გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №370აპ-12 26 დეკემბერი, 2012 წელი
ს-ე ა, 370აპ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. პ-ის
ადვოკატ – გ. წ-ის
მსჯავრდებულ _ ა. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 აპრილის განაჩენით ა. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ა. ს-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის გამოყენებით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 27 ოქტომბრიდან.
განაჩენით ა. ს-ს მსჯავრი დაედო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება), ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, გადაცემა ან სხვა მოქმედება), მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და მასზე საკუთრების უფლების დამალვა-შენიღბვაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 8 ივნისს ა. ს-მ დააფუძნა შპს „....“. 2010 წლის იანვარში მან კომპანიის თანადამფუძნებლად 50%–იანი წილით შეიყვანა თავისი ბიძაშვილი ე. ს-ე, თუმცა ფირმის დირექტორი იყო თვითონ და ერთპიროვნულად უძღვებოდა მის საქმიანობას. ა. ს-მ, იყო რა შპს ,,....“–ის დირექტორი, შპს–ს სახელით მონაწილეობდა მესამე პირებთან ურთიერთობაში და წარმოადგენდა ორგანიზაციის ანგარიშვალდებულ პირს, განიზრახა, უკანონოდ დაუფლებოდა შპს „....“–ის სალაროში არსებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს და მათთვის მიეცა კანონიერი სახე. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან 2010 წელს შპს ,,....“–ის სალაროდან ხელზე გაიტანა 454 889 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში ბუღალტერიაში თანხის ხარჯვის დოკუმენტები წარადგინა 313 091 ლარზე, 10723 ლარი ნაღდი ფული კი უკან დააბრუნა საბანკო ანგარიშზე. ა. ს-მ 2011 წლის 5 იანვრის მდგომარეობით დარჩენილი 147 771 ლარი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა მიღებული, გახარჯა პირადი მიზნების შესაბამისად, რის შემდეგაც აღნიშნული თანხისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, შპს „....“–ის ბუღალტერიაში აჩვენა, რომ ეს თანხა მას, როგორც ანგარიშვალდებულ პირს, ერიცხებოდა გატანილად.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა.ს-მ. მან აღნიშნა, რომ განაჩენში არ არის აღნიშნული, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებით დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი; ასევე არ დასტურდება, რომ მან შემოსავალი დანაშაულებრივი გზით მიიღო, შემდეგ მოახდინა მისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დამალვა და შენიღბვა; აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მის სახელზე აღრიცხულმა საწარმომ შემოსავალი მიიღო სამეწარმეო საქმიანობიდან, რაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, შესაბამისად, მიღებული შემოსავალიც არ არის უკანონო; ასევე გასათვალისწინებელია, რომ მისი ქმედებით ზიანი არავის განუცდია; სადავო თანხა – 147 071 ლარი რეალურად წარმოადგენს საწარმოს მოგებას, ვინაიდან სამუშაო, რომლისთვისაც ეს თანხა მოხვდა საწარმოს ანგარიშზე, შესრულებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მის ქმედებაში არ არის სსკ–ის 194–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ამდენად, აპელანტი ითხოვდა უკანონო დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.
სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ს-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. მან აღნიშნა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად: ,,უკანონო შემოსავალია პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, რომლებიც პირმა მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროებში დანაშაულების ჩადენისა)“. ამდენად, მას შემოსავალი უნდა მიეღო დანაშაულის ჩადენის გზით და მერე მოეხდინა ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, რაც მას არ ჩაუდენია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებულად არავინ არ არის ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და ასევე არასწორად გამოიყენა კანონი. გასაჩივრებულ განაჩენში დაფიქსირებულია, რომ: „დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად ითვლება უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, გადაცემა ან სხვა ქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით...“ მაგრამ სასამართლომ არც განმარტა და არც დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ა. ს-ის მიერ უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ქმედებები არ გასცილებია კანონით დაწესებულ ჩარჩოებს, რადგან იგი არის შპს ,,....“–ის არა მხოლოდ დირექტორი, არამედ 2010 წლის იანვრის თვემდე ამ იურიდიული პირის ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორი და თუკი ამ საწარმოს წმინდა მოგების სახით რაიმე შემოსავალი დარჩებოდა, ეს მატერიალური აქტივი იქნებოდა მხოლოდ მისი საკუთრება და მას ერთადერთი ვალდებულება ექნებოდა – სახელმწიფოსთვის დივიდენდის სახით გადაეხადა მიღებული თანხების 5 პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
შპს „....“–ის საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ერთადერთი წყარო იყო სახელმწიფო ბიუჯეტი. მაშასადამე, ამ თანხების არაკანონიერ წარმომავლობაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. შესაბამისად, ვერც ბრალდების მხარე და ვერც სასამართლო ვერ საუბრობენ ფულის გათეთრებაზე და ვერ ასახელებენ ამ დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელ, არაკანონიერი წარმომავლობის თანხებს და დანაშაულის მეორე სუბიექტს.
ამდენად, კასატორმა ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორმა კ. ნ-მ შესაგებლით ითხოვა დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარზე პროკურორის შესაგებლის გაუქმების შესახებ 2012 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორ კ. ნ-ის შესაგებელი ა. ს-ის ბრალდების სისხლის სამართლის №.... საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. პ-მა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ა.ს-ს ქმედებაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 33–ე მუხლის მე–6 ნაწილის, 105–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებისა და 250–ე მუხლის საფუძველზე, პროკურორმა უარი თქვა ა. ს-ს ბრალდებაზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით, მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებული ა. ს-ე გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ა. ს-სთვის შერაცხული ბრალდება არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ნ. ჩ-ს მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წლიდან იგი მუშაობს შპს „....“–ის ბუღალტრად. ამ შპს-ს დამფუძნებელი იყო ა. ს-ე. მის მოვალეობაში შედიოდა აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო ინსპექციაში დეკლარაციის წარდგენა, სახელფასო უწყისების შედგენა. მოწმემ აღნიშნა, რომ: ,,ფირმას ანგარიშები ჰქონდა გახსნილი სხვადასხვა ბანკში, საიდანაც ფირმის დირექტორს შეეძლო თანხის გატანა, რის შემდეგაც ეს თანხა მიჰქონდა მასთან და იგი აფიქსირებდა, თუ რა მიმდინარე ხარჯებისათვის გამოიყენებოდა ეს თანხა. საქონლის შეძენის დადასტურება ხდებოდა შესაბამისი დოკუმენტებით, კერძოდ, ზედნადებებით, ჩეკებით, რაც ბუღალტერიაში მიჰქონდა. ფირმის ძირითადი დამკვეთი სახელმწიფო იყო. საგადასახადო კოდექსის თანახმად, მაგალითად, 2011 წლის უკანასკნელი ვადა არის მომდევნო წლის, ანუ 2012 წლის 2 აპრილი. მეწარმეს შეუძლია მოახდინოს თანხების კორექტირება, 2 აპრილამდე არსებული უზუსტობა გადაცდომად არ ითვლება, – კორექტირების შეტანა მეწარმის უფლებაა და დარღვევად არ ითვლება, ... 147,771 ლარი მომდევნო წლის 2 აპრილამდე რომ ეჩვენებინა მოგებად და მოგების გადასახადი რომ ყოფილიყო გადახდილი, ა. ს-ის მხრიდან საგადასახადო გადაცდომას ადგილი არ ექნებოდა“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „....“ დაფუძნდა 2006 წლის 8 ივნისს, მისი დამფუძნებელი იყო ა. ს-ე. იგი იყო კომპანიის დირექტორი, ორგანიზაციის ანგარიშვალდებული პირი, რომელიც კომპანიის სახელით მონაწილეობდა მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2010 წლის განმავალობაში ა. ს-მ შპს „....“–ს სალაროდან ხელზე გაიტანა 454 889 ლარი, საიდანაც წლის განმავლობაში ბუღალტერიაში 313 091 ლარზე წარადგინა თანხის ხარჯვითი დოკუმენტები, ხოლო 10 723 ლარი, ნაღდი ფული, დააბრუნა უკან – კომპანიის საბანკო ანგარიშზე. 2011 წლის 5 იანვრის მდგომარეობით დარჩენილი 147 771 ლარი კომპანიის ბუღალტერიაში აჩვენა, რომ მას, როგორც ანგარიშვალდებულ პირს, გატანილად ერიცხებოდა.
ა. ს-ის ჩვენებით, 2009 და 2010 წლებში მონაწილეობდა ქ. ... მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და ქ. .... ტერიტორიაზე უზრუნველყოფდა სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებით მომსახურებას; საცხოვრებელი სახლების კორდის მოწყობას; შენობა–ნაგებობების სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ა.შ.
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის დეფინიციიდან ჩანს, რომ: ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ეს არის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება), მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა-შენიღბვა“. თავად უკანონო შემოსავალი არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრები, რომელიც პირმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიიღო.
საქმის მასალებით არ დასტურდება ა. ს-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ასევე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მან შემოსავალი დანაშაულებრივი გზით მიიღო და მხოლოდ შემდეგ მოახდინა მისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დამალვა და შენიღბვა, რადგან საწარმო შემოსავალს იღებდა კანონიერი სამეწარმეო საქმიანობიდან. შპს „.....“–ს საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ძირითადი წყარო იყო სახელმწიფო და, შესაბამისად, მიღებული შემოსავალიც იყო კანონიერი. აქედან გამომდინარე კი ა. ს-ის მიერ კომპანიის კუთვნილი, კანონიერი თანხების განკარგვა ვერ შეფასდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად და მის უკანონო განზრახვად, მიესაკუთრებინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრები. ამდენად, პალატის აზრით, საუბარი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაზე, ასევე დამდგარ ზიანზე და მით უფრო – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაზე – უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.
არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ა. ს-ის მიერ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. იგი არ არის გამყარებული მტკიცებულებათა ერთობლიობით და საქმეში არსებული მტკიცებულებები, შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქმეში კი არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა. ს-მ ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით: ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნები, არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შპს „....“–ის დირექტორი ა. ს-ე შეეცადა, რაიმე სახით შეენიღბა საწარმოს სალაროდან აღებული თანხები, დაემალა მათი წარმოშობის წყარო ან მოეპოვებინა მათზე საკუთრების უფლება.
რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 33–ე მუხლის მე–6 ნაწილის, 105–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებისა და 250–ე მუხლის საფუძველზე პროკურორის მოთხოვნას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით ა. ს-ის ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
მართალია, საქართველოს სსსკ-ის 166-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ იმავე კოდექსის 250-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, დასკვნითი სიტყვის წარდგენამდე, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე, რაზეც სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი პროკურორმა ბრალდებაზე უარი თქვა საკასაციო პალატის სხდომაზე, რასაც საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
ამ შემთხვევაში საქმეზე არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ან შეცვლა, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საპროცესო კოდექსის თანახმად, შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, პროკურორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საპროცესო კანონმდებლობის ნორმებს და პალატა მას ვერ გაიზიარებს.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც ა. ს-ე უნდა გამართლდეს მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი.
ა. ს-ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ა. ს-ე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენი.
ა. ს-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ა. ს-ე გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი
ხარვეზის განჩინება
საქმე ¹370აპ-12 26 დეკემბერი, 2012 წ.
ს-ე ა, 370აპ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 26 დეკემბერს მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 აპრილის განაჩენით ა. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ა. ს-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის გამოყენებით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 27 ოქტომბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 seqtembris განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2012 წლის 26 დეკემბერს მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ბოლოს და სარეზოლუციო ნაწილში გამოტოვებულია მითითება ა. ს-თვის ზიანის ანაზღაურების უფლების განმარტების თაობაზე.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განაჩენში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბერს მსჯავრდებულ ა. ს-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ბოლო აბზაცად და სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს შემდეგი წინადადება: ,,ა. ს-ეს განემარტოს უფლება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ”.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი