შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №345აპ-12 16 იანვარი, 2013 წელი
კ-ე დ.-345აპ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დ. კ-ე, ამჟამად პატიმარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი, ხოლო 369–ე მუხლით – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 59–ე მუხლის 11–ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, დ. კ-ეს სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2.000 ლარი
იგი სასჯელს იხდის 2012 წლის 1 მარტიდან.
განაჩენით დ. კ-ეს მსჯავრი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, ასევე სამოქალაქო საქმის მონაწილის მიერ მტკიცებულების ფალსიფიკაციაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 21 თებერვალს დ. კ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სამოქალაქო სარჩელი, რომელსაც დაურთო მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოყენების მიზნით დამზადებული, 2011 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ყალბი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თითქოს დაზარალებულ ე. ყ-ს ასესხა 1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 2975 ლარი და მოითხოვა ხელშეკრულებაში მითითებული თანხის, ასევე პირგასამტეხლოს, სულ – 4131 ლარის დაზარალებულ ე. ყ-ისთვის დაკისრება. მანვე ხელშეკრულებაზე გააყალბა ე. ყ-ის ხელმოწერა.
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. კ-ემ, რომელმაც ითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ საქმეში არ არის მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები და ფაქტობრივად არის უკანონო პატიმარი; განაჩენი ეყრდნობა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნას; საქმე განხილულია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. დ-მა წარმოდგენილი შესაგებლით, იმის გათვალისწინებით, რომ დ. კ-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია კანონმდებლობის სრული დაცვით და ემყარება გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტებმა – დ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. დ-მა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 აგვისტოს უკანონო, დაუსაბუთებელი, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისი გამართლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე. ყ-ის, მოწმე ნ. ტ-ის ჩვენებებითა და საქმის სხვა მასალებით დ. კ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნისა და სამოქალაქო საქმის მონაწილის მიერ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გარდა, დადასტურებულია.
დაზარალებულ ე. ყ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის შვილს დ. ყ-საგან ნაქირავები ჰქონდა მაღაზია. 2011 წლის 3 იანვარს იგი იყო ავად და იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა დ. კ-ე და უთხრა, რომ ხსნიდა ცეხს, რომელშიც სთავაზობდა დირექტორობას იმ პირობით, თუ მოგებას გაიყოფდნენ შუაზე. დ-მა ცეხის გახსნისათვის საჭირო საბუთები და ხელშეკრულება დადო მაგიდაზე. ე-მა უთხრა, რომ გადახედავდა ამ საბუთებს და თუ პირობები მოეწონებოდა, ამის შესახებ აცნობებდა მას. დ. კ-ემ საბუთები დატოვა და წავიდა. როდესაც საბუთები ნახა, აღმოჩნდა, რომ იპოთეკით უნდა დაეტვირთა ქ. ბათუმში, ჯ-ის ქუჩა №...-ში მდებარე თავისი ბინა №... . მან აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, გადასცა მეუღლეს და უთხრა, რომ დაეხია, მაგრამ მის მეუღლეს იგი არ დაუხევია და შეინახა. 16 თებერვალს კი სასამართლოდან მიიღო განჩინება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ბინა იყო დაყადაღებული, ვინაიდან, თითქოსდა დ. კ-ეს მისთვის მიუცია 1700 აშშ დოლარი სესხის სახით, რაზედაც გაფორმებულა ხელშეკრულება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2010 წლის 1 დეკემბერს მას სესხის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 16 თებერვალს, როდესაც სასამართლოდან მოუვიდა დოკუმენტები, რაზედაც ადვოკატის დახმარებით სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ითხოვა გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნა. როგორც შემდეგ შეიტყო, ხელნაწერების უკმარისობის გამო, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ვისი ხელმოწერა იყო ხელშეკრულებაზე, რის შემდეგაც, 26 ივლისს პროკურატურაში შეიტანა განცხადება იმავე მოთხოვნით.
თავისი ჩვენებით იმავეს აღნიშნავს დაზარალებულის მეუღლე – მოწმე ნ. ტ-ე. მისი განმარტებით, დ. კ-ეს მათთვის 1700 აშშ დოლარი სესხად არ მიუცია და არც ხელშეკრულებაზე მოუწერია მის მეუღლეს ხელი.
მსჯავრდებული დ. კ-ე აღნიშნავს, რომ კერძო პირებს შორის დადებული ხელშეკრულება არ არის ოფიციალური დოკუმენტი, თუ ის არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. 2010 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულება დ. კ-ეს და ე. ყ-ს შორის არ იყო დამოწმებული ნოტარიული წესით. ოფიციალური დოკუმენტის განმარტებას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლი, რომლის შესაბამისად: ,,ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო, აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია“. სისხლის სამართლის კერძო ნაწილის კომენტარებით კი: „ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს შრომის წიგნაკი ან დიპლომი, გაცემული როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სასწავლო დაწესებულების მიერ, რომელსაც სახელმწიფო აკრედიტაცია აქვს გავლილი, ან კიდევ ოფიციალურ დოკუმენტად შეიძლება იქცეს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კერძო (პირადი) ხასიათის დოკუმენტი– ხელწერილი, ხელშეკრულება, მინდობილობა“.
ამდენად, მსჯავრდებული დ. კ-ე მიუთითებს, რომ რადგან მას და ე. ყ-ს შორის დადებული მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული არ ყოფილა, მაშინ არც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას უნდა ჰქონოდა ადგილი.
გრაფიკული ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სესხის ხელშეკრულებაზე (ტ.2ს.ფ 18 დათ: 01.12.2010 წ) „მსესხებელ ე. ყ-ის“ გრაფაში არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ე. ყ-ის, არამედ სხვა პირის მიერ, ხოლო გრაფიკული ექსპერტიზის №... დასკვნაში კი აღნიშნულია: ,,გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა ე. ყ-ის სახელით, განლაგებული: 2010 წლის 1 დეკემბრის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე სიტყვის გასწვრივ „მსესხებელი ე. ყ-ი“ შესრულებულია თუ არა ე. ყ-ის მიერ, შეუძლებელია, ნიმუშების სიმცირის გამო“.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მ. ჯ-ემ იმის გასარკვევად, გამოსაკვლევ სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო თუ არა შესრულებული ე. ყ-ის მიერ, დოკუმენტი შეადარა ე. ყ-ის მხოლოდ ქართულ ენაზე შესრულებულ ხელმოწერის ნიმუშებს და მიუთითა, რომ გამოვლენილი თანადამთხვევები და განსხვავებები არ იყო საკმარისი დასკვნისათვის – ხელმოწერა ე. ყ-ს ეკუთვნოდა, თუ არა, რის მიზეზადაც დაასახელა შედარებითი ნიმუშების სიმცირე. ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა ე. ყ-ს ხელმოწერის ნიმუშები გადააგზავნეს შსს საპატრულო პოლიციის საექსპერტო–კრიმინალისტიკურ სამსახურში. აღნიშნული სამსახურის ექსპერტ ნ. ბ-ის მიერ გაცემული დასკვნის მეშვეობით კი დგინდება, რომ ექსპერტს შესადარებელ ნიმუშებად წარდგენილი ჰქონდა ე. ყ-ის მიერ როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები. ექსპერტმა დაადგინა, რომ კვლევის ობიექტში გამოვლენილი განმასხვავებელი ნიშნები მყარი და მნიშვნელოვანი იყო ერთობლიობაში საკმარისი დასკვნისათის, კერძოდ, გამოსაკვლევად წარდგენილი ხელმოწერა შესრულებული იყო არა ყ-ის, არამედ სხვა პირის მიერ, რაზედაც მან გასცა კატეგორიული დასკვნა, დასკვნის სისწორე კი დამაჯერებლად დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას.
დადგენილია, რომ 2011 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. კ-ემ და დაზარალებულ ე. ყ-ისაგან მოითხოვა 2010 წლის 1 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის – 1700 აშშ დოლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა მოპასუხე მხარე, ე. ყ-ი, მიუხედავად მისი მხრიდან არაერთგზის მოთხოვნისა, არ იხდიდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას. ბრალდებულმა აღნიშნული მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასარჩელო მოთხოვნას დაურთო 2010 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ყალბი სესხის ხელშეკრულება, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის მტკიცებულებას.
პალატის აზრით, თუ მოპასუხე სადავოდ არ გახდიდა ხელშეკრულების ნამდვილობას, სასარჩელო მოთხოვნის ეს მტკიცებულება გახდებოდა მოპასუხისათვის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის (პირგასამტეხლოს ჩათვლით) დაკისრების საფუძველი. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. რაც შეეხება დ. კ-ისათვის ბრალად შერაცხულ ზემოაღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და, შესაბამისად, სამოქალაქო საქმის მონაწილის მიერ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქმეში კი არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დ. კ-ე არის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამამზადებელი გამოყენების მიზნით, ასევე სამოქალაქო საქმეში – მტკიცებულებათა ფალსიფიკატორი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
დ. კ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული მითითება – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, ასევე სსკ-ის 369-ე მუხლი – სამოქალაქო საქმის მონაწილის მიერ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და იგი ბრალდების ამ ნაწილებში უნდა გამართლდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მოცულობის შემცირების გამო, მსჯავრდებულს 1 თვით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და იმავე მუხლით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის სასჯელად უნდა განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად უნდა დაეკისროს ჯარიმა – 2.000 ლარი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული დ. კ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დანიშნული სასჯელის _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.
მსჯავრდებულ დ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 2.000 ლარი –უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-18 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებული დ. კ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ( ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით) და სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებული დ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) და სასჯელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 2.000 ლარი.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დანიშნული სასჯელის _ 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.
მსჯავრდებულ დ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა – 2.000 ლარი –დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებული დ. კ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი