. ლ-ს განცხადების თანახმად იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებზე დათესილი ჰქონდა ხორბალი. მისი დაპატიმრების გამო მოსავალი განადგურდა, რის შედეგადაც მან 145000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი მიიღო. შპს “ალის”-ის დოკუმენტაცია, ბეჭედი და შტამპი ამოღებულ იქნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, რამაც ფირმის მუშაობა შეაფერხა და მატერიალურმა ზარალმა 4 წლის განმავლობაში 24000 ამერიკული დოლარი შეადგინა. წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს ადვოკატებს გადაუხადა 1500 აშშ დოლარი. თავის წარმომადგენელ კ. ხ-სათვის გადახდილი აქვს 5000 ლარი. გამოძიებისა და სასამართლოს დროს მისი და ახლობლების მიმოსვლისთვის გაწეულმა ხარჯებმა 1500 აშშ დოლარი შეადგინა. პატიმრობაში ყოფნისას მან განიცადა მორალური ზიანი, რისთვისაც იგი მოითხოვდა 300000 აშშ დოლარს, ხოლო 4 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონო მიცემის გამო განიცადა 24000 აშშ დოლარის ზიანი. საბოლოოდ ა. ლ. მოითხოვდა მასზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 496000 აშშ დოლარის დაკისრებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 1 ოქტომბრის დადგენილებით ა. ლ. სრულად იქნა რეაბილიტირებული. მისი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას, ნაცვლად მოთხოვნილი 324000 აშშ დოლარისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანი 5000 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა. აღნიშნული თანხის ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა. ამავე დადგენილებით ა. ლ-ს უარი ეთქვა მატერიალური ზიანის _ 172000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული დადგენილება ა. ლ-მ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლ. ჟ-მ გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003 წ. 3 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილება ა. ლ-ის მიმართ შეცვალა იმ მიმართებით, რომ მას მორალური ზიანის თანხა ხუთი ათასი ლარიდან გაუზარდა შვიდი ათას ლარამდე.

კერძო საკასაციო საჩივრით ა. ლ. ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 3 აპრილის დადგენილების შეცვლას და მის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის სახით 324 ათასი აშშ დოლარის დაკისრებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლ. ჟ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლოს მიერ ა. ლ-სათვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული 7 ათასი ლარის შემცირებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ა. ლ-მ, მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ხ-მა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-მ მოითხოვეს მათი საჩივრების დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა კერძო საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპლაციო პალატის 2003 წ. 3 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. ლ-ს მიმართ 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამართალწარმოება და იგი 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში. სასამართლომ გაითვალისწინა რა ხსენებული გარემოება, სახელმწიფოს მძიმე ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, სწორად განსაზღვრა მორალური ზიანის სახით 7 ათასი ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება ა. ლ-ს მოთხოვნას მატერიალური ზიანის სახით 324 ათასი აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, სასამართლომ სწორად უთხრა უარი შესაბამისი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 3 აპრილის განჩინება ა. ლ-ს მიმართ კანონიერია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 3 აპრილის განჩინება ა. ლ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.