საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 162-დად 17 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვეენტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ადვოკატ ე. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის ¹2 განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2002წ. 21 აპრილის დადგენილება ქ. ქუთაისის შპს “ფარის" მუშაკთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისის შსს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: წლების განმავლობაში შპს “ოკეანე" თევზის რეალიზაციას აწარმოებდა მაღაზიის სათადარიგო ჭიშკრიდან, რომელიც გადის შპს “ფარის" ეზოში. აღნიშნული ტერიტორია იგულისხმება როგორც საერთო სარგებლობის, რასაც ადასტურებს 1996წ. 25 აპრილის ¹5000/198 გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ქუთაისის მიწათმოწყობის კომისიამ. 2000წ. 9 ნოემბერს, დილით, შპს “ფარის" თანამშრომლებმა “ოკეანის" ჭიშკრის გასწვრივ განალაგეს მაგიდები და დასვეს მოვაჭრეები, რამაც შეუძლებელი გახადა “ოკეანის" ჭიშკრის გაღება და თევზის რეალიზაცია. “ოკეანე" ღამით კეტავდა ჭიშკარს ბოქლომით და აღებდა დილით. 20 ნოემბერს კი მათ ჭიშკარი ბაზრის მხრიდან დახვდათ დაკეტილი, რამაც “ოკეანის" თანამშრომელთა გულისწყრომა გამოიწვია, მათ მოიყვანეს მერიის პრესცენტრის ვიდეოოპერატორი და ფირზე გადაიღეს დაკეტილი ჭიშკარი და შელაპარაკება ბაზრის თანამშრომლებთან, მეორე დილით ბაზრის თანამშრომლებმა ბოქლომი მოხსნეს, ხოლო მაგიდები დატოვეს, რაც დავის საგანი გახდა.
ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის განყოფილებას განცხადებით მიმართა შპს “ოკეანის” დირექტორმა ნ. გ-ძემ. მან ითხოვა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე შპს “ფარის” ხელმძღვანელობის მიმართ. ქუთაისის შს სამმართველომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ შპს “ფარის” მუშაკთა მხრიდან სისხლის სამართლის კანონსაწინააღმდეგო ქმედების არ არსებობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 25 ივნისის დადგენილებით უცვლელად დატოვა ქ. ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით შპს “ფარის" თანამშრომლების ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 195-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოიხატა. საქმის მასალებით ასევე არ დადასტურდა შპს “ოკეანის" შენობაში შპს “ფარის" ტერიტორიიდან შესასვლელი ჭიშკრის წინასწარი განზრახვით ჩაკეტვის ფაქტიც, რაც გამოიწვევდა კონკურენტუნარიანი საწარმოსათვის მატერიალური ზარალის მიყენებას. როგორც ჩატარებული მოკვლევით გაირკვა, თუ შპს “ოკეანე" სამუშაო საათებში დააპირებდა ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან ტვირთის შეტანას, ეს უნდა მომხდარიყო ხელის ურიკით ან ავტოკარის მეშვეობით, სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის გამოყენება ყოველგვარი მძიმე სატრანსპორტო საშუალებებით აკრძალულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უცვლელად დატოვა ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების აღნიშნული დადგენილება.
ქ. ქუთაისის შპს “ოკეანის" ინტერესების დამცველი, ადვოკატ-წარმომადგენელი ე. კ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა მოთხოვნები, კერძოდ: 242-ე მუხლის მე-4 და 265-ე მუხლის მე-4 ნაწილები. გარდა ამისა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმის წარმოებისას არ გამოუთხოვია ვიდეოფირი, რომელზეც აღბეჭდილია შპს “ფარის" დირექციისა და სხვა მუშაკთა დანაშაულებრივი ქმედებანი და ამის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენდა. კასატორის განმარტებით, შემოწმების მასალებით უტყუარად არის დადასტურებული ქ. ქუთაისის შპს “ფარის" მუშაკთა ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 360-ე (თვითნებობა) და 195-ე (მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2000წ. 20 ნოემბრიდან შპს “ფარის"' (ქ. ქუთაისის ყოფილი ცეტრალური საკოლმეურნეო ბაზრის) დირექციის უშუალო სიტყვიერი მითითებით, წინასწარი განზრახვით, უკანონოდ დაედო ბოქლომი შპს “ოკეანის" შენობიდან ამავე საკოლმეურნეო ბაზარში გასასვლელ შს “ოკეანის" კუთვნილ რკინის კარებს და ასეთი ქმედება გაგრძელდა 2001წ. 18 ივნისამდე, რის შედეგად შპს “ოკეანეს"' ობიექტურად აღეკვეთა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება და შეუძლებელი გახდა ამ ნაკვეთისა და ჭიშკრის გავლით მალფუჭებადი საქონლის (4 ტონა ახალი თევზის) ცენტრალურ სამაცივრო საწყობში შეტანა, რის გამოც შპს “ოკეანეს" მიადგა 6000 ლარის უშუალო მატერილური ზიანი.
კასატორი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ემყარება საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორ ე. კ-ძეს, პროკურორ ა. ს-შვილს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის I ნაწილით და 195-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები შპს “ფარის” თანამშრომლების ქმედებაში არ გამოიხატა, რაც დადასტურებულია შემდეგი გარემოებებით: იმ შემთხვევაში, თუ შპს “ოკეანეს” დირექცია დააპირებდა სამუშაო საათებში სასაწყობო მეურნეობაში სარეალიზაციოდ შეეტანა რაიმე საქონელი, ეს უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით, რასაც ადგილი არ ჰქონია, ხოლო რასაც გ-ძე ამტკიცებს, რომ თითქოს მან ჩამოიტანა თევზი და შეტანის საშუალება არ მისცეს შპს “ფარის” თანამშრომლებმა, ასეთი ვერ დასტურდება. ამასთან, გ-ძემ ვერ წარმოადგინა ვერავითარი საბუთი იმის შესახებ, თუ რითი, ვისგან და საიდან ჩამოიტანა აღნიშნული თევზი, არ გააჩნია სასაქონლო ზედნადები, ამასთან არ დასტურდება შპს “ოკეანეს” შენობაში შპს “ფარის” ტერიტორიიდან შესასვლელი ჭიშკრის წინასწარი განზრახვით ჩაკეტვის ფაქტიც, რაც გამოიწვევდა კონკურენტუნარიანი საწარმოსათვის მატერიალური ზარალის მიყენებას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის ნორმათა არსებითი მოთხოვნები. როგორც საქმის მასალებით ირკვევა. აღნიშნული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით 2002წ. 27 მაისს მოკვლეული მასალების გამოთხოვის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმართა ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსს, მაგრამ აღნიშნული მასალები დროულად ვერ იქნა გადმოგზავნილი, ვინაიდან ისინი იმყოფებოდა იმერეთის საოლქო პროკურატურაში, საიდანაც მოხდა მათი გამოთხოვა, რაც გახდა საჩივრის განხილვის 15-დღიანი ვადის დარღვევის მიზეზი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “Gა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ოკეანეს” ინტერესების დამცველის, ადვოკატ _ წარმომადგენელ ე. კ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსის 2002წ. 21 აპრილის დადგენილება შპს “ფარის” დირექციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე, დარჩეს უცვლელად.