საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹238აპ-12 23 ივლისი, 2012 წელი
ზ-ე გ., 238აპ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განაჩენზე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენით გ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გ. ზ-ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად. ამასთან გ. ზ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 13 იანვრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის განაჩენში აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა. კერძოდ, გაუქმდა ბრძანება, რომლითაც მოხდა ბრალდებულ გ. ზ-ს სახელით (ან სახელზე) ან მისი ოჯახის წევრების სახელზე შემოსული ან მათ მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილების და სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებების დაყადაღება, დათვალიერება და ამოღება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე